Skip to content

მორალური განვითარება პიაჟეს მიხედვით

ბავშვები განვითარებასთან ერთად სწავლობენ რა არის კარგი და რა ცუდი, განასხვავებენ სიკეთეს – სისასტიკისგან, ხელგაშლილობას – ეგოიზმისგან. მორალი ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე სოციალური წესების მექანიკურ დახსომებას. ის მოიაზრებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სწორი და რა არასწორი.

მორალის გამოვლინების სამი სახე არსებობს: მორალური მსჯელობა, მორალური გრძნობები და მორალური ქცევა. მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება მორალურმა მსჯელობამ მიიქცია, რაც დეტალურად შეისწავლეს ჟ. პიაჟემ, ლ. კოლბერგმა, კ.გილიგანმა. ჟ. პიაჟემ მორალი განსაზღვრა, როგორც ინდივიდის მიერ სოციალური წესების პატივისცემა, სამართლიანობის გრძნობის არსებობა, რომელიც ეყრდნობა ადამიანთა შორის თანასწორობისა და ერთმანეთზე ზრუნვის პრინციპს.

ბავშვის აზროვნების განვითარების შესწავლასთან ერთად, ჟ. პიაჟე დაინტერესდა, თუ როგორ ვითარდება ბავშვის მორალური მსჯელობა. მისი აზრით, ბავშვის მიერ მორალური ნორმებისა და სოციალური კონვენციების (შეთანხმების) გაგება, უნდა შეესატყვისებოდეს კოგნიტური განვითარების დონეს.ჟ. პიაჟეს თანახმად, მორალური მსჯელობა ვითარდება სოციალური გამოცდილებისა და კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებასთან პარალელურაად.

ჟ. პიაჟე აკვირდებოდა ბავშვების თამაშს და ეკითხებოდა, თუ საიდან იციან თამაშის წესები ? რას ნიშნავს ისინი და რატომაა აუცილებელი მათი დაცვა? ბავშვების პასუხებიდან გამომდინარე ჟ. პიაჟე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბავშვების მიერ წესების გაგება გაივლის: წინა მორალურს (0 სტადია), მორალური რეალიზმის (1 სტადია) და მორალური რელატივიზმის (მე-2 სტადია) საფეხურებს, რომელიც 4 ეტაპისგან შედგება.

პირველი ეტაპი (0 სტადია) აღმოცენდება ოპერაციამდელი სტადიის დასაწყისში (4 წელი), მაშინ როცა ბავშვი იწყებს სიმბოლურ თამაშს. ამ ეტაპზე ბავშვებისთვის დამახასიათებელია ”პარალელური” თამაში,ის თამაშისას იყენებს საკუთარ წესებს, რომელიც მათ სურვილებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება დააჯგუფოს სხვადასხვა ფერის კუბები. ეს ”წესები” ბავშვის თამაშს გარკვეულ კანონზომიერებას აძლევს, რომლის მიზანიც არ არის, თანამშრომლობა ან შეჯიბრი. ბავშვი მიიჩნევს, რომ კარგია ის, რაც მას მოსწონს.

მეორე ეტაპზე, (მორალური რეალიზმის სტადია, 5 წლიდან), ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მან უნდა დაიცვას წესები, რომელიც დადგენილია უფროსების მიერ. წესები მუდმივია, ხელშეუხებელი და მათი შეცვლა არ შეიძლება, ხოლო დასჯა გარდაუვალია.

მაგალითად, 6 წლის ბავშვი სამართლიანად ჩათვლის, რომ ბავშვმა, რომელმაც ფანჯარა განზრახ გატეხა, ფიზიკურად უნდა დაისაჯოს.

ჟ. პიაჟეს აზრით, ეს განპირობებულია 2 მოსაზრებით:

• უფროსი უფრო ძლიერია, ამიტომ მან შეიძლება აიძულოს ბავშვი, მას დაემორჩილოს, ამიტომ ბავშვმა უნდა შეასრულოს დადგენილი წესები.

• ბავშვის აზროვნებისათვის დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი. მას ჰგონია, რომ სხვებიც ისე ფიქრობენ, როგორც ის.

ამ ასაკში ბავშვები უარს ამბობენ, თამაშის წესების შეცვლაზე. ბავშვები საქციელზე მსჯელობენ შედეგის მიხედვით და არ ითვალისწინებენ ქცევის განზრახვას, მიზანს, მოტივს. მაგალითად, გოგონა, რომელსაც უნდოდა დედას დახმარებოდა ჭურჭლის გარეცხვაში და შემთხვევით გატეხა 10 თეფში, უფრო დამნაშავეა, ვიდრე მეორე გოგონა, რომელმაც განზრახ გატეხა ერთი თეფში.ამას ჟ. პიაჟე უწოდებს მორალურ რეალიზმს. მორალური რეალიზმი ნიშნავს იმას, რომ ბავშვები წესებს განიხილავენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას და არა შეთანხმებულ პრინციპებს, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს.

მესამე ეტაპზე (მორალური რელატივიზმის სტადია, 7 წლიდან), ბავშვები ხვდებიან, რომ ზოგიერთი წესი, ეს არის სოციალური კონვენცია (შეთანხმება), რომელიც შეიძლება შეიცვალოს, თუ ყველა ამაზე თანახმა იქნება. მორალური რეალიზმი კარგავს თავის ძალას. ამ ეტაპზე ბავშვის მორალური მსჯელობები ითვალისწინებს განზრახვას, ხოლო დასჯას განიხილავენ, როგორც ადამიანის გადაწყვეტილებას.მაგალითად, 10 წლის ბავშვი იტყვის, რომ გოგონა რომელმაც განზრახ გატეხა 1 თეფში უფრო დამნაშავეა, ვიდრე
გოგონა, რომელმაც შემთხვევით გატეხა 10 თეფში. ასევე სამართლიანად ჩათვლის, რომ ბიჭმა, რომელმაც განზრახ გატეხა ფანჯარა, უნდა გადაიხადოს თავისი ”ჯიბის” ფულიდან (ფიზიკურად არ უნდა დაისაჯოს), რათა ისწავლოს, რომ ფანჯრის შუშა ფული ღირს. მან უნდა გააცნობოეროს თავისი ცუდი საქციელი, რათა მეტი აღარ გაიმეოროს.

ბავშვები იწყებენ სამართლიანი ქცევის განხორციელებას, რომელიც ამ ეტაპზე არ არის სრულყოფილი. ისინი სამართლიანად თვლიან ”სამაგიეროს” გადახდის პრინციპს.

მაგალითად, – შენ თუ დამარტყი, მეც დაგარტყამ; ან თუ სათამაშოს მათხოვებ, მეც გათხოვებ ჩემს სათამაშოს. ამას ჟ. პიაჟე უწოდებს მორალურ რელატივიზმს.მორალური რელატივიზმი ნიშნავს იმას, რომ ბავშვები აცნობიერებენ, რომ ადამიანები თანხმდებიან წესებზე და თავადვე შეუძლიათ მათი შეცვლა.

მეოთხე ეტაპი (მორალური რელატივიზმის სტადია) იწყება ფორმალური ოპერაციების სტადიაზე (11 წლიდან). ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია მორალური აზროვნების იდეოლოგიური ფორმა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ პირად და პიროვნებათშორის სიტუაციებს, არამედ სოციალურ სამართლიანობას.მათ ესმით, რომ წესები სოციალური შეთანხმების შედეგია, რომელთა შეცვლაც შეიძლება, იმისათვის რომ გათვალისწინებული იქნას ინდივიდუალური გარემოებები და იყოს ყველა ადამიანისთვის სამართლიანი.

ჟ. პიაჟეს აზრით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უფროსები. თუ ისინი უარს არ იტყვიან თავისი ძალაუფლების ნაწილის დათმობაზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მორალური განვითარების შეფერხება, რადგან განამტკიცებს ბავშვის დამოკიდებულებას ძალაუფლების მქონე ადამიანებზე. თუკი უფროსები ამავე დროს თავის მოთხოვნებს მუქარას უკავშირებენ (მაგალითად, ასე უნდა მოიქცე, იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი), დასჯის შიშის გამო, ბავშვები მომავალში წესებს განიხილავენ, როგორც აბსოლუტურ სამართლიანობას.

გამომგზავნი/ავტორი: გიორგი სიხარულიძე