Skip to content

კამპანია "ერთი პროცენტის კანონი – საქართველოს დროა" დაიწყო

დღეს პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისათვის” დაიწყო ერთი პროცენტის კანონის კამპანია. ერთი პროცენტის კანონი გულისხმობს საშემოსავლო და მოგების გადასახადების გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გადახდილი გადასახადიდან 1%-ი მიმართონ მათთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. მაგალითისათვის, როდესაც 20%-ს იხდით საშემოსავლო გადასახადის სახით, საშუალება გექნებათ, რომ გადახდილი 20%-დან ერთი პროცენტი მიმართოთ თქვენთვის მოსაწონი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად.

“დღეს  ქართულ საზოგადოებას წარვუდგინეთ უმნიშვნელოვანესი კამპანია”ერთი პროცენტის კანონის” სახით.  ჩვენი მიზანია საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და ერთი პროცენტის კანონი არის ამ მიზნის მიღწევის უალტერნატივო, ყველაზე სამართლიანი და ეფექტიანი გზა, რომელიც მდიდარ ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება.” განაცხადა კამპანიის მენეჯერმა გივი კუპატაძემ ჩვენს ჟურნალთან საუბრისას. 
როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის  სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე და მისი გაძლიერების აუცილებლობა იმდენად აშკარაა, რომ მასზე ღიად საუბრობენ როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ერთი პროცენტის კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კამპანიის გვერდს ფეისბუქ ზე: https://www.facebook.com/geoforonepercent