ის მოვა, შემოიჭრება შენს ყოველდღიურობაში, დაიკავებს ცენტრალურ ადგილს შენს გულში, სულში, გონებაში, ფიქრებსა და მთლიანად ცხოვრებაში; შეცვლის შენს დღეს, ღამეს, ღიმილსა და სუნთქვასაც კი; შენს სიხარულს და წარმოდგენას ზოგადად ყველაფერზე.. ის შენთან არის, შენ კი მას უშვებ.. და ერთ დროს შენთვის უახლოესი ნელნელა ქრება შენი არსებიდან ისე, რომ შენ თვითონ გიკვირს როგორ გაუშვი….
მერე შენ მას დაინახავ წვიმაში, თოვლში, აისში თუ დაისში, სეზონისგან მოწყენილ ხეებში, ზღვაში ჩამავალ მზეში, შემოდგომის ხალიჩად გაფენილ წითელ-ყვითელ ფოთლებში და სიგარეტის ბოლშიც კი… დაინახავ ყველა შენი საყვარელი წიგნისა თუ ფილმის მთავარ გმირში.. მერე სულ უფრო ნაკლებად დაინახავ და კიდევ უფრო ნაკლებად… ასეთები ვართ ადამიანები…
ასეთები ვართ ადამიანები; თითქოს რაღაც დავკარგეთ, ყოველთვის რაღაცას თუ ვიღაცას ვეძებთ, ვეძებთ მთელი ცხოვრება.. და მერე, როცა ღვთისა თუ შემთხვევის წყალობთ ვიპოვით, არ ვკმაყოფილდებით, თითქოს, ეს ის არ არის, რასაც ვეძებდით, რაც გვინდოდა.. მერე ამას შეცდომას დავარქმევთ და დასაკარგად ვწირავთ. მერე ისევ ახლიდან ვიწყებთ ძებნას და ეს ძიება გრძელდება დაუსრულებლად, სიცოცხლის ბოლომდე…
ასე, უკვე მერამდენედ იპოვე დაკარგული და დაკარგე ნაპოვნი.. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს დაკარგვას კი არა, უფრო გადაგდებას გავს, – როგორც ნივთს რომ მოიშორებ, როცა ხვდები – აღარ გჭირდება. სამწუხაროდ, გვიან აცნობიერებ, რომ ის, რაც ოდესღაც შენს გულს და სულს „სჭირდებოდა“, არ შეიძლება უკვალოდ წავიდეს, გაქრეს შენი ცხოვრებიდან და სუფთა ადგილი დატოვოს შენს ცნობიერებაში. ის ხშირად გახსენებს თავს და შეიძლება ისეთ დროს დაგიდგეს წინ ფაქტად, როცა ყველაზე ნაკლებად ელი, როცა ყველაზე მძაფრად გაგრძნობინებს რაოდენ ძვირფასი ყოფილა შენთვის.
რთულია, წინასწარ განსაზღვრო რა ან ვინ არის შენი, ამის გაგებას ზოგჯერ წლები სჭირდება. ამიტომ, რაც დაზუსტებით იცი რომ შენია, რასაც გულით, სულით, სხეულით, გონებით და მთელი არსებით გრძნობ, შეირგე და შეინარჩუნე. ცხოვრება ხომ ადრე თუ გვიან ისედაც ყველაფერს წაგართმევს..
რთულია ადამიანის შინაგანი სამყაროს გაცნობა, მაშინ როცა საკუთარი თავიც ვერ შეგიცნია. ალბათ ფრთხილად უნდა იყო, რომ ნაკლებად ინანო, ნაკლებად გეტკინოს და უნდა გეტკინოს, რომ მეტად იფრთხილო; მაგრამ ძალიან ხშირად, სიფრთხილე უშედეგო აღმოჩნდებახოლმე.
ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა: ადამიანებს შორის, ქვეყნებს შორის, სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ანგელოზსა და დემონს შორის, ღმერთსა და სატანას შორის, გულსა და გონებას შორის; ზოგადად, – ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს ბრძოლა მიდის ჩვენშიც, შიგნით, ღრმად, ჩვენს არსებასა და გონიერებაში.
და ვეძებთ გამოსავალს ამქვეყნიური ქაოსური არსებობიდან. ზოგჯერ გვგონია, რომ საუკეთესო გამოსავალი რწმენაა, – ღვთის რწმენა. მეც ვფიქრობ, რომ რწმენა საუკეთესო წამალია, წამალი, რომელსაც ყიდვა არ სჭირდება.
მთავარი მაინც ის არის, იცოდე – რა გინდა. დაუსვი ეს კითხვა შენს თავს და დარწმუნდი შენსავე პასუხში. გაერკვიე რას ითხოვს შენი გული და გონება, იპოვე მათ შორის ოქროს შუალედი და სუფთა ფეხებით და მტკიცე ნაბიჯებით იარე მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
ნათია ჯანჯღავა