ინდუსები ფიქრობენ, რომ უფლის პოვნა შესაძლებელია სამყაროს შექმნის წინ ან დასასრულს. შექმნამდე იყო თესლი, მაგრამ არ იყავით თქვენ, რომ ეს თესლი გეპოვნათ. ანდა როგორ იქნებოდით, თუკი სამყაროს ნაწილი, მისი ფოთლები ხართ. ინდუსების აზრით ღმერთის პოვნა შეიძლება აგრეთვე სამყაროს დასასრულს, პრალაიაში, როცა ღმერთი იშლება, ბერდება და კვდება. ასე ემართება ყველა ხეს, მაგრამ მათ ამავდროულად მილიონობით თესლი გააჩნიათ.
პრალაიაში ხელახლა შეიძლება ღმერთის ნახვა, მაგრამ თქვენ აღარ იქნებით, ამაშია მთელი სირთულე. ღვთის პოვნის ერთადერთი გზა არსებობს: ახლავე, აქვე, თითოეულ საგანში უნდა ხედავდეთ მას. თუ თქვენ კონკრეტულად კრიშნას ან რამას დაუწყებთ ძებნას, ვერასოდეს ნახავთ მათ. ისინი ფოთლები არიან, ოღონდ ნორჩი და ხასხასა ფოთლები, რამეთუ მათ თქვენამდე შეიცნეს ღმერთი და მიხვდნენ, რომ ღმერთი ყველგანაა.
როცა ქრება თესლი, ჩნდება ხე. აი, ღვთის საუფლო, ცათა სასუფეველიც აქაა. და თუ სხვაგან ეძებთ მას, ტყუილად წვალობთ. თუ გსურთ ღვთის სასუფეველი, უნდა იქცეთ თესლად და მოკვდეთ.
მოიქეცით მიმდობი გლეხივით და ერთ მშვენიერ დღეს მიწაში ჩაგდებული თესლის ნაცვლად ხის ყლორტები დაგხვდებათ. რა ხდება თესლის მცენარედ გადაქცევის დროს? თესლი უნდა მოკვდეს, მხოლოდ ამ გზით იქცევა ის მცენარედ. ღმერთი მოკვდა სამყაროს შექმნაში, ის განზე არ დარჩენილა, შეენივთა სამყაროს და ჩაიკარგა მასში. აი რატომ ვერ პოულობთ ღმერთს. მას ვერ ნახავთ ვერც ჰიმალაებში, ვერც მექსიკაში, ვერც კაშში და ვერც სხვაგან. რადგან ის აქაა, ის ყველგანაა. მცენარის აღმოცენების შემდეგ თესლს ვეღარ იპოვნით, ის მთელს ხეში ცოცხლობს…