მაქვს ფული, მაგრამ ვერ ვყიდულობ სახლს…
ვერ ვთხოვდები…
სამსახურში პრობლემებია…
მინდა ვიყო უკეთესი, ვიდრე ვარ ახლა…
დიდი კმაყოფილებით მინდა მოგახსენოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ის გასაღები გაპოვნინოთ, რომელიც ჩვენს პრობლემებსა თუ გაურკვევლობებზე დადებულ საკეტს აღებს. ამ ადამიანებს კი “ქოუჩინგ ლაბორატორიაში” შეხვდებით, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქოუჩინგის სფეროში. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ქოუჩინგი უკვე, ბოლო წლებია, საქართველოში, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
“ჩვენთან მოდიან და რჩებიან, პოულობენ საკუთარ თავს, იცვლიან პროფესიას და სიხარულის ცრემლების შემდეგ, მაშინვე, იწყებენ საყვარელ საქმეში თავის დამკვიდრებას”- ეს სიტყვები ირინე ჭოჭუას ეკუთვნის, რომელიც “ქოუჩინგ ლაბორატორიის” დამაარსებელი და ხელმძღვანელია. მან ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ქოუჩინგით უკვე რამდენიმე წელია დაინტერესებულია. ირინეს ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის გახლავთ, როგორც სერთიფიცირებული ქოუჩი, ასევე ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში.
მას აქვს უამრავი საინტერესო გატაცება. ცეკვავს, უყვარს მუსიკა, წერს, ხშირად დადის ფეხით და ესაუბრება ადამიანებს, რაც პროფესიაშიც ადგება.
ქოუჩინგი კი მიაჩნია იმ სფეროდ, რომელიც გეხმარება გაიგო, თუ რა გინდა სინამდვილეში. იდეა, რომ საქართველოში ქოუჩინგით საქმიანობა დაეწყო ყაზახეთში ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში გაუჩნდა.
“ყაზახეთში ყველამ იცოდა რა იყო ქოუჩინგი და მინდოდა, რომ ეს საქართველოშიც სცოდნოდათ”
– როგორ დაიწყეთ, საქართველოში, ქოუჩინგის შესახებ საზოგადოების ინფორმირება?
ზუსტად ორი წლის წინ, ჩემს მეგობარ და უკვე კოლეგა ეკა ბაბუნაშვილთან ერთად დავიწყე ბლოგის წერა, სადაც საუბარი გვქონდა ქოუჩინგზე, მის ტექნოლოგიებზე, განმარტებებსა და მიმართულებებზე. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ საზოგადოებას სწორად გაეგო – რა არის ქოუჩინგი.
გარდა ამისა, ვატარებდით ტრენინგებს, ლექციებსა და სემინარებს ამ თემის ირგვლივ. რამდენიმე წელიწადში კი ქოუჩინგი საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარული თემა გახდა. ბლოგი, რომლის წერაც ჩვენ დავიწყეთ, დღეს უკვე, საიტის სახით არსებობს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ: ვიდეოები, ტრენინგები, პოდკასტები, საინტერესო ვორქშოფები და სხვადასხვა ღონისძიებები.
– განვითარების პერიოდში რა ძირითად სითულეებს აწყდებოდით?
მოგეხსენებათ, რომ როდესაც პირველად იწყებ, არც ისე მარტივია. შესაბამისად, იყო მცირედი სირთულეებიც. მაგალითად სახელი “ქოუჩინგი”. ერთ-ერთმა კლიენტმა კომენტარი გააკეთა, “ქოუჩინგი რა უბედურებაა, ქართულად მეგობრებო”, რაც შემდეგ ჩემი ბლოგის სათაურიც კი გახდა. პრობლემა იყო სახელი, რადგან ის არ არის თარგმნილი ქართულად, შესაბამისად ეს იწვევდა უკმაყოფილებას, მაგრამ წესია ასეთი, ქოუჩინგის ფედერაცია გვავალდებულებს რომ ეს სიტყვა დამკვიდრდეს. ეს ისეთივე საკითხია, როგორც მაგალითად ტერმინი ფსიქოლოგია დამკვიდრდა წლების წინ.
– როგორი იყო ახლად შექმნილი კომპანიის პირველი ნაბიჯები?
როგორც აღვნიშნე, დავიწყეთ ბლოგით, რომელიც დღეს საიტთან ერთადაა წარმოდგენილი. ასევე შევქმენით კლუბი, რომელშიც გაწევრიანებულია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი სწავლება გაიარა. კლუბს აქვს ყოველი კვირის ბოლოს შეხვედრები, სადაც ვიკრიბებით და გეგმებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე ვსაუბრობთ. ასევე გვქონდა ტრენინგები, ვორქშოფები, საჯარო შეხვედრები, რასაც დღემდე აქტიურად ვაგრძელებთ. პირველ ნაბიჯები, ყოველთვის საკმაოდ რთულია, მაგრამ ხშირად მეუბნებიან, რომ იღბლიანი ვარ, რადგან ხალხმა კარგად და სწორად გაიგო ჩემი საქმე თუ სათქმელი. კმაყოფილი ვამბობ, რომ ძალიან კარგად მიმიღეს.
– ძირითადად რომელი მიმართულებებით მუშაობთ და ვინ არიან თქვენი კლიენტები?
ქოუჩინგის თითქმის ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. გააჩნია, თუ რა სურს კლიენტს. ეს შეიძლება იყოს: ბიზნეს ქოუჩინგი, პიროვნული განვითარების ქოუჩინგი, რომელიც “ლაივ ქოუჩინგის” სახელითაა ცნობილი, მაგრამ ვცდილობ მისი ქართული სახელწოდება დავამკვიდრო, ასევე ფიტნეს და ბავშვთა ქოუჩინგი.
ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ ბიზნეს კომპანიები, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ პოლიტიკოსებთან. ჩვენი კლიენტი არის ყველა, ვისაც სურს რომ შექმნას რამე ახალი, ან შეცვალოს ცხოვრებაში ის, რაც არ მოსწონს.
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი უკვე დიდი ხანია მთხოვს, უფრო სწორად, მოითხოვს ჩემთან სესიას, მაგრამ უარს ვეუბნები. ქოუჩინგში ეთიკა არსებობს ასეთი “შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო”, ამიტომ ახლობლებთან მუშაობა სასურველი არაა, შესაბამისად მათ აუცილებლად სხვა ქოუჩთან ვუშვებ ხოლმე.
– რა არის”ქოუჩინგ ლაბორატორიის “სამომავლო გეგმები?
ტრენინგების გაგრძელებასთან ერთად, ვგეგმავ ერთ დიდ და საინტერესო საჯარო შეხვედრას ძალიან მყუდრო და ლამაზ კაფეში, რომელსაც მთლიანად უთმობენ ქოუჩინგ ლაბორატორიას. მინდა ბევრმა ადამიანმა ნახოს, გაიგოს თუ რა არის ქოუჩინგი და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი განვითარებისთვის. შესაბამისად, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ სწორი ინფორმაცია მიიღონ. ასევე, ვგეგმავთ რეგიონებში გასვლას. დავიწყებთ ბათუმიდან, შემდეგ გვინდა ქუთაისიც და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად გავაგრძელებთ. ასევე, დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა, გამოთქვა სურვილი ქოუჩინგი სასწავლო პროგრამაში, არჩევით საგნად შესულიყო. გავაკეთეთ სილაბუსი, იდეა წარვუდგინეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დაგვიმტკიცდა. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ამაში კმაყოფილი სტუდენტების სახეებს როდესაც ვუყურებ მაშინაც ვრწმუნდები. მაქვს იმედი, რომ თანდათან ქოუჩინგი უკვე უფრო მეტ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დამკვიდრდება, რადგან მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია. სტუდენტები, წინასწარ რეგისტრირდებიან და საკმაოდ კმაყოფილებიც არიან, რადგან ქოუჩინგი მათ პროფესიაში საკუთარი თავის პოვნაში ეხმარებათ.
– რა შეცვალა ქოუჩინგმა პირადად თქვენს ცხოვრებაში?
ძალიან ბევრი რამ. სიმართლე გითხრათ, მთელი ჩემი ცხოვრების სტილი. სრულიად სხვა პროფესიის ვიყავი და ქოუჩინგის მეშვეობით საკუთარი თავი და მოწოდება ვიპოვნე. მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი სწვლება, საკუთარი ცოდნის სხვისთვის გაზიარება და ადამიანებთან კომუნიკაციაა. უბედნიერესი ვარ ხოლმე, როდესაც ვხედავ ორმოცი წლის, უკვე შემდგარი, ადამიანის სიხარულის ცრემლებს, რომელმაც გვიან, მაგრამ საკუთარი თავი იპოვნა. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ მაშინვე და საკმაოდ წარმატებულად იწყებენ საქმის კეთებას და თავსაც არაჩვეულებრივად იმკვიდრებენ.
– და ბოლოს, რატომ უნდა მოვიდნენ “ქოუჩინგ ლაბორატორიაში”?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავს, ყოველთვის აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. თუ გინდა რომ რამე ახალი გაიგო, უკეთ გაერკვე საკუთარ შესაძლებლობებში და მოიშორო ხშირად თანმდევი უკმაყოფილება ქოუჩინგი აუცილებლად საჭიროა. ჩვენს სფეროში არსებობს ერთი ძალიან მაგარი პრინციპი, რომელსაც ერიქსონის პრინციპი ჰქვია. “ყველა ადამიანს აქვს ყველა საჭირო რესურსი წარმატების მისაღწევად”. ჩვენ კი, ხშირ შემთხვევაში, ეს რესურსები არ ვიცით რომ გვაქვს და როცა ხვდებიან, რომ შესძლებიათ, აი მაშინ ტირიან ხოლმე.
მოამზადა სოფო ზურაბიანმა