Skip to content

The Secret – ჩემი გამოცდილება

ამ სტატიაში მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ-ერთ ყველაზე მეტად მამოტივირებელ დოკუმენტურ ფილმზე, The Secret-ზე. დარწმუნებული ვარ რომ ბევრ თქვენთაგანს აქვს ნანახი და ალბათ უმეტესობა იზიარებს იმ მოსაზრებებს რაც ამ ფილმშია მოყვანილი, მათთვის კი ვისაც არ გაქვთ ნანახი, მოკლედ გეტყვით, რომ ამ ფილმის იდეა მდგომარეობს შემდეგში – თუ ადამიანს ძალიან უნდა რაღაც მოხდეს მის ცხოვრებაში, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება, შეიძლება კონკრეტულ მოვლენას თქვენს ცხოვრებაში საკმაო დრო დასჭირდეს, თუმცა თუ გაქვთ დიდი სურვილი, მაშინ სურვილი აუცილებლად აგიხდებათ. ფილმის მიხედვით, ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმეს მიღწევის სურვილი, ქმნის შინაგან აურას, მისი გონება მიმართულია სანატრელი მიზნისკენ, რომელიც აუცილებლად ასრულდება. ბუნებრივია გაგიჩნდებათ შეკითხვა:
„მე რატომ არ ამხდენია ის რამდენიმე სურვილი, რაზეც ბევრი მიოცნებია?“
პასუხი მარტივია – არ აგიხდათ, რადგან ძალიან არ გინდოდათ, ან უბრალოდ ჯერ არ დამდგარა კონკრეტული სურვილის ახდენის მომენტი. ფილმის დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და გირჩევთ თავად უყუროთ შემდეგ ბმულზე: http://allmovies.ge/ge/#movie/AGICI
ეხლა კი მინდა მოგიყვეთ ჩემი გამოცდილების შესახებ, ოღონდ წინასწარ გთხოვთ ნაამბობი არ ჩამომართვათ ქედმაღლობაში, რადგან ეს არის უბრალოდ ის, რაც მე ძალიან მინდოდა. დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ რაც ვუყურე ამ ფილმს თუმცა მისი ნახვის შემდეგ დავიწყე ჩემი ცხოვრების ანალიზი და რამდენიმე საინტერესო ფაქტი გავიხსენე. დაახლოებით 2004-2005 წლების პერიოდში, ელიტ ელექტრონიქსს გამოცხადებული ჰქონდა ვაკანსია დირექტორზე და მის მოადგილეზე, სხვათა შორის არასდროს ვიჩენდი დიდ ინტერესს დასაქმების საიტების თვალიერებისადმი, თუმცა მოხდა ისე, რომ აღმოვაჩინე ეს ორი ვაკანსია და ძალიან მომინდა ამ კომპანიაში მუშაობა, ვგეგმავდი კიდეც რეზიუმეს გაგზავნას, თუმცა მერე ვიფიქრე რომ ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანს მაშინ არავინ აიყვანდა ამ პოზიციებზე და თავი შევიკავე. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვნატრულობდი ამ პოზიციაზე მოხვედრას და ალბათ მიხვდებით თუ რა მოხდა , დაახლოებით 5 წლის შემდეგ გავხდი ელიტ ელექტრონიქსის ერთ-ერთი დირექტორი. ამით დასრულდა ჩემი კარიერის ერთი ეტაპი, როდესაც მე მინდოდა აუცილებლად გავმხდარიყავი მსხვილი კომპანიის დირექტორატის წევრი, თუმცა ჩემი ოცნება უფრო შორს მიდიოდა.
დაახლოებით 23 წლიდან ჩემი მიზანი იყო ისეთი ზომის კომპანიის ხელმძღვანელობა რომლის ბრუნვა თვეში 1 მილიონზე მეტი იქნებოდა, პირადი გეგმის მიხედვით კი ეს ყველაფერი 28 წლამდე უნდა შემესრულებინა, ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც აუცილებლად უნდა ამეხდინა და ამისათვის თავდაუზოგავად ვმუშაობდი. შედეგად, 26 წლის ასაკში გავხვდი თიბისი ფეის გენერალური დირექტორი. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ისტორიებისა, რომლებიც მე გადამხდა და ჩემს სურვილებთან იყო დაკავშირებული. ბოლოს კი გეტყვით: მოინდომეთ, გქონდეთ რწმენა, რომ მიაღწევთ დასახულ მიზანს და გარწმუნებთ ეს ნამდვილად აგიხდებათ.