თითოეულ ადამიანს შეუძლია იქცეს ლეგენდად, შექმნას თავისი ცხოვრებისაგან შედევრი, იცხოვროს ბედნიერად, მოიპოვოს ფინანსური თავისუფლება, რომელიც, ძირითადად, ყოველგვარი თავისუფლების საფუძველია, მიაგნოს და გადაჭრას კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემები, აღივსოს ენერგიის უშრეტი წყაროთი თუ ექნება დიდებული განწყობა. აი ეს თუ არის ის ერთ-ერთი უნიშველოვანესი ელემენტი, რომელიც გვაბრკოლებს და არ გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ ჩვენი პოტენციალის სადარი უნარი. რა იგულისხმება ამ თუ-ში, იმის მიგნებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოველი ადამიანის ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების მოწყობისათის.
იმისათვის, რომ განვავითაროთ აღმშენებლობითი ენერგია, აუცილებელია განწყობის მართვა. თუ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი განწყობა იცვლება ყოვედღიურად ჩვენგან დამოუკიდებლად. შეიძლება დაიძინოთ მშვენიერ განწყობაზე, მაგრამ გაიღვიძოთ დაღვრემილმა და აფორიაქებულმა. ასევე, შეიძლება დაიძინოთ განერვიულებულმა, მაგრამ გაიღვიძოთ დიდებულ განწყობაზე.
რადგან შეგიძლიათ, იქცეთ ლეგენდად, უნდა იქცეთ კიდეც. ამისათვის კი აუცილებელია შემართება, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების რწმენით აღსავსე განწყობიდან მოდის. არ ინაღვლოთ იმაზე, რომ ცუდ განწობაზე გაგეღვიძათ. პირიქით, იპოვეთ ამ ცუდ განწობაში წარმატების მარცვლები და აღმოაცენეთ ისინი თქვენს შემოქმედებაში. შეხედეთ ამ საკითხს ასე: ყველა ადამიანი რომ ყოველდღე დიდებულ განწყობაზე იღვიძებდეს, ყველა ბედნიერი და ლეგენდად ქცეული იქნებოდა. არადა ბედნიერებაც და ლეგენდად ქცევაც იმიტომაა მიმზიდველი, რომ იშვიათები არიან. ის, რაც ყოველდღიური ხდება კარგავს მიმზიდველობას. იქნებოდა კი ცისარტყელა საინტერესო ყოველდღე, რომ გამოისახებოდეს ცაზე? ბედნიერება და ლეგენდად ქცევა, ადამიანის მოქმედების ეს ორი უდიდესი მიზანი, აღარ იქნება სასურველი, დიდებული განწყობილება ყველასათვის ყოველდღიურად გარანტირებულად გამზადებული საჩუქარი რომ იყოს.
ადამიანი რომ ცვალებად განწყობაზე იღვიძებს, სწორედ ეს არის თქვენი ლეგენდად გახდომის შანსი. დაიმახსოვრეთ, ცუდი განწყობა თქვენი ერთადერთი შანსია, ვინადან ამ დროს იხსენებთ თქვენს მისიას, იმას, რომ თქვენგან სამყარო შედევრის შექმნას მოელის, ე.ი. თქვენ შეუცვლელი ქმნილება ხართ, რომელსაც შეუძლია ცუდი განწყობა შეცვალოს აღმაფრენით იმ უნიკალურობის შეგრძნებით, რომელსაც ნამდვილად წარმოადგენთ.
ასეთია სხარტად გადმოცემული ლეგენდად ქცევის საიდუმლო: ყოველდღე მილიარდობით ადამიანი იღვიძებს ცუდ გუნებაზე და მათგან მხოლოდ ისინი შექმნიან თავიანთ ცხოვრებისაგან შედევრს, რომლებიც განწყობას გამუდმებით მისიის მნიშვნელობას დაუქვემდებარებენ და არა პირიქით. ფაქტია, რომ მხოლოდ დიდებულ, შემართებულ, მებრძოლ განწყობაზე იწყებს მუშაობას ადამიანის გონების შემოქმედებითი ნაწილი.
თქვენ უკვე იცით, როგორ (მუდამ დიდებულ განწყობაზე ყოფნით) და რატომ (თქვენი მისიის შესასრულებლად) უნდა გაიმარჯვოთ სამყაროში ლეგენდის სახელის მოსაპოვებლად გამართულ შეჯიბრებაში, სადაც თქვენს წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვან მეტოქედ გამოდის თავად თქვენივე განწყობა.
მე მჯერა თქვენი გამარჯვების და რატომ არ უნდა გჯეროდეთ თქვენ?