მრავალი წლის ძიების შემდგე, ჭეშმარიტების მაძიებელი გამოქვაბულში ერთ ჭას მიადგა.
„რა არის ჭეშმარიტება?“ – ჩასძახა ჭას კაცმა.
სიღრმიდან პასუხი გაისმა.
„წადი, გზების გადაკვეთაზე მდებარე სოფელში. იქ იპოვნი იმას, რასაც ეძებ !“
იმედითა და მოლოდინით აღსავსე კაცი გზაჯვარედინისაკენ გაემართა.
სოფელში კაცს სამი, არაფრით გამორჩეული მაღაზია დახვდა. ერთ მაღაზიაში ლითონი იყიდებოდა, მეორეში – ხე, მესამეში – მავთული. არავინ და არაფერი ამჟღავნებდა ჭეშმარიტებას.
იმედგაცრუებული მაძიებელი ჭასთან დაბრუნდა, იგი ახსნა განმარტებებს ითხოვდა.
„მომავალში მიხვდები ყველაფერს ! „ – უპასუხა ჭამ.
კაცი დაჟინებით ითხოვდა ჭეშმარიტების გამჟღავნებას, სანაცვლოდ კი ჭიდან მხოლოდ საკუთარი ხმა უბრუნდებოდა ექოდ.
აღშფოთებულმა მაძიებელმა ჩათვალა გაასულელეს და კვლავ განაგრძო ხეტიალი იმის საპოვნელად, რასაც ეძებდა.
ჭასთან მომხდარი ამბავი თანდათან დავიწყებას ეძლეოდა, მანამ, სანამ ერთ მშვენიერ საღამოს კაცი მთვარის შუქზე არ სეირნობდა. მისი ყურადღება სიტარის ხმამ მიიპყრო. ეს იყო საუკეთესო მუსიკა, რაც კი ოდესმე მოესმინა. მუსიკა მასში შთაგონებას იწვევდა.
გულისყურით გაემართა მუსიკოსისკენ. ის ხედავდა, როგორ ცეკვავდა მუსიკოსის თითები სიმებზე. უცებ, ჭეშმარიტების მაძიებლის გონებაში რაღაც განათდა. სიხარულის ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. სიტარა ხისგან, ლითონისა და მავთულებისგან იყო დამზადებული.
საბოლოოდ მიხვდა ჭეშმარიტებას, რომელსაც ჭა ასწავლიდა: სამყარომ ყველაფერი მოგვცა, რაც გვჭირდება. ჩვენი ამოცანაა მოვახდინოთ მათი სინთეზი შესაბამისი გზით. საგანი უმნიშვნელოა მანამ, სანამ ჩვენ მასში მხოლოდ ერთ დეტალს ვხედავთ, და მაშინვე შეიძენს მნიშვნელობას, რაც ცალკეულ დეტალებს ერთმანეთთან დავაკავშირებთ და მივიღებთ რაიმე ახალს.
ჩვენი გონება არ უნდა გავყინოთ ერთი კონკრეტული დეტალის დანახვით.