Skip to content

ვიდრე სხვას გავაკრიტიკებდეთ…

ბოლო დღეებში ბევრი რამ დაიწერა და ითქვა მამა გაბრიელის საფლავთან დაკავშირებულ მოვლენებზე, თითქოს ძნელია რამე დაამატო ან რაიმე ახალი თქვა. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო ისინი ვინც საფლავის რიგში იდგნენ და ისინი ვინც მათ აკრიტიკებდნენ. შესაბამისად იმის მიხედვით თუ რომელ ნაწილს მიეკუთვნები შენი შეფასება ადვილად პროგნოზირებადია. და მაინც მე მინდა შევეცადო საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. ალბათ როგორც საზოგადების უმეტესობა ეს დღეები უფრო კრიტიკოსების რიცხვს მივეკუთვნებოდი, განვიხილავდი საზოგადებაში არსებულ პრობლემებს და მის მანკიერებებს. ვაკრიტიკებდი ერის მუდმივად სასწაულის და მესიის მოლოდინის სინდრომს. მათი კრიტიკა, ხომ ძალიან ადვილია, მითუმეტეს, რომ ვინ იცის რამდენია მათ შორის ისეთი, რომელიც ტაძარში წლებია არ ყოფილა, შეიძლება იმავე საფლავთან ჩაუვლია თუმცა მისვლა არც უფიქრია, და მხოლოდ ახლა უბრალოდ მიყვა ცხვარივით ფარას. მორჩილად იდგა, დაელოდა რიგს, ითხოვა რაღაც მატერიალური ან სულიერი, თავისთვის ან სხვისთვის, დაბრუნდა და გააგრძელა ჩვეული ცხოვრება ჩვეული წესით.
როგორც აღვნიშნე ამ ყველაფრის კრიტიკა მარტივი, ლოგიკური და თითქოს სწორიცაა, მითუმეტეს ლოგიკურია თუ არ გწამს, ასეთ შემთხვევაში ეს შენთვის მხოლოდ კიდევ ერთი კრიტიკის საგანი და მიზეზია, რომელსაც სამწუხაროდ ამ ბოლო დროს მართლმადიდებლობის სახელით მოქმედი ადამიანები ხშირად იძლევიან. მაგრამ ასეთ პირებზე მეტი ამ დღეებში იყვნენ ან გნებავთ ვიყავით ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ იმის, რომ სწამთ, და რაღაც გაეგებათ რელიგიაში და სწორედ ამ საფუძვლით ვაძლევდით თავს უფლებას გაგვეკრიტიკებინა ეს ფაქტი და ეს ადამიანები. თუმცა მოდი შევჩერდეთ და დავფიქრდეთ რომელია უფრო ახლოს ქრისტიანობასთან თუნდაც გაუაზრებლად, თუნდაც უტოპიური მიზეზით, მართლაც ცხვარივით ტაძარში მისასვლელად რიგში დგომა თუ სახლში ჯდომა და სხვა ადამიანების კრიტიკა/განკითხვა?
მე ვფიქრობ რომ პირველი, რადგანაც ქრისტიანობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს აზრს სწორედ მორჩილება და სხვისი განკითხვისაგან თავშეკავება წარმოადგენს. ამიტომ ვურჩევდი პირველ რიგში ჩემს თავს ვიდრე დავიწყებდით იმ ადამიანების კრიტიკას, რომლებიც არ მოერიდნენ არც შორ გზას, არც რიგში, სიცივეში დგომას, არც დაცინვას, და რომლებიც როგორც მინიმუმ შეეცადნენ მოეკრიბათ მთელი თავიანთი რწმენა და მონდომება რათა მათი სურვილი ყოფილიყო გულწრფელი, დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენ მათ შორის იმიტომ კი არ ჩავდექით, რომ ეს ყველაფერი უაზრობად გვეჩვენა, არამედ იმიტომ რომ მათგან განსხვავებით არ გვეყო რწმენა, რწმენა ღმერთის და რწმენა საკუთარი თავისა.

ლევან ნიშნიანიძე