ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!
ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.
ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.
არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი – მსჯავრია, ღვინო – მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.
ლეკვების შიმშილს გამოყავს საშოვარზე. მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, – ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქით არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და მიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ქონდეს, ისეთი შევჭამო, რომ ჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს.
დღემდე არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისაკენ, ახალი ხალხების დაპყრობისაკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისაკენ, მსოფლიო ბატონობისაკენ სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია. ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შეძლებს ადამიანი დაპყრობისათვის, ჟლეტისა და ნადგურის-ცემისათვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ წინასწარ გულში სიძულვილი არ ჩაუთესა. დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, ბოროტება და მომხვეჭელური სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია, მისი არსებობის გარდაუვალი, აუცილებელი შედეგია… პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის ხსენებული ღირსებები მასში მოცემული… სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული – უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი – მამულიშვილია, პატრიოტია.
უყურეთ ვიდეო-რგოლს: “გამონათქვამები წიგნიდან დათა თუთაშხია”