Skip to content

არნოლდ შვარცენეგერის შთამაგონებელი გამოსვლა

სიტყვა, რომლითაც კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა მიმართა ემორის უნივერსიტეტის (ჯორჯიის შტატი, აშშ) კურსდამთავრებულებს 2010 წლის 10 მაისს. უნივერსიტეტმა მას დოქტორის ხარისხი მიანიჭა სამართლის სფეროში, ,,ტერმინატორმა” კი სტუდენტებს უამბო, როგორ გახდა წარმატებული ათლეტი, მსახიობი და პოლიტიკოსი.
***
– მადლობას ვუხდი (უნივერსიტეტის) პრეზიდენტ ვაგნერსა და დეკანს ჩემი მოწვევისთვის. მეურვეებო, ლექტორებო, ოჯახებო, მეგობრებო და კურსდამთავრებულებო – დიდი პატივია აქ თქვენს წინაშე დგომა და საპატიო სადოქტორო ხარისხის მიღება სამართლის დარგში. ჩემთვის ეს გახლავთ პირველი ხარისხი სამართალში და საბოლოოდ, კენედების ოჯახი იფიქრებს, რომ მე წარმატებული ვარ. საბოლოოდ, მარია შემახვედრებს თავისი ოჯახის წევრებს. მართლაც დიდი პატივია, რომ ამ მშვენიერ დღეს ხარისხის მინიჭების დღის ორატორად ვდგავარ. დაგეგმილი იყო, რომ სიტყვით უნდა გამოვსულიყავი არიზონაშიც, მაგრამ ვშიშობდი, რომ ჩემი აქცენტის გამო დეპორტით გამაბრუნებდნენ ავსტრიაში, ამიტომ ეს იდეა მალევე ჩავახშე. ყველა თქვენგანი ახალ ეტაპზე გადადის, ამიტომ მე აქ მოვედი, რათა ჩემი ისტორია გიამბოთ. მე მოვედი, რათა შთაგაგონოთ და გაგამხნევოთ! ცხადია, უნდა აღინიშნოს, რომ ყველანი არ იქნებით ისეთი მშიერი, როგორიც მე ყოველთვის ვიყავი, ან ისეთივე ამბიციური ან ისეთივე გულმოდგინე – და ნება მომეცით გითხრათ, რომ თუკი ვიღაც მეტყოდა, რომ რაღაც შეუძლებელია, მე უბრალოდ ავდგებოდი და გავაკეთებდი – ასე ვიქცეოდი ყოველთვის. მე პირისპირ მითხრეს, ,,შენ მხოლოდ გიგანტური კუნთები ხარ – არ გამოგდის მსახიობობა, არ გაგაჩნია მომავალი და სასაცილო აქცენტი გაქვს.” სწორედ ეს მითხრა ჩემმა ცოლმა მარიამ პირველ შეხვედრაზე. ამიტომ გრძელი გზა გავიარეთ, სანამ ქორწინებამდე მივიდოდით. ამჟამად ასეთ რაღაცებს აღარ მეუბნება.
ასეა თუ ისე, მინდა მივულოცო დღევანდელ კურსდამთავრებულებს – არაჩვეულებრივ ქალებსა და მამაკაცებს ემორის უნივერსიტეტის 2010 წლის გამოშვებიდან!
თქვენ ხართ ჩვენი ერის ყველაზე ახალგაზრდა ძიძები, ექიმები, მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, მინისტრები, ხელოვანები, მეცნიერები, ბიზნესმენები – და ეს სია უსასრულოდ გრძელდება. თქვენ მართლაც არაჩვეულებრივი გუნდი ხართ! დაახლოებით 4000-მა მამაკაცმა და ქალმა თავი მიუძღვნა სწავლასა და სამსახურს. ვიცი, რომ თქვენი სტუდენტური საზოგადოება ყველაზე მეტად მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყნის წამყვან სამეცნიერო კვლევა-ძიების უნივერსიტეტებს შორის. თქვენ წარმოადგენთ დაახლოებით 50 შტატსა და 75 ქვეყანას. თქვენ საუბრობთ ათობით სხვადასხვა ენაზე – რეალურად ამან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, გამოსვლა უფრო საინტერესო გავხადო და დარჩენილი ნაწილი გერმანულად წავიკითხო.. არა, ვხუმრობ. ამას არ ვაპირებ. ზოგიერთი თქვენგანის თვალებში წუხილიც ამოვიკითხე.
მოდი განვაგრძოთ და ამჯერად ვისაუბროთ იმ განსაკუთრებულ, შესანიშნავ მონაპოვარზე, რომელიც ყველამ შეიძინეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, დღეს აქ არ იქნებოდით, რომ არა სიყვარული და მხარდაჭერა თქვენი ოჯახის მხრიდან. მოდი ხანგრძლივი ტაშით აღვნიშნოთ ის დიდი საქმე, რაც მათ გააკეთეს. არ დავივიწყოთ უნივერსიტეტის ლექტორები და თანამშრომლები, რომელთა ბეჯითმა შრომამ გაქციათ იმ დიდ ადამიანებად, რომლებიც დღესდღეობით ხართ. მოდი, ისინიც ტაშით დავაჯილდოვოთ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, რაზე უნდა მესაუბრა დღეს აქ. ამიტომაც მოვედი უნივერსიტეტში და სტუდენტებთან ერთად მიმოვიხილე ეს საკითხი. შედეგი საინტერესო იყო: 17 პროცენტს უნდოდა, შთამაგონებელი ვყოფილიყავი, 23 პროცენტს სურდა, პრაქტიკული რჩევები მიმეცა. 30 პროცენტს კი იმ ფულის დაბრუნება სურდა, რომელიც გადაიხადეს ფილმში “Jingle All the Way”. ხოლო დარჩენილ 30 პროცენტს უნდოდა, რომ ეს ფრაზები წარმომეთქვა:
● Hasta la vista, baby.
● ეს სიმსივნე არაა. ეს სულაც არაა სიმსივნე.
● გაანადგურე შენი მტრები და ისმინე მათი ქალების მწარე გოდება.
● მე დავბრუნდები.
მე მინდა, რომ ყველა თქვენგანის მოთხოვნილება დავაკმაყოფილო და მსურს, წარმატების ჩემეულ წესებზე გესაუბროთ. გესაუბროთ თქვენი ოცნებების ახდენაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ, რისი მიღწევა გსურთ და რისი კეთება გინდათ.
ის პრინციპები, რომლებმაც წარმოუდგენელი წარმატება მომიტანა რამდენიმე კარიერაში, დაწყებული ბოდიბილდინგიდან და დამთავრებული მსახიობობითა და პოლიტიკით, მოიცავს მარტივ წესებს:
● იმუშავე მთელი ძალით
● გჯეროდეს საკუთარი თავის
● დაარღვიე ზოგიერთი წესი
● ნუ შეუშინდები დამარცხებას
● დააიგნორე სკეპტიკოსები
● დარჩი მშიერი
ნება მომეცით, გითხრათ, რომ მე რამდენიმე სფეროში მივაღწიე დიდ წარმატებას და ეს მოხდა სკეპტიკოსებისთვის ზურგის შექცევითა და საკუთარი თავის რწმენით.
წარმოიდგინეთ, ხართ 15 წლის, ცხოვრობთ ავსტრიაში და ეუბნებით ხალხს: ,,მინდა, რომ ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი გავხდე.” ცხადია, ისინი გიპასუხებენ: ,,კი მაგრამ, ეს ხომ არაა ავსტრიული სპორტი… შეგიძლია, თხილამურებით სრიალის ჩემპიონი გახდე, ან ფეხბურთის, ან მძლეოსნობის – ესაა ავსტრია. ბოდიბილდინგი კი ამერიკული სპორტია.” მაგრამ იცით რა? მე საკმაოდ ნათელი ხედვა მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. მინდოდა, რომ ბოდიბილდინგის ჩემპიონი გავმხდარიყავი. ამიტომაც დავიწყე ყოველდღიური ვარჯიში დღეში 1 საათით, შემდეგ 2 საათი, 3 საათი. როცა სამხედრო სამსახურში ვიყავი, 18 წლის ასაკში, დღეში 4-5 საათს ვუთმობდი ვარჯიშს. შემდეგ მე გავხდი ყველაზე ახალგაზრდა მისტერ სამყარო – ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი 20 წლის ასაკში. ესეც თქვენი ,,შეუძლებელია”.
ზუსტად ამის შემდეგ – რადგან, როგორც აღვნიშნე, უნდა დარჩეთ მშიერი – შემდეგი მიზნისკენ დავიწყე სვლა, რომელიც ამერიკაში ჩასვლას შეეხებოდა. მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მინდოდა, ამერიკაში ჩავსულიყავი. ამ ქვეყანას ვესტუმრე ცარიელი ჯიბეებით, მაგრამ სურვილებით სავსე ოცნებებით. მუცელში ცეცხლი მენთო და ვიცოდი, რომ შეერთებული შტატები იყო ის ადგილი, სადაც წარმატებას მივაღწევდი. აქ შესაძლებლობები უსაზღვროა. მინდოდა, ამერიკული ოცნებით მეცხოვრა, რადგან ეს შანსების ქვეყანაა. ვიცოდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც გავაგრძელებდი ბოდიბილდინგის კარიერას და დავიწყებდი მსახიობობას – გავუყვებოდი სამსახიობო პროფესიას.
ასე რომ გადმოვსახლდი აქ და ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში ვვარჯიშობდი – 5 საათი, 6 საათი და ერთიმეორის მიყოლებით ვიმარჯვებდი მსოფლიო ჩემპიონატებში. როცა ბოდიბილდინგის კარიერა დავასრულე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 13-ჯერ მქონდა აღებული, რაც ნებისმიერ სხვა ბოდიბილდერზე მაღალი მაჩვენებელია.
შემდეგ ისევ წინსვლა გადავწყვიტე, რადგან სიცოცხლის ბოლომდე ბოდიბილდინგში ვერ იქნები. ვიცოდი, რომ ამჯერად მსახიობობა იყო ის, სადაც მსურდა ყოფნა. მაგრამ აქაც იგივე დაბრკოლებებს წავაწყდი, ხალხი ისევ მეუბნებოდა, რომ ეს ,,შეუძლებელი” იყო. ვესაუბრე აგენტებს და მათ მითხრეს: ,,ასე უბრალოდ მსახიობი ვერ გახდები და ფილმებში ვერ გადაგიღებენ.” მე კი მივუგე: ,,უბრალოდ მსახიობობა კი არ მსურს, მინდა, რომ მთავარი როლების შემსრულებელი ვიყო.” მათ მითხრეს: ,,დაივიწყე ეგ საქმე” და გაიცინეს. ,,ასეთი აქცენტით? შენნაირი აქცენტით ვერავინ გახდება მთავარი როლის შემსრულებელი. და თანაც შენი სხეული, უბრალოდ შეხედე ამ ერთმანეთში შესობილ გამობურცულობებს. ეს ზედმეტად განვითარებული სხეული გამოგადგებოდა 20 წლის წინ, როცა ჰერკულესზე ფილმებს იღებდნენ, მაგრამ ახლა დასტინ ჰოფმანია, ალ პაჩინოა, ვუდი ალენია – ესენი არიან სექს-სიმბოლოები, რატომ არ გესმის? შეხედე შენს თავს და დაივიწყე ეს აზრი, რადგან არასდროს განხორციელდება. და თანაც წარმომიდგენია ბილბორდზე დაწერილი შენი სახელი – შვარცენ-შნიცელი თუ რაც არის, და გეტყვი, რომ ბილეთების გასაყიდად არ გამოდგება.”
მაგრამ იცით რა? მე მათ არ მოვუსმინე. დავიწყე აქტიური მუშაობა, ისევე როგორც ბოდიბილდინგში ვარჯიშის დროს. 5-6 საათი დღეში დავდიოდი სამსახიობო კურსებზე, სამეტყველო კურსებზე, სასაუბრო კურსებზე, აქცენტის მოსაშორებელ კურსებზე – რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვაკეთებდი.
ნელ-ნელა ყველაფერი წინ მიდიოდა. ის დაბრკოლებები, რომლებზეც მანამდე მესაუბრებოდნენ, თანდათან დადებით მხარედ გარდაიქმნა… როცა კონან ბარბაროსის როლი შევასრულე, რეჟისორმა მითხრა: ,,შენ რომ არ გვყოლოდი, შენნაირს შევქმნიდით”. ხოლო ,,ტერმინატორის” რეჟისორმა თქვა: ,,ვერ წარმომიდგენია, ტერმინატორის როლი ეთამაშა ისეთ ვინმეს, რომელსაც არ ექნებოდა შენნაირი აქცენტი და სხეული. ვერ წარმომიდგენია ფრაზა «მე დავბრუნდები» ჩვეულებრივი ამერიკული აქცენტით. ყველაფერი ისე კარგად გამოდის, როცა შენებური გერმანული აქცენტით საუბრობ.” ასე რომ ის ყველაფერი, რაზეც ადრე მესაუბრებოდნენ, საბოლოოდ უპირატესობა აღმოჩნდა. დროის გასვლასთან ერთად მე კარიერულად ვიზრდებოდი და ერთი ფილმიდან მეორეზე გადავდიოდი, თანდათან სულ უფრო მეტ ფულს ვშოულობდი, სანამ არ გავხდი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი – ფილმ Terminator III-ში მონაწილეობისთვის $30 მილიონი გადამიხადეს. ეს კიდევ ერთხელ გიჩვენებთ, როგორ იქცა რეალობად ,,შეუძლებელი”. სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ ნებისმიერი რამის მიღწევას შეძლებთ, თუკი გაქვთ წარმოსახვა და გჯერათ საკუთარი თავის.
იგივე განმეორდა, როცა გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე – წარმოიდგინეთ, მივედი გადაცემა ,,ღამის შოუში” და განვაცხადე, რომ ვაპირებდი, გავმხდარიყავი არაჩვეულებრივი შტატის, კალიფორნიის, გუბერნატორი. ხალხი მოდიოდა და მეუბნებოდა: ,,თქვენ გიჟი ხართ, ასეთ რამეს «ღამის შოუში» არ აცხადებენ! ამისთვის შტატის დედაქალაქში ოფიციალური პრესკონფერენცია უნდა მოიწვიოთ. გარდა ამისა, პირდაპირ გუბერნატორი ვერ გახდებით, ჯერ მერობით ან შტატის სენატორობით უნდა დაიწყოთ.” მე კი მივუგე: ,,არ მინდა სენატორობა, არც მერობა, მე გუბერნატორობა მსურს, ნუთუ არ გესმით?!”
დანარჩენი უკვე ისტორიაა. 2003 წელს გავიმარჯვე და იგივე განმეორდა 2006 წელს. ნება მომეცით გითხრათ, რომ ნებისმიერ ნაბიჯზე შეგხვდებიან სკეპტიკოსები, რომლებსაც არ უნდა უსმინოთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი მიზანი; ზუსტად განსაზღვრეთ, რისი მიღწევა გსურთ; ენდეთ საკუთარ თავს; დაიწყეთ, იმუშავეთ თავდაუზოგავად და არასდროს, არასდროს არ შეგეშინდეთ მარცხის. ცხოვრებაში ვერცერთ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მივაღწევდი, თავდაჯერება რომ არ მქონოდა – რადგან ცხადია, ყოველთვის არის შანსი, რომ დამარცხდები. მწოლიარე მდგომარეობაში 500 ფუნტი (227 კგ) სიმძიმის აწევას ვცდილობდი – ათჯერ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ხოლო მე-11 ცდა წარმატებული აღმოჩნდა. ამიტომ არასდროს დანებდეთ და არ შეგეშინდეთ, რადგან სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს ამუხრუჭებთ და ზღვარს უწესებთ. მე არ მეშინოდა მარცხის, როცა გუბერნატორობაზე ვიყარე კენჭი. არასდროს არცერთი საქმისთვის ხელის მოკიდების დროს არ მქონდა შიში, რადგან არ უნდა გეშინოდეთ წარუმატებლობის, ეს ცხოვრების ნაწილია. ყოველთვის ამ პრინციპებით ვცხოვრობდი და ამავე დროს დიდ სიამოვნებას ვიღებდი. მაგრამ ასევე უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებული გახდებით, რამდენად ასაკოვანი იქნებით, ყოველთვის გქონდეთ მეტის მოთხოვნილება. ყოველთვის იყავით მშიერი ახალი რამეების შესასწავლად, რადგან საკმარისი ცოდნა არასდროს გექნებათ.
მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სიდიადე პირდაპირ კავშირში იყო რეპუტაციასა და წარმატებასთან. ვფიქრობდი, რომ დიდი კარიერა, ფული და მიღწევები წარმატებას უდრიდა, მაგრამ სასტიკად ვცდებოდი. ეს ყველაფერი მოგვიანებით ვისწავლე. ვისწავლე სრულიად შემთხვევით, როცა ვისკონსინის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევითი პროგრამა თემაზე «რა ეფექტი ექნება სპეციალურ ოლიმპიელთა სიმძიმეებით ვარჯიშს გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებზე» (სპეციალური ოლიმპიადა – სპორტული შეჯიბრები შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისთვის). ისინი მე მიხმობდნენ. მათ მითხრეს: ,,არნოლდ, შენ ამ საკითხში ექსპერტი ხარ. გვინდა, რომ უნივერსიტეტში მოხვიდე და პროგრამასთან დაკავშირებით დაგვეხმარო.” მე სასწრაფოდ გავეშურე უნივერსიტეტში, სადაც ბავშვები დამხვდნენ. პირველი ვარჯიში, რომლის ჩატარებაც გადავწყვიტეთ, იყო მწოლიარე მდგომარეობაში სიმძიმის აწევა. მონაწილეები მწკრივში ჩადგნენ. პირველი მათგანი წამოწვა სავარჯიშო გრძელ სკამზე; საწყის წონად 18 კგ ავიღეთ, რაც მან 10-ჯერ აწია. შემდეგ ის ადგა და მის ადგილზე შემდეგი დაწვა; მე მას მკერდზე შტანგა დავადე, მან კი მოულოდნელად ღრმად სუნთქვა დაიწყო და ხმამაღლა დაიყვირა. შემდეგ ახტა, შტანგა გადააგდო და კანკალი დაიწყო. მე მივხვდი, რომ მას სიმძიმის შეეშინდა, ამიტომ დამშვიდება დავუწყე და ვუთხარი: ,,ნუ გეშინია, უბრალოდ დააკვირდი შენს მეგობრებს, როგორ ვარჯიშობენ და შენც მოგინდება იმავეს გაკეთება.” მართლაც, მისი მეგობრები მშვენივრად ართმევდნენ თავს ვარჯიშს და მოულოდნელად ისიც რიგში ჩადგა და ხელახლა ცდა გადაწყვიტა. როცა სკამზე წამოწვა, ცარიელი ღერძი მივაწოდე, რომელიც 9 კგ-ს იწონიდა და ათჯერ აზიდა. შემდეგ ვკითხე, წონის დამატება თუ სურდა, რაზეც თანხმობა განაცხადა. ღერძს ორი ფირფიტა დავუმატე – ამჯერად სიმძიმემ 18 კგ შეადგინა და ესეც ათჯერ აზიდა. შემდეგ მეტი მოუნდა და კიდევ ორი ფირფიტა მივამატე – სიმძიმე 27 კგ გახდა და ისიც ათჯერ აწია. შემდეგ ისევ დამატება ითხოვა და 36 კგ-ზე გადავედით. როცა ვარჯიში დაასრულა, სკამიდან ჩამოხტა და ძალიან გახარებული იყო. ამან თვალები ამიხილა, რადგან ვიხილე, როგორ გარდაიქმნა შეშინებული ბავშვი თავდაჯერებულად დროის მოკლე პერიოდში და ეს ეფექტი მასზე მე მოვახდინე. მე ეს შევძელი და ამან ძალიან ამაღელვა. როცა ღამით სასტუმროში დავბრუნდი, ჩემს თავს ვკითხე: ,,რა მოხდა?” იმ დღეს მე საერთოდ არ მიშოვია ფული, ეს საერთოდ არ ყოფილა კარიერული წინსვლა. თითქოს არც არაფერი მომხდარა, მაშ რაღატომ ვიყავი ასეთი აღელვებული? და მაშინ მივხვდი, ეს იმის გამო იყო, რომ მე ვიღაცას დავეხმარე. დავეხმარე იმას, ვისაც ჩემგან დახმარება ესაჭიროებოდა.
ჩემი სიმამრი, რობერტ შრაივერი, რომელიც მუშაობდა კენედის ადმინისტრაციასა და ჯონსონის ადმინისტრაციაში, მშვიდობის კორპუსში, დასაქმების კორპუსში, ღარიბების დასახმარებელ ფონდში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პროგრამაში და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ადგილას, სიტყვით გამოვიდა იელის უნივერსიტეტში. გამოსვლისას მან ნათლად განუცხადა სტუდენტებს: ,,დაამსხვრიეთ ეგ სარკე. დაამსხვრიეთ ის სარკე, რომელიც გაიძულებთ, მუდამ საკუთარ თავს უყუროთ. დაამსხვრიეთ და შეძლებთ, გაიხედოთ უფრო შორს, სადაც დაინახავთ მილიონობით სხვა ადამიანს, რომლებსაც თქვენი დახმარება ესაჭიროებათ.” მე მივხვდი, რომ იმ დღეს სწორედ ეს დამემართა – გავანადგურე სარკე, რომელშიც მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავდი და მუდამ იმაზე ვდარდობდი, როგორ გავმხდარიყავი უფრო მდიდარი, უფრო ცნობილი, როგორ მეშოვა მეტი ფული, როგორ დავწინაურებულიყავი კარიერულად. გავანადგურე სარკე და გავიხედე შორს, სადაც დავინახე ადამიანები, რომლებსაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. ეს დიდი, ძალიან დიდი გაკვეთილი იყო – სწორედ ამიტომ გეუბნებით, დარჩეთ მშიერი, რათა ასეთი რამეები ისწავლოთ. წლების განმავლობაში მე სპეციალური ოლიმპიელების პროგრამაში ვრჩებოდი – სხვადასხვა დროს ვიყავი ეროვნული მწვრთნელი, საერთაშორისო მწვრთნელი, ჩირაღდნის დამტარებელი, სპეციალურ ოლიმპიელთა წარმომადგენელი, ვმოგზაურობდი მსოფლიოს გარშემო და ვეხმარებოდი მათ. ვაგულიანებდი სპორტსმენებს, მათთან ერთად დავრბოდი სტადიონებზე, მათთან ერთად ვვარჯიშობდი, სათითაოდ ვეხუტებოდი და ვულოცავდი, კისერზე ვკიდებდი მედალს, მუდამ მათ გვერდით ვიყავი. ეს გასაოცარი რამ იყო და დიდ კმაყოფილებას მანიჭებდა.
ერთხელ სამხრეთ აფრიკაში ჩავედი და შევხვდი ჩემს ერთ-ერთ გმირს – ნელსონ მანდელას. ეს სხვაგვარი სიდიადე იყო იმასთან შედარებით, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელოვნად ვთვლიდი. მანდელამ 27 წელი გაატარა ციხეში, რადგან მიიჩნევდა, რომ შავკანიანი სამხრეთ აფრიკელები თეთრკანიანთა თანასწორნი იყვნენ. მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ შურისძიების ნაცვლად ის მიტევებაზე საუბრობდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შერიგება და ქვეყნის გაერთიანება იყო. პატიმრობის მოხდის შემდეგ მან ისადილა აპართეიდის არქიტექტორისა და სამხრეთ აფრიკის პრემიერ-მინისტრის, ჰენდრიკ ვერვუდის, ცოლთან. უბრალოდ დაფიქრდით – მასთან სადილობა – იმ კაცის ცოლთან, რომელიც პასუხისმგებელი იყო მანდელას ციხეში ჩასმაზე! ნელსონ მანდელა იქცა სიყვარულის, ერთობისა და შემწყნარებლობის ცოცხალ განსახიერებად. სწორედ ესაა სიდიადე. სხვისი დახმარება და სარკის იქით ყურება დღესდღეობით წარმოადგენს სიდიადის ჩემეულ საზომს. სწორედ ეს მანიჭებს კმაყოფილების გრძნობას საკუთარ თავზე. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ მირჩევნია სასკოლო პროგრამაში ჩავერთო და პატარა გოგონას დავეხმარო, ვითამაშო ჭადრაკი მასთან ერთად, ვიდრე მორიგი ფილმის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე გავიარო.
ვიცი, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ მომიწვიეთ, არის ჩემი წვლილი საჯარო სამსახურის სფეროში. დიდი პატივია იმ უნივერსიტეტში მოხვედრა, რომელიც სხვებისგან გამოირჩევა მომსახურებით. ვიცი, რომ მთელ ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში ცნობილი არ გამხდარხართ მხოლოდ გასაოცარი განათლების მიღების საშუალების გამო, არამედ იმ არაჩვეულებრივი მომსახურების გამოც, რომლითაც სახელი გაითქვით ყველგან. ერთ-ერთი რამ, რაც თქვენი გაკეთებული საქმეებიდან ყველაზე მეტად მომწონს, არის ჯორჯიის სპეციალური ოლიმპიადის მასპინძლობა. ეს გასაოცარი მიღწევაა და ამას უკვე 2 ათეული წელია, აკეთებთ.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი სიდედრის, იუნის კენედი შრაივერის სახელითაც, რომელმაც სპეციალური ოლიმპიადის პროგრამა 42 წლის წინ წამოიწყო. ის გასულ წელს გარდაიცვალა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა სამოთხიდან გვიყურებს და იღიმის, რადგან იცის, რომ ამ მომენტში სპეციალურ ოლიმპიადაზე ვსაუბრობ და მადლობას გიხდით იმ დიდი საქმისთვის, რომელიც თქვენ შეძელით. მან მსოფლიო შეცვალა სპეციალური ოლიმპიადის წამოწყებით. ის ნათელი მაგალითია იმ ჯაჭვური რეაქციისა, რომელიც იწყება ერთი ადამიანით და წინ გადადგმული ერთი ნაბიჯით. ცხადია, გარშემო მასაც ჰყავდა სკეპტიკოსები. ეს ადვილი არ ყოფილა. როცა მან განაცხადა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთათვის ოლიმპიადის ჩატარება სურდა, ექსპერტებმა უთხრეს: ,,ეს ცუდი იდეაა. სპორტით რომ დაკავდნენ, რაიმეს დაიშავებენ და საკუთარ თავსა და ერთმანეთს ავნებენ, საცურაო აუზში ცურვისას კი დაიხრჩობიან.” მაგრამ მან არ მოუსმინა და წინსვლა გადაწყვიტა. ის დაუღალავად იბრძოდა ადამიანებისა და სამოქალაქო უფლებების დასაცავად, არასდროს იღებდა ,,არას” პასუხად. სწორედ ამის შედეგია, რომ სპეციალური ოლიმპიადა დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 179 ქვეყანაში ტარდება. მილიონობით ბავშვი იღებს სპორტში მონაწილეობას, იუმჯობესებენ ჯანმრთელობას და შოულობენ სამსახურს. მე სპეციალური ოლიმპიელიც კი მყავს დასაქმებული – ჯონი არაჩვეულებრივად ართმევს თავს ოფისში ფოსტის დარიგებას და მისი შრომა სულ უფრო მეტად ნაყოფიერი ხდება. ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებიც ისეთივე ქმედითუნარიანები ყოფილიყვნენ, როგორიც ჯონია. ჩვენ ორივეს ერთი პასუხისმგებლობა გვაკისრია – ვემსახუროთ სხვებს და მოვახდინოთ ცვლილება.
მე ამ პასუხისმგებლობას სრული სერიოზულობით ვეკიდები. სწორედ ამიტომ ვიყარე კენჭი კალიფორნიის შტატის გუბერნატორობაზე, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ხმა 38 მილიონ ადამიანამდე მიაღწევდა. სწორედ ამის გამო მაქვს დღეს კმაყოფილების განცდა. 15 წლის ასაკში მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კალიფორნიის გუბერნატორი გავხდებოდი. მე ერთ-ერთი ვარ იმ ბედნიერ ადამიანებს შორის, რომლებმაც ოცნებები აისრულეს. და კიდევ ერთი რამ, რასაც ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, არის ის, რომ გუბერნატორის პოზიციაზე მთელი 7 წელი ვიქნებოდი. მაგრამ მე ვიცოდი, რომ კალიფორნიის მმართველობა იქნებოდა შანსი, რაიმე შემეცვალა, თან არამხოლოდ ჩემს შტატში, არამედ მომეხდინა ცვლილება მთელ ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში, რადგანაც ემიგრანტისთვის სამაგიეროს გადახდა მნიშვნელოვანია. თუკი აქ იბადებით, ვალის დაბრუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი ემიგრანტად ხართ ჩამოსული, ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანამ გაშლილი ხელებით მიგიღოთ. ეს შესაძლებლობების ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც მივაღწიე, იმის 10%-საც კი ვერ ავისრულებდი, შეერთებულ შტატებში რომ არ ჩამოვსულიყავი. ეს უბრალოდ ეჭვგარეშეა, ამ მხრივ აშშ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანია ისეთი, რომლებიც ამერიკაზე წუწუნებენ, მე მათ ვეტყვი: ,,მოკეტეთ!”
სწორედ ამიტომ მინდოდა, რაიმე სახით სამაგიერო გადამეხადა. ამიტომაც გავხდი გუბერნატორი და განვახორციელეთ ცვლილებები. შევცვალეთ ბევრი რამ და გავაუმჯობესეთ კალიფორნიის ინფრასტრუქტურა, დასაქმებულთა ანაზღაურება, მოვახდინეთ მთავრობის რეფორმაცია, რათა უფრო ეფექტური გაგვეხადა. ვიბრძოდით გლობალური დათბობის წინააღმდეგ, სათბურებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვი 2020 წლისთვის შემცირდება 25%-ით. ასევე არ ვართ დამოკიდებული მხოლოდ იმ ნავთობზე, რომლებიც მოგვეწოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც სძულთ აშშ. დიახ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, ჩვენ გამოვაფხიზლეთ ფედერალური მთავრობა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ გარემოს დაცვისა და ენერგიის მიღების პოლიტიკა წესრიგში აქვთ.
ესაა ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც ჩემ მიერ განხორციელდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ აქტიურად ვშრომოდით, არ ვფიქრობდით საკუთარ თავებზე, არამედ იმაზე, როგორ დავხმარებოდით შტატსა და სახელმწიფოს. თანდათან ჩვენ მსოფლიოს მოვედეთ. ახლა, როცა ამ საკითხებზე გესაუბრებით, როცა გეუბნებით, როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის და ყველასთვის, რაღაც გააკეთოთ, არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც მსოფლიო დონის საქმეები აკეთოთ. უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, ისე მოხდა, რომ მე ძალიან ამბიციური აღმოვჩნდი.
ყველა თქვენგანს მუდმივად უნდა წყუროდეს წარმატება. იყავით მშიერი, რათა თქვენი კვალი დატოვოთ, დარჩით მშიერი, რათა სხვებმა დაგინახონ და თქვენი ნათქვამი მოისმინონ, რათა თქვენი ქმედება იყოს ეფექტური. მაგრამ როცა დაიწყებთ წინსვლას და გახდებით წარმატებული, დარწმუნდით, რომ ყოველთვის დაეხმარებით სხვებს და მუდმივად გაიხედავთ სარკის იქით. დაიწყეთ მარტივი რამეებით, მაგალითად სკოლის ფეხბურთის გუნდის მწვრთნელობით ან დაეხმარეთ ბავშვებს კითხვის სწავლაში, ან დააპურეთ უსახლკაროები. ამჟამად კალიფორნიაში 7 მილიონი მოხალისე გვყავს. მე ვიყავი პირველი გუბერნატორი, რომელმაც დანიშნა მდივანი მოხალისეთა პროგრამების სამეთვალყურეოდ. ახლა იგივე რამეს სხვადასხვა ქვეყნის გუბერნატორები აკეთებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
გამოიყენეთ თქვენი ძალა და პოტენციალი და აქციეთ თქვენი ერი და მსოფლიო უკეთეს ადგილად. ამ მეთოდმა გაამართლა იმ ემიგრანტის შემთხვევაში, რომელსაც აშშ-ში ჩამოსვლისას ჯიბეში მხოლოდ 20 დოლარი ჰქონდა. მე ზუსტად ვიცი და გარანტიას გაძლევთ, რომ იმუშავებს თქვენს შემთხვევაშიც, ემორის უნივერსიტეტის 2010 წლის კურსდამთავრებულებისთვის. მე ვამაყობ ყველა თქვენგანით და იმით, თუ რამდენს მიაღწიეთ. ვიცი, რომ დიდი იქნება თქვენი წვლილი ამ ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ და ღმერთმა დალოცოს ყველა თქვენგანი. დიდი მადლობა.
წყარო: charliuss.com