Skip to content

ბორენამ გადაწყვიტა, აღარ იდარდოს შვილს რომ წითელი პომადა უსვია და შიფონის მოკლე კაბით დადის. აღარ იფიქრებს, რას იტყვიან სხვები და თუ შვილი არ ისწავლის, ამასაც შეეგუება.
მაგდანამ ბორენას საკაბე აჩვენა, დაკეცილი და ხელუხლები. ეს დედაშენმა მაჩუქაო, ასე თქვა მაგდანამ და საკაბე გაშალა. ხომ ლამაზიაო, იკითხა და იქვე დასძინა: მისთვის ცუდი რომ ვყოფილიყავი არაფერს მაჩუქებდაო. ბორენამ ათვალიერა ნაჭერი, დასუნა კიდეც, მაგრამ ვერ იგრძნო დედის სუნი. მერე მაგდანა გოგრის შეწვას შეუდგა და სანამ შენი და ჩამოგაკითხავს, ჩხატურას წყალში გაისველეო ფეხები.
ბორენა არ გაამხელს, რომ ჩხატურაში ფეხები ურია. თუ ყელი ასტკივდა, უბრალოდ მოითმენს. არ გაამხელს ბებოს დასთან, არც მამასთან. ბორენას მშვიდობა უნდა. განა არ ახსოვს, როგორ ტიროდა დედა და როგორ ეჩხუბებოდა დაიკო ნინოს? ნინოს მოსწონდა მოკლე კაბა და არაფერს უთმობდა სკოლის დირექტორს. ნინო მეთერთმეტე კლასში იყო, ბიჭსაც ხვდებოდა მალულად, გაკვეთილებსაც აცდენდა და არც მაინცდამაინც ბეჯითობდა სწავლაში. მეზობლებიც არ აკლებდნენ ჭორაობას. დედა დარდობდა და აღარც ეძინა. უნდა გავათხოვოო, თქვა დედამ.
შვილი შემოვიდა სამზარეულოში: დე, მე აღარ დავუკრავ, მომბეზრდაო. ბორენამ თავი დაუქნია. რა უნდა დააძალო, თვითონ მიხვდება და თუ ინანებს, ვეცდები არ მეტკინოსო. ბორენამ აკოცა შვილს, რომელიც პაწია იყო და თავაწეული. ბორენამ ეთერი დაარქვა, დედის სახელი. თავნებაა და ყრანტალა, ბორენას დაიკოსავით. ბიჭს ხვდება, მაგრამ მალულად არა. ბორენა მიეჩვია სიმართლის მოსმენას და შვილსაც არ ეშინია გაენდოს დედას.
ჭორიკანა მეზობლები მოცლილად იყვნენ. აბა იმისი ქმარი ამასთან დაძვრებაო და ამის შვილი კიდევ იმისას ჰყვარობსო. ბორენას დედას თავისტკივილები დასჩემდა, ძალიან წვალობდა. ექიმთან წადიო, ეუბნებოდა ძმისშვილი. დედას არ ეცალა, ქმარზე და შვილზე დარდობდა. ნინოს გათხოვებისთვის ზრუნავდა. ნასწავლს უნდა გავაყოლოო, ქალაქელს. ქმარსაც ჩასჩიჩინებდა, პატრონს ჩავაბაროთო. რომ გათხოვდება დაივიწყებსო თავის ავ ჩვევებს. ვიღაც უნიათოს ხვდებაო, უსწავლელსა და უსუსურს. მოვკვდებიო იმას რომ გაჰყვეს. ქმარი დაპირდა ეთერას, ვიშოვიო საქმროს ნინოსთვის.
ბორენას და ნინოს მამა უნდომლად შლეგი იყო. კოლმეურნეობის თავმჯდომარე გალახა – ხალხსა სჩაგრავსო. ბევრჯერ უთხრეს თავი დაანებე, შენ ხომ არ გეხებაო, მაგრამ არა და არა. შიოლას ცეტს ეძახდნენ და ამიტომაც მოსწონდათ. წითური იყო და მეტისმეტად მიმზიდველი. შიოლა ეთერას ენდობოდა, რაღაცნაირად ეყურებოდა მისი სიტყვა, ხანდახან მაინც. ფიქრობდა, ჩემი ცოლი ბრძენი ქალია და მოყვარულიო. ისე, მაინც კი დადიოდა მეზობლის ცოლებთან საალერსოდ.

I
ბორენამ გადმოცემით იცოდა, როგორი ქორწილი გადაუხადეს ნინოს და როგორი მზითვით დახუნძლეს, სიძეს როგორი პატივი სცეს და ნინოს როგორ არ უნდოდა გათხოვება.
ბორენას ბიძაშვილი უყვებოდა: ტიროდა ნინოო, გულამოსკვნით, ხმით და ვერ ვაწყნარებდითო. მერე ასე ვიფიქრე – ალბათ, პატარძალი ყველა ასე ტირისო. დრო რომ გავიდა კი მივხვდი ყველაფერსო. ნინოს არაფრის დიდებით არ უვარდებოდა გული თავის საქმროზე და მასთან ყოფნას ისევ დირექტორი ნაომას ლანძღვის მოსმენა ერჩივნაო.
ბორენას ნინო გაახსენდა და დაიდარდა. ნეტავ, ახლა როგორ არის ამ ქარიან დღესო. ნინო ტკბილეულს ყიდდა გარეთ, სიცივეში. ქმარი არ ჰყავდა და ბორენას ებრალებოდა. ბორენას დარდი გულძმარვასავით იყო, ყელში გრძნობდა უსიამო სიმჟავეს, მერე მარჯვენა ფერდი სტკივდებოდა და ცრემლებს ღვრიდა თავისი დაიას უბედობის გამო.
სიძე არ გამოდგა, მაგრამ სანამ ეთერა შეეგუებოდა ამას, ნინოს შვილი გაუჩნდა, მია. ძალიან ბუთხუზა გოგონა იყო, ბევრი თმით თავზე და ყურებზე, შავტუხა. ეთერამ კიდევ ერთხელ მისთვის დაიწყო ბედნიერობა და თავს დასტრიალებდა მიაკოს. სიძე ბევრს სვამდა, გვიან ბრუნდებოდა და ნინოს აღვიძებდა. წინ დაისვამდა და უაზროდ ელაპარაკებოდა, მერე ასევე უაზროდ იწყებდა ჩხუბს და იარაღს ხსნიდა კედლიდან, შესაშინებლად. რაზე და ვისთვის აშინებდა ცოლს დღემდე ვერ გაეგო ნინოს. ეთერამ ერთხელ უყურა ამას და გადაწყვიტა, როგორც არ უნდა იჭორაონ, არ ღირსო ასეთი სიძის შენარჩუნება. შეეცოდა ნინო და არ მოიქცა მეზობლებივით. გააშორაო -ამბობდნენ. ეთერამ სიძე გააგდოო.

II
ისინი ქალები იყვნენ და იმ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რას იტყვიან შენზე, როგორ გიყურებენ და რას ფიქრობენ, როცა პაემანზე მიდიხარ; სადაც ინგლისურის მასწავლებელი მოსწავლეებს არიგებს, გოგონებმა თეფშის გარეცხვა ისწავლონ, მთვარიაო; სადაც არაფერი ადარდებთ; სადაც ყველა უსაშვლეოდ მდიდარი და ღატაკია ერთდროულად; სადაც ნიჭიერები უფერულდებიან, ნაცრისფერდებიან და ყველას ემსგავსებიან; სადაც კლავენ სხვანაირობისთვის, სადაც არაფერი რჩება ჭორის გარდა.
ეთერას თავი სტკიოდა, ძალიან სტკიოდა. რა არ იწამლა: ცხელი ქვიშაც კი დაიდო თავზე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ქმარი ეუბნებოდა ექიმთან წაგიყვანო, მაგრამ ეთერას არ უნდოდა ქმრის ექიმები, მას უნდოდა შიოლას მეზობლის ცოლთან სიყვარული აღარ ჰქონოდა, ბორენა და მია გაეზარდა, თავისი ძმისშვილი სამედიცინოზე მოეწყო და აღარასდროს მოესმინა მაგდანას საყვედურები. ეთერა ხვდებოდა, ნინო რომ გაათხოვა, არ იყო სწორი, მაგრამ რა იქნებოდა სწორი? ეთერამ ეს არ იცოდა.
ბორენამ კალენდარს ახედა. მალე აღდგომა მოდიოდა და კვერცხები უნდა შეეღება, ხაჭაპური გამოეცხო და ორშაბათ დღეს დედიკოს საფლავზე გასულიყო. ბორენა არასდროს ამზადებდა ბევრ საჭმელს, საერთოდ საჭმლის გადაყრის წინააღმდეგი იყო, მოშიმშილე ადამინებზე დარდით გამსჭვალული. სასაფლოეზე გასვლა ტრადიცია იყო. იქ ჭამა-სმაც ასევე ტრადიციად ითვლებოდა და ბორენას ძმა ყოველთვის გემოზე გამოთვრებოდა ხოლმე ამ დღეს. ბორენა ამაზე ჯერ ჩხუბობდა, მერე ტიროდა ბოლოს კი ხმას აღარ იღებდა. იქ, ყველა სვამდა, ყველა თვრებოდა, ყველა იგინებოდა და არავის ახსოვდა თავის მკვდარი. იქ, უნდა წასულიყავი, ჭიქა წაგექცია, პურზე ღვინო დაგესხა და გეთქვა – მიუვიდესო.
ეთერას თავის ტკივილებს საშველი რომ არ დაადგა, ქალაქში წაიყვანეს. ბორენას ბიძაშვილი ყვებოდა: პროფესორმა ასე თქვა საოპერაციაო, სხვანაირად არ იქნებაო. თავი რომ გადაპარსეს არ უტირიაო ეთერას, იჯდაო ისე უბრალოდ, არ ეტყობოდა არც შიში, არც სიმწარე. მარტო, ისევ, შვილებზე და შიოლაზე დარდობდაო.
ეთერა ჯერ ოპერაციამ დააუძლურა, მერე კი მკურნალობამ. ქმარს სთხოვდა ბორენას ასწავლე, მარტო არ დატოვო და მერე არ გაათხოვოო; მიაც ხომ შვილია და იმასაც ასწავლეო. მარტო იმასა გთხოვ, შვილებს ასწავლეო. შიოლა შლეგად იყო. ვერც მომავალს ფიქრობდა და ვერც აწმყოს უსწორებდა თვალს. არ უნდოდა ეთერას გარეშე დარჩენა. ფულს ფულზე ხარჯავდა, ექიმებს ჯიბეში უკუჭავდა. ესენიც იღებდნენ და ახალ-ახალ მკურნალობებს ნიშნავდნენ. გამოკეთდებაო გაიძახოდნენ.
ბორენას ბიძაშვილი ხვდებოდა აღარ იქნებოდა გამოჯანმრთელება და იფიქრა, ბორენამ დედა უნდა ნახოსო. ბორენა მაშინ ხუთი წლისა იყო, დედა ყველაზე მეტად უყვარდა. დედა ხომ კაბებს უკერავდა; კოპლიანი ქოლგაც დააჭერინა ხელში, კალათში სანოვაგეც ჩაუწყო და ისე გაგზავნა სკოლის ზეიმზე. დედას ხომ ყველაზე გემრიელი ყველი ამოჰყავდა. დედა ხომ დედა იყო.
ბორენა ქალაქში რომ ჩაიყვანეს, პირდაპირ საავადმყოფოში მიიყვანეს. იქ ბევრი ავადმყოფი ნახა ბორენამ, ყველას თავზე თეთრი ბადე ჰქონდა გადაკრული და ლანდებივით დადიოდნენ. დედის საწოლთან რომ მივიდა ბორენა, ელოდებოდა დედის თვალებს და მის გამოწვდილ ხელებს. დედა კედლისკენ იყო გადაბრუნებული და არ მობრუნდა. არ შეხედა ბორენას. ბორენამ ხელი ასწია და დედის სახეს სცადა მიწვდენოდა. დედას ეტყობა უნდოდა ბორენასთვის ხელზე კოცნა, მაგრამ ამის ნაცვლად ეკბინა. დაიბნა ბორენა. დაიკო ნინომ წამოიყვანა იქიდან.
ბორენას ახსოვდა, რომ იმ ღამეს ბევრი იტირა.

III
ეთერა შიოლამ საავადმყოფოდან მოიპარა. ჩუმად წამოიყვანა. სახლში რომ იქნება, უკეთ გახდებაო.
ეთერა თავის ოთახში მოკვდა, თავის ლოგინში, სადაც შვილებთან ერთად ხშირად ეძინა. იმ სახლში, სადაც უყვარდა და იტანჯებოდა, იმ სახლში, სადაც ყვავილებს ახარებდა და მერე გლეჯდა მათ, როცა ეუბნებოდნენ უბედობა იცისო. იმ სახლში, რომელიც მის სახელს ატარებდა და მისთვის იყო შეძენილი და რომელშიც ვერასდროს გაიხარა.
შიოლამ მწვანე ჭიშკარს თავი ურტყა: ობლები დამრჩნენ, რა მეშველებაო. დარდობდა მეტად და დანაშაულს გრძნობდა.
მაგდანა ბებია ცხენზე შესვეს და ისე მოიყვანეს სოფლიდან, ეთერას დაკრძალვაზე. მაგდანა მანქანაში ვერ ჯდებოდა – ეშმაკისააო.
ბორენას მოუსვენრობა დასჩემდა. მეცადინეობისას ყვირილით წამოხტებოდა ხოლმე მაგიდიდან, დედიკოს ფეხის ხმა გავიგეო. დედიკო მოდიოდაო. დაიკო ნინო ამაზე ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა რჩევა მეზობელი სონიასთვის ეკითხა. სონიამ – მკვდარზეგადატარებული პური ვაჭამოთო. დაიკო ნინოც დაეთანხმა, უხუცესიაო.
ბორენა და ბორენას ქმარი სასაფლაოს გვერდით მაგიდასთან ისხდნენ და ხვდებოდნენ ადამიანებს, რომლებმაც ჯერ შენს მკვდარს უნდა წაუქციონ ჭიქა, მერე კი – თავის მკვდრის მოსახსენიებლად მიგიპატიჟონ. არწასვლა არ ეგების, მაგრამ ქალებს არ ეპატიჟებიან. ქალები უნდა ისხდნენ მოწყენილად და დაელოდონ ქმრების უსაზომო გამობრუჟვას, რათა შემდეგ, წინაპრების წინაშე ვალმოხდილები წავიდნენ შინ.
ბორენას მკვდარზეგადატარებული პური აჭამეს, მაგრამ არ გაჭრა. მერე დაიკო ნინომ შემლოცველ-გამომლოცველთან წაიყვანა, რომელმაც სამჯერ გაიმეორა: გულო ჩადექ საგულესაო. სულ ეს იყო. დრო რომ გავიდა, ხანი გამოხდა, ბორენას დაავიწყდა ტკივილი, ან ჩამალა სადღაც და გადაკარგა.
ბორენამ გადაწყვიტა, აღარ იდარდოს შვილს რომ წითელი პომადა უსვია და შიფონის მოკლე კაბით დადის. აღარ იფიქრებს, რას იტყვიან სხვები და თუ შვილი არ ისწავლის, ამასაც შეეგუება. იქნებ, ერთ დღეს საფლავზეც აღარ გავიდეს აღდგომის მეორე დღეს.

ავტორი: თინათინ ქავთარაძე
ფოტო: ლევან ბუცაშვილი