Skip to content

განსხვავებულობა კომუნაში

მსოფლიოს უნიკალურობას ემოციებისა და გრძნობების მრავალფეროვნება განაპირობებს, რომელსაც იმ კომუნათა ერთობლიობა ქმნის, სადაც თითოეული ადამიანი განსხვავებული ინდივიდია. პატარაობაში ამ თემაზე ზედაპირულად ვფიქრობდი ხოლმე და ჩემ თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ფურცელზე გადამეტენა პეპლის მიერ მოფარფატებული პაწაწინა ფიქრები, მაგრამ ახლა მინდა მოკლედ და კონკრეტულად ჩამოვაყალიბო, ჩემი სუბიექტური აზრი, კომუნაში განსხვავებულობის შესახებ.
თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება უნიკალური კოდი, რაც გულისხმობს პიროვნულ თავისუფლებას, განსხვავებულობას და დამოუკიდებელ არჩევანს. ეს სამი შტო კი ერთიანდება და წარმოიქმნება ის უძლიერესი ძალა, რაც განაპირობებს სამყაროს გასაოცარ ბუნებას. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფესვები. ანუ რისგანაც იბადება ესა თუ ის აზრი, იდეა, საქციელი… თავად მეგობრობა და სიყვარულიც გარკვეულ ეტაპებს მოიცავს, რომ საბოლოო სახე მიიღოს. თითოეულ მათგანს სჭირდება ფესვები, რათა გრძნობამ გაღვივება წარმოშვას, გაზარდოს და ჩამოაყალიბოს გულწრფელ და ძლიერ ურთიერთობად. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია საწყისი ნაბიჯის განხილვა, რათა სრულყოფილ იქნას მოსაზრება.თუ ადამიანი ცხოვრების პრინციპს ვერ მოეწყო, იწყებს რაღაც ახლის შექმნას. ცდილობს სამყარო უფრო მრავალფეროვანი გახადოს და თუ საჭირო იქნება ახალი ფერებიც გამოიგონოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ხალხს არ აინტერესებს შენი აზრი, რადგან მათი ფსიქოლოგია ერთ ყაიდაზეა მოწყობილი. აქ კი მახსენდება ონორე დე ბალზაკის უკვდავი ფრაზა: ,,იქ სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული – სიმახინჯედ ითვლება.’’ ანუ როგორი ჯანსაღი აზრიც არ გქონდეს, თუ განსხვავებულია არცერთ შემთხვევაში არ აღიარებენ. რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები.კომუნას ქმნის ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ერთიანდებიან რაღაც საერთო მიზნების გამო. მაგრამ განსვავებულობის გარეშე არცერთი საზოგადოებრივი სისტემა ან ჯგუფი არაფერი იქნებოდა, რადგან სამყაროს მთავარი ელემენტი მრავალფეროვნებაა. თითოეული ადამიანი ცალკეული ინდივიდია და საჭიროებს თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლებას. იქ კი სადაც ურთიერთობები კანონებით იქმნება საზოგადოება ყველანაირი არჩევანისგან შორსაა. მაგალითისთვის ისიც საკმარისი იქნება, თუ გავიხსენებთ მსოფლიო ლიტერატურის აწ უკვე უკვდავ ნაწარმოებს. საუბარი მაქვს უილიამ შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტაზე’’, სადაც მთავარი პერსონაჟების ტრაგიკული დასასრული სწორედ უსამართლო კანონებმა გამოიწვია. ფაქტობრივად, ისინი კომუნაში აღმართულ წესებს ვერ შეეწყვნენ. რამაც ასეთ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ორივე მათგანი.

განსხვავებულობა პირადად მე დიდი ინტერესს აღმიძრავს, რადგან რწმენა იმისა, რომ თითოეული ადამიანი თავის შესაძლებლობებს სააშკარაოდ გამოიტანს, არაფრის შეეშინდება ,თუნდაც ,,მაღალ საზოგადოებასთან” მოუწიოს დაპირისპირება დიდ ძალას მმატებს. რადგან რომ არა განსხვავებულობა ეს სამყარო ბნელი და ნეგატივით აღსავსე იქნებოდა. მსოფლიო ისეთ სისტემაზე უნდა იყოს მოწყობილი, რომ რაც შეიძლება მეტი პოზიტივი მიიღოს ხალხისგან. დააგროვოს ბევრი ღიმილი, მეგობრობა, სიყვარული და შექმნას სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი უშიშრად იცხოვრებს.

ანენი