Skip to content

რა არის “ციგრიტი”? – გიორგი კეკელიძე ჯერ კიდევ უცნობი წიგნის შესახებ

“მე თუ მკითხავთ, დღეს ზღაპრების ერა უფროა. ისეთი, მინარევი რეალობის. აი, სიურეალიზმის რომ ეძახიან.
თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა –  შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ნაწარმოები.წიგნში მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება. პერსონაჟებიც ჩვეულებრივი, თანამდროვე ბებიები და დედიკოები არიან. არც არაჩვეულებრივი გმირების ნაკლებობაა. მაგალითად: გვიანიკა და წუწური. მათი თავგადასავალი ჯადოსნურ ყოფიერებასა და ბიუროკრატიულ, სამუშაო გასაუბრებებს შორის მერყეობს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის, უბრალოდ ჩვენ ამ ყოფის ჯადოსნურ ნაწილს არ ან ვერ ვიმჩნევთ. ცხოვრების ყველა ტრაგიკული პასაჟიც ალბათ ესაა, მისი ზღაპრულობის დაუნახავობა – არავის გვყოფნის ამისთვის დრო. ამიტომაც ისეთი წიგნები, როგორიც ,,ციგრიტია’’  შანსს გვაძლევს ის წამი შევაჩეროთ, რომელიც შევამჩნიეთ და ვერ გავაცნობიერეთ (როგორც ეს საბჭოთა ანიმაციაშია – ,,ზღარბი ნისლში’’) ანაც ისე ჩიარა, რაღაც საბუთებს ვავსებდით და ვერ გავიგეთ.
ტოპონიმიკაც მოულოდნელია. მაგალითად: სიმონეთი ყველამ ვიცით. მაგრამ ის რაც იქ ხდება, არავის წარმოგვიდგენია. შესაბამისად, რომელიმე ფენტეზის მწერალი მას რამე ახლართულ სახელს მოიფიქრებდა. მაგრამ თამარი ცოტა პროვოკაციულ გზას დაადგა და გაიარა კიდეც.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ექიმის და ექთნის დიალოგის სცენაზე აგებული თავი. აქ უკვე ნამდვილი, ჩამოყალიბებული მწერალი გვესაუბრება და ციგრიტის აცრისთვის გვამზადებს.
ციგრიტი არ გაგიგიათ? აი, ამისთვის კი ნამდვილად წიგნის გადაფურცვლაა საჭირო. მე აღარ დაგეხმრებით, უბრალოდ დავადასტურებ: წინ კითხვის დიდი სიამოვნება გელით. ბიჭიკო პროფესროშვილთან ერთად, რა თქმა უნდა.”

გიორგი კეკელიძე

 

გთავაზობთ რამდენიმე ციტატას “ციგრიტიდან”:

 

ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ გაგიკეთოს სხვამ შენ – ანუ, არ მოუკვდე შენიანებს!

ერთ რამეს კი დანამდვილებით მიხვდა, ვერასოდეს ვერაფერს გაექცევი, მთავარია, არ გამოგეკიდოს.

შვილის ბედნიერი ხმით უბედურებაგაქარწყლებულმა მამამ ვალი საკუთარ წარსულს შვილის განცხრომით გადაუხადა.

საბოლოოდ გაფორმდა კიდეც ქორწინებამდელი მიღება-ჩაბარების აქტი მინდალასა და წუწუს შორის.

პრობლემური ფიქრებით დაორსულებული გამოსავალს ვერა და ვერ მშობიარობდა, ვერ მშობიარობდა და სიტუაციასთან ჭიდილში უცებ გონება გაუნათდა, თვალი გაახილა და როგორც იქნა, დატოვა სიზმარაული.

ტრიუმფალური სვლით დაგულიანებულმა ექთანმა, ახლა უკვე, მსუნთქავი მკერდიც ჩართო მოქმედებაში ექიმის გაბრუებული მოთმინების სათაგურში შესატყუებლად.

შესაძლოა, დროთა განმავლობაში, რამდენჯერმე დასჭირდეს კურსის გამეორება, მაგრამ სამაგიეროდ სამუდამოდ განიკურნება ამ დაავადებისგან, ახლა მთავარია გული ავამოქმედოთ, რომელიც კარგა ხანია გაჩერებულია.

ცხოვრებას ადამიანები ჩვენივე ხელით ვხატავთ, საღებავები ჩვენს ხელშია და ფერების არჩევანიც ჩვენზეა.

მხოლოდ სისადავეში გამოპრანჭული ბოსტნეული და ხილი იმსახურებდა მისი კუჭის სიმპატიას.

– სწრაფად, ციგრიტის აცრა! უკვე საღრიალო ზარბაზანი დაუშინა ექიმმა ტვინიანმა ექთან გულიანას, რომლის ტყვიაგაუმტარ გულგრილობას სასაუბრო ტონის ვერანაირი კალიბრის იარაღი ვერ აზიანებდა.

ნიჭირეთში ამ დროს ისეთი პოლიტიკური ყინვა იყო, რომ სამედიცინო პრობლემების სიცხე არავის ეკარებოდა.

მეგობრებო, ახლა ისე, როგორც არასდროს, ერთიანობა გვჭირდება. ყველამ კარგად იცით, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ მაინც ეული ისრებივით იქცევით.

იმისათვის, რომ მამაკაცმა გაიგოს რა, სურთ ქალებს, მინიმუმ ქალი უნდა გახდეს და მაქსიმუმ ქალად უნდა მოკვდეს.

პ.ს. “ციგრიტის” პრეზენტაცია 5 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, 18:00 სთ-ზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.