ყოველთვის რთულია დაწყება… უკვე რამდენი დრო გავიდა, ისევ ცარიელი word-ის ფაილი… საინტერესოა, ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს თუ მისი ბედი დაბადებიდანაა „დაწერილი“ . ჩემი რესპოდენტისთვის ეს შეკითხვა არ დამისვამს, მაგრამ ვფიქრობ მეტყოდა – რა თქმა უნდა, ადამიანი თავად იქმნის მომავალსო. არ ვიცი, შეიძლება ვცდები კიდეც. მოკლედ, სხვისი წარმატების ისტორიის წაკითხვის თუ მოსმენის შემდეგ, დაახლოებით ერთი საათი მაინც აჟიტირებულები ვართ, ჩვენი ტვინი უკვე ფიქრობს ცვლილებებზე, მისი გადაჭრის სხვადასხვა გზაზე, აცნობიერებს, რომ მსგავსი ცვლილებების საშუალება არაერთხელ ჰქონია. იცი, წარმატებისთვის უნდა იშრომო და არა მხოლოდ, სიყვარულისთვის უნდა იბრძოლო და თუ გახდომა გინდა ნაკლები ჭამო. თითქოს ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. დროებითია აჟიტირება, მალე გადის… რაც 5 წუთის წინ რეალური გვეგონა არარეალური, მიუღწეველი გვგონია. ასე, მარტივად გვჩვევია ხელის ჩაქნევა. მოკლედ, რამდენი რამ დაგაფიქრებს საკუთარ თავზე … და ასე გრძელდება ცხოვრება. ეს ყოველივე განვავრცე იმისთვის, რომ გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილებები, ემოციები, რომლებიც ბ-ნ ზაზა ქოიავასთან ინტერვიუმ გამოიწვია.
ზაზა ქოიავა – ასისტენტ პროფესორი-„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს, მიწვეული ლექტორი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, NLP-ის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ნეიროლინგვისტიკური პროგრამის ტრენერი, ჩამოაყალიბა საავტორო პროგრამა – „მართვის ფსიქოლოგია“, „PR-აკადემიის“ ტრენერი.
ზაზა ქოიავა „PR-აკადემიის“ შესახებ: “დავიწყებ იმით, რომ „ PR-აკადემია“ ჩემი მეორე სახლია. ეს არის ადგილი, სადაც მთელი ჩვენი გუნდი ადამიანებს ვეხმარებით გახდნენ უფრო მეტად წარმატებულები, აღმოაჩინონ თავიანთი უპირატესობები, იპოვონ ძლიერი მხარეები, წამოდგნენ უფრო ძლიერნი დაცემის შემდეგ, განთავისუფლდნენ „კომლპლექსებისგან“, „კლიშეებისგან“. ყველაზე დიდი მიღწევად კი თითოეული ჩემი სტუდენტი მიმაჩნია. ამ ეტაპზე ვარ, ტრენერი, ლექტორი, „Coach-ი“.
„წამოვედი საგანმანათლებლო, სატრენინგო სფეროში, ჩავაბარე დოქტურანტურაში მენეჯმნეტზე, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს არის სახელმწიფო მართვა და მენეჯმენტი ერთმანეთთან. შემდეგ მივხვდი, რომ ფსიქოლოგიის გარეშე, ადამიანებთან ურთიერთობა არ გამოდის. ყოველთვის მიკვირდა თუ რატომ ასწრებდნენ ადამაინები რიგში ერთმანეთს, რატომ კვეთს მანქანა ორღერძულას და მიისწრაფის წინ სავსებით უსაფუძვლოდ და ა.შ. სწორედ ფსიქოლოგიამ მომცა ამის და არა მხოლოდ მსგავსი პრეცედენტების ახსნის საშუალება, რამაც ერთმნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი მოტივაცია აღნიშნული მიმართულებით. ნეიროლინგვისტური პროგრამირების გავლის შემდეგ „ფასილიტატორის“ წოდება მივიღე, მეორე ეტაპი გავიარე უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, რის შემდეგაც გავხდი „NLP coach”. აღნიშნულმა მიმართულებებმა და მსგავსმა განათლების სინთეზმა, მხედველობაში მაქვს: სახელმწიფო მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, მენეჯმნეტი, ფსიქოლოგია შექმნა ძალიან კარგი პროდუქტი, რის შედეგადაც ფართოდ გაიშალა ჩემი კარიერაც და მუშაობის პროცესიც.“
თავიდან სანამ რესპოდენტთან მივდივარ ინტერვიუზე ყოველთვის ვემზადები, ვეცნობი მის ბიოგრაფიას, ვეძებ ინტერვიუებს, მოკლედ, როგორც ჩემი ხელმძღვანელი იტყოდა, ყველა კითხვაზე, რომელსაც უსვამ რესპოდენტს, დაახლოებით მაინც უნდა იცოდე, რას გიპასუხებსო. მოკლედ, ეს ის ინტერვიუ იყო, როდესაც ჩემი წინასწარ მომზადებული კითხვები ინტერვიუს მსვლელობის პროცესში შეიცვალა. რესპოდენტის საინტერესო საუბარმა განაპირობა სპონტანური კითხვების დასმა ჩემი მხრიდან, მისმა საუბარმა: პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, პიროვნების განვითარებაზე, იმ შინაგან ვნებაზე, რომელიც გვაძლევს ძალას ჩვენი საქმე ვაკეთოთ… შეუძლებელი იყო ამ ადამიანის შესაძლებლობების მინიმუმი მაინც ჩამეტია ერთ სტატიაში. ყველაფერი ბავშობიდან დაიწყო, ბავშობის სურვილებიდან, ოცნებებიდან.
ზაზა ქოიავა: „ბავშვობაში, როცა მეკითხებოდნენ ვინ გინდა გამოხვიდეო, ყოველთვის ვპასუხობდი მეცნიერი უნდა გამოვიდე-მეთქი. რა ტიპის მეცნიერზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, მაგრამ მეცნიერი უნდა გამოვსულიყავი, ასე მინდოდა. თუ გავითვალისწინებთ ჩემს დღევანდელ აკადემიურ საქმიანობას და გარკვეული ტიპის პროფესიულ ტიტულებს, მეცნიერი ვარ-თქო ვერ ვიტყვი , მაგრამ მეცნიერებაში ნამდვილად ვარ. როცა წამოვიზარდე და სკოლას ვამთავრებდი, ჩემი ხასიათიდან, ჩვევებიდან გამომდინარე მინდოდა სახელმწიფო მოხელე გამოვსულიყავი-საჯარო მმართველობის სფეროში, შესაბამისად ბაკალავრიატი „სახელმწიფო მართვის სპეციალობით“, ხოლო მაგისტრატურა „საგარეო ურთიერთობების“ განხრით დავამთავრე. ცოტა ხნით პოლიტიკაშიც ვიყავი, ცხადია არასახელისუფლოში, მაგრამ 2006, 2007, 2008 წლებმა, ომამდელმა მოვლენებმა, ჩემი დაკვირვებით საზოგადოების შესწავლის პროცესმა, დამანახა, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზია. პირველი ხარვეზი პოლიტიკური იდეოლოგიაა – პარტიას სხვა სახელი ჰქვია და სხვა რამისთვის იღწვის, მეორე ხარვეზი ისაა, რომ ხალხის დაკვეთაა მწირი, თვითგადარჩენაზე, სოციალურ მოთხოვნებზე დაყრდნობილი. ეს, რა თქმა უნდა, მათი ბრალი არ არის, ეს საქართველოში არსებული მდგომარეობის ბრალია, მესამე – ნამდვილად დადასტურდა, რომ პოლიტიკა ბინძურია, თუმცა გააჩნია ჩვენ რას ვიგულისხმებთ სიბინძურეში. სიმართლე გითხრათ პოლიტიკა, რომ ბინძურია, ამის გამო პოლიტიკიდან არ წამოვსულვარ, წამოვედი, რადგან მივხვდი, რომ ხალხის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, რომელიც პირდაპირ კორელაციაშია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნასთან და სანამ ეს არ შედგება, მანამდე პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს ტყუილს, ძალადობით გაკვალულ გზას. დაუშვებელია საარჩევნო ყუთთან ირაციონალური, იმპულსური გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამიტომ, ვემსახურები საქმეს, რომელიც უპირველესად ორიენტირებულია პროცესების გაჯანსაღებაზე.„
საქართველოში ადამიანების ცხოვრება წარმომიდგენია ზუსტად ისეთი, როგორსაც ფრედერიკ ბედბედერი აღწერს, მგონია, რომ ეს სიტყვები ისე არაფერს ესადაგება, როგორც ჩვენს ყოფას.
„ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ, ცხოვრება- ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ, 25-ისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ, 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ, 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ, 55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ, 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ, 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით, ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს. შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით- მეუღლეებს, ბოლოს კი-ექიმებს. ხანდახან კი გიჩნდებათ ეჭვი, რომ ამათ ყველას სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდიხართ, მაგრამ ალბათ ამაზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია.“
ზაზა ქოიავა: “ხალხს უკვე სტერეოტიპი ჩამოუყალიბდა – არცერთი ხელისუფალი ხალხისთვის არ არის, არც ერთი მენეჯერი თანამშრომლების განვითარებაზე არ ზრუნავს. ასეთ მდგომარეობაში ერთადერთი შანსია ტყუილით მოხვიდე ხელისუფლებაში და მერე იყო დიქტატორი, სხვანაირად გამორიცხულია. როდესაც ნათელი მიზნის მისაღწევად გზადაგზა ბინძურ რაღაცეებს აკეთებ, ის ნათელი უკვე აღარ არის. ჩინური სიბრძნის მიხედვით, ხალხს თევზი უნდა დაურიგო ან თევზის ჭერის ხელოვნება უნდა ასწავლო. სამწუხაროდ, საქართველოში შექმნილმა პრობლემებმა განაპირობა, რომ თევზი უნდა დაარიგო, სინამდვილეში კი თევზიც არ არის, უნდა მოიტყუო, რომ ეს თევზი არის და შემდეგ აგირჩევენ. შედეგს კი ყველანი ვხედავთ სადამდე მივყავართ.“
რა არის მთავარი წარმატებისთვის? ეს კითხვა ყველა ადამიანს ებადება, პასუხიც სხვადასხვაა. ზოგი ამბობს, რომ საჭიროა გაგიმართლოს, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე უნდა იყოო, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია ეს პასუხები. ყველა ადამიანი ინდივიდულურია, და თუ ჩვენ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ყველა საკუთარ ბედს თავად ქმნის, წარმატების მიღწევის გზებიც განსხვავებული იქნება, ზოგისთვის ეს შრომაა, ზოგისთვის ნიჭი, ზოგისთვის უბრალოდ გამართლება.
ზაზა ქოიავა: „წარმატებისთვის მთავარია ნიჭი, რომელიც ყველას გვაქვს. მთავარია აღმოვაჩინოთ და საჭირო კუთხით გამოვიყენოთ. არ ვარ ქიმიკოსი, არ მაქვს ამის ნიჭი, არც ალპინისტი და არც ფინანსისტი. იმისთვის, რომ აღმოაჩინო ნიჭი საჭიროა საკუთარ თავთან მუდმივი მუშაობა და ფიქრი. პრობლემებს, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით, მაგალითად, ცუდი მენეჯმენტს ორგანიზაციებში, სხვადასხვა ტიპის პრობლემას საჯარო სამსახურში თუნდაც ნეგატივზე ორიენტირებას და მრავალ სხვას, პიროვნულ განვითარებამდე მივყავართ.“
ზაზა ქოიავა: „გამოწვევებად, პირველ რიგში, მაინც პრობლემები უნდა ვაღიაროთ. მთავარია, მთელი არსებით გინდოდეს, რომ მიიღო დადებითი შედეგი . შინაგანი წვა, ვნება, არ მოგცემს დამორჩილების საშუალებას. სწორედ, ამ ვნებით შეპყრობილები ვართ და ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ზუსტად ამ შინაგანი ვნების აღმოჩენას ემსახურება ჩემი საავტორო პროგრამა „მართვის ფსიქოლოგია“.
ყველა ადამიანს მოტივაციის საკუთარი წყარო გააჩნია, ჩემი რესპოდენტისთვის მოტივაციის ერთ-ერთი წყარო ოჯახია, რომელიც ძალიან უყვარს და, რა თქმა უნდა, ეს გასაკვირიც არ არის. უმთავრესად კი მისი ქვეყანა, რწმენა, საქმისადმი სიყვარული მიაჩნია. ეს ყველაფერი მას აძლევს ძალას, რომ ყოველდღე, მიუხედავად სხვადასხვა პრობლემისა, განწყობისა, აკეთოს თავის საქმე.
ზაზა ქოიავა: „ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ძალიან ბევრს ვაკეთებთ. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ საკუთარი თავი გავიმართლოთ, რომ შემდეგ მშვიდად ვიყოთ. უმეტესად კი ვლაპარაკობთ უფრო მეტს, ვიდრე ვაკეთებთ“.
მოამზადა მერი ბარაბაძემ