ციფრული ტექნოლოგიის განვითარებამ სოციალური ქსელების, ტელეფონისა და ”სკაიპის” დახმარებით შესაძლებელი გახადა ადამიანური ურთიერთობების სქემის გაიოლება. საზღვრებსა და მანძილს უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენგან შორს მყოფ ადამიანებთან დაკავშირება ნებისმიერ დროს შეგვიძლია და თანაც ძალიან მარტივად. თუმცა, ამან უფრო რთული პრობლემა წარმოქმნა, რომელიც დღითიდღე აქტუალური ხდება. ეს სოციოფობიის პრობლემაა. მთელ სირთულეს ადამიანებთან რეალურ სამყაროში ურთიერთობა წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ სოციოფობია სიმორცხვეში არ უნდა აგვერიოს. თუ პირველი სოციალური აქტივობების შიშში მდგომარეობს, როგორიცაა საჯარო გამოსვლები და ურთიერთობა კომპანიებთან, სიმორცხვის შემთხვევაში საქმე უფრო პოზიტიურ თვისებასთან გვაქვს, თუმცა, ისიც არანაკლებ ართულებს ურთიერთობის სპეციფიკას. ამასთანავე, მისი დადებითი ეფექტი საკუთარი პიროვნების ქება-დიდების, წარმატების გარშემომყოფებისთვის თავს მოხვევისგან გვიცავას და გარკვეულ საზღვრებსაც აწესებს.
ახლა კი უშუალოდ დავახასიათოთ ადამიანების შიშის 3 ტიპი:
1. პუბლიკის შიში – არსებობს ადამიანების დიდი რაოდენობის წინაშე გამოსვლის შიში, დიდი მასებისა და საჯარო გამოსვლების ფობია. როგორც წესი, ასეთ პიროვნებებს არ უჭირთ ცალკეულ ადამიანებთან კონტაქტი და მცირე ჯგუფის მართვა.
2. უცხო ადამიანების შიში. უფრო გავრცელებული ფობია, რომლის მიზეზიც არასასურველ მოგონებებსა და შთაბეჭდილებებში უნდა ვეძებოთ (მაგალითად, უცხო ადამიანების წინაშე დამცირება, ჩხუბი). ასეთ პიროვნებებს შეუძლიათ ადამიანების ფართო მასებთან ურთიერთობა, ძველ ნაცნობებთან დროის კარგად გატარება და ამასთანავე, თავის კომფორტულად გრძნობაც, თუმცა, ისინი გაურბიან უცხო ადამიანებთან შეხვედრას, მათი რიცხვის გაზრდის შემთხვევაში კი, საერთოდ საკუთარ თავში იკეტებიან, განიცდიან დისკომფორტს და ვარდებიან დეპრესიაში.
3. ურთიერთობის შიში. ყველაზე რთული შემთხვევა, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის პიროვნულ ზიზღსა და დისკომფორტს სხვა ადამიანებთან აუცილებელი ურთიერთობებისას. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ინდივიდები, უბრალოდ, იკეტებიან ტექსტური ურთიერთობების საზღვრებში ინტერნეტის საშუალებით და დიდი ძალისხმევის გამოყენებით მხოლოდ მშობლებთან ახერხებენ პირად კონტაქტს. ასეთი მდგომარეობის საფუძველი ისევ და ისევ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, ქსელური ფორმატის ურთიერთობაში და, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ ტრამვაში, რომელიც, ასევე, ადრეულ ბავშვობაშია მიღებული.
სანამ სოციოფობიასთან ბრძოლის გზებზე ვისაუბრებდეთ, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სოციოფობია დაავადება არ არის, უფრო სწორად კი, შინაგან გამღიზიანებლებზე ფსიქიკის თავდაცვითი რეაქციაა. ის ყველა ჩვენგანს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სხვებთან ურთიერთობის გარეშე სრულფასოვან პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. უბრალოდ, ზოგიერთებს ეს თავდაცვითი მექანიზმი ღრმად აქვთ გადამალული ცნობიერი ნიღბებისა თუ ცხოვრებისეული გამოცდილების საშუალებით. დანარჩენებთან კი, მას შიშველი ნერვის სახე აქვს, რომელიც მინიმალურ საფრთხეზეც რეაგირებს.
რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ის საკმაოდ მარტივად გამოიყურება (კლინიკური შემთხვევების გარდა). ერთადერთი გამოსავალი სოციალური კონტაქტების მუდმივი განახლებაა. განვიხილოთ ჩამოთვლილი პუნქტების მიხედვით:
1. პუბლიკის შიშის შემთხვევაში, ძალიან დაგვეხმარება საკუთარი თავის დიდ სცენაზე, საჯარო გამოსვლების წინაშე ყოველდღიური წარმოდგენა, ფიქრი იმაზე, თუ როგორ წარვსდგებით ფართო მასის წინაშე. კიდევ უფრო უკეთესია, ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა, მეტროთი გადაადგილება, ბარებსა და კლუბებში სიარული, სხვადასხვა სახის „ფლეშმობებში“ მონაწილეობა, მოგზაურობა და ა.შ.
2. თუ კი უცხო ადამიანებთან ურთიერთობის შიში გაქვთ და თქვენს კომპანიაში უცნობი ადამიანი შენიშნეთ, თამამად მიდით მასთან, გაესაუბრეთ და იმოქმედეთ – „ჩემი“ და „სხვისის“ პრინციპით. მიუხედავად იმისა, ამ ადამიანზე პოზიტიური შთაბეჭდილება შეგექმნებათ თუ ნეგატიური, მისი გაცნობის შემდეგ იგი მოხვდება „ჩემის“ კატეგორიზაციაში და თქვენ მისი შიში გაგიქრებათ.
3. ზოგადად ურთიერთობების ფობიის შემთხვევაში საჭიროა ეტაპობრივად გამოვიდეთ ადამიანების ზიზღისა და შიშის მდგომარეობიდან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენი დამხმარე ამ დროს ისევ ინტერნეტია. უფრო მეტად იურთიერთეთ თქვენს ნაცნობებთან, დაამყარეთ ახლო კავშირები, ჩართეთ ვიდეოთვალი და მიკროფონი „სკაიპში“ მიმოწერის დროს, ახლო მომავალში დათქვით შეხვედრა. ეს ლოგიკურიცაა, თუ თქვენ ადამიანი ვირტუალურ სამყაროში გაინტერესებთ, მაშინ ის რეალურ სამყაროშიც იქნება თქვენი ინტერესის ობიექტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი შორს ცხოვრობს, ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ, რადგან მოგიწევთ ურთიერთობა მძღოლსა და მგზავრებთან ტრანსპორტში, მოლარესთან ბილეთის ყიდვის დროს და ა.შ. თანდათან ეს რეჟიმი თქვენთვის მისაღები გახდება და ნორმად იქცევა, შესაბამისად, გაგიქრებათ ურთიერთობების შიშიც.
და ბოლოს, დამატებით რჩევად გამოგადგებათ: თუ თქვენ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, ძალიან კარგი შესაძლებლობა გაქვთ სოციოფობიის პროფილაქტიკის ან მისი ბუნებრივი გზით აღმოფხვრისათვის. ამავდროულად, ბევრ ადგილას შეხვდებით ე.წ. „ანტიკაფეებს“, რომლებშიც არ გიმასპინძლდებიან საკვებით და ერთადერთი, რითაც იხდით, იქ ურთიერთობისთვის გატარებული დროა. ჩვენ, უბრალოდ, ვამყარებთ კონტაქტებს ჩვენთვის უცნობ ადამიანებთან.
გამომგზავნი/ავტორი: თამარ მაღლაკელიძე