განცხრომა–სიამოვნება ეს ის კლდეა, ახალგაზრდობის უმრავლესობა რომ მიენარცხება ხოლმე. მის საძებნელად აფრაგაშლილნი შესცურავენ ხოლმე ყმაწვილები ზღვაში,მაგრამ არც კომპასი აქვთ,რომ გზა გაიგნონ და არც გონიერება ჰყოფნით, ხომალდი სწორად წარმართონ. ამიტომაც იმის მაგივრად, რომ მგზავრობამ სიამოვნება მიანიჭოთ,ტანჯვასა და სირცხვილს იწვნევენ ხოლმე.
თითქმის ყველა ყმაწვილი კაცი უპირატესად იმისკენ მიილტვის, რომ ცხოვრებით დატკბეს. მაგრამ უფრო ხშირად ყმაწვილკაცები ცხოვრებით ტკბობას სხვისი თვალით სჯიან და იმის მაგივრად, საკუთარ გემოვნებასა და მიდრეკილებას მისდიონ, მზად არიან თვალდახუჭულებმა ის ჩათვალონ სიამის მომნიჭებლად, რაც მათ ახლომყოფთ მიაჩნიათ. ჩვეულებრივი გაგებით სიცოცხლით ტკბობა მხოლოდ ქეიფი,ლოთობა, გარყვნილება და ბილწსიტყვაობაა. ხალისით გამოგიტყდები, თუ რამ ცუდი მიქნია ჩემს სიყმაწვილეში, არა იმიტომ, რომ ბუნება მქონდა ცუდი,არამედ იმიტომ, რომ მე სულელს ირგვლივ მყოფთა თვალში სიცოცხლით დამტკბობის სახელი მინდოდა მქონოდა. მთელი სიცოცხლე ჭირივით მძულდა ღვინო, და მაინც ხშირად მისვამს და მეორე დღეს თავი უქეიფოთად მიგრძვნია, მაგრამ დამთვრალვარ მხოლოდ იმიტომ,რომ მეგონა სმა უთუოდ უნდა იცოდეს მეთქი ყოველმა ჯელტმენმა…
იგივე შეიძლება ითქვას ბანქოზეც. მე ფული არ მიჭირდა და არც არასოდეს მითამაშია მოგების ეშხით. ერთი ხანობა კი იმდენად ბრიყვი გამოვდექი, რომ ბილწსიტყვაობაც ვისწავლე…
ასე რომ, მოდის ფეხის ხმასა და მოჩვენებით სიამოვნებათ აყოლილმა,ჩემს თავს ჭეშმარიტი სიამენი მოვაკელი , ქონება გავფანტე,ჯანი შევირყიე – და მართალი გითხრა ჩემი საქციელისათვის ღირსეულადაც დავისაჯე…
დაე ჩემი ამბავი გაკვეთილი იყოს შენთვის: თვითონ შეარჩიე,რა გართობა მოგანიჭებს სიამოვნებას და უფლება არ მისცე არავის ძალისძალად მოგახვიოს იგი თავზე. აჰყევ შენს ბუნებას და არა მოდას: შეადარე ის სიხარული, რომელიც წუთიერ ბედნიერებას მოგიტანს იმ შედეგს, მას რომ უცილობლად მოჰყვება მერე, გონების თვალით აწონ–დაწონე და არჩევანი მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთე…
თუმცა არსებობს სიამოვნების კიდევ ერთი სახე, რომელსაც მე გონებრივ სიამოვნებას ვუწოდებ.ის ფრიად მყარი და სარგებლიანი გახლავთ,რადგან იმ თანრიგს არ განეკუთვნება,რასაც განცხრომას ეძახიან. სიამოვნება რასაც სიკეთე, გულმოწყალება და ცოდნა ანიჭებს ადამიანს ერთადერთი ჭეშმარიტი და უჭკნობი სიამოვნებაა…
გრაფი ფილიპ დორმერ სტენჰოპი