“ვიდრე იმარჯვებდნენ, ყველაფერი რიგზე იყო, და თუ რამე არ იყო რიგზე, ამაზე თვალს ხუჭავდნენ, ანდა დიადი მიზნით ამართლებდნენ. მაგრამ რა დიადი მიზანი იყო ეს? განა ამ მიზანს ყოველთვის ორი მხარე არ ჰქონდა? და განა ერთ-ერთი მათგანი მუდამ ბნელი და არაადამიანური არ იყო?”
” – ეშინია, – თქვა გრებერმა.
– ჰო, რა თქმა უნდა. მაგრამ კარგი ძაღლია.
– და კაციჭამიაც, ამასთანავე.
ფრეზენბურგი გრებერს მიუბრუნდა:
– ყველანი კაციჭამიები ვართ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს ასეა. და ჩვენც ამ ძაღლივით ვფიქრობთ, რომ კარგები ვართ და ჩვენც მასავით ვეძიებთ მცირეოდენ სითბოს, სინათლესა და მეგობრობას.”
“კარგია, როცა სიგარეტები გაქვს. ზოგჯერ უფრო კარგიც კი, ვიდრე მეგობრების ყოლა. სიგარეტები თავგზას არ გიბნევენ. ისინი დუმან და ყოველთვის სასიამოვნონი არიან.”
“უბედურება გადამდებია.”
“მატყუარები ყოველთვის ფონს გადიან. არამზადებს არაფერი ემართებათ.”
“საერთოდ, უკან არსად არ უნდა დაბრუნდეს კაცი!”
“როგორც ჩანს, ყოველი ადამიანი ერთისთვის კარგია, ხოლო მეორისთვის კი, პირიქით, – ცუდი.”
” – ეს ჭეშმარიტებაა?
– არა, მაგრამ იცი კი, რა არის ჭეშმარიტება?
ელიზაბეტმა თავი გააქნია.
– ნუთუ აუცილებელია, რომ ყოველთვის რაღაც იყოს ჭეშმარიტება?
– მე მგონი, არა. რატომ უნდა იყოს აუცილებელი?
– არ ვიცი. მაგრამ ალბათ ომები უფრო იშვიათად იქნებოდა, ყველას რომ არ სურდეს სხვებიც დაარწმუნოს იმაში, რაც თვითონ ჭეშმარიტებად მიაჩნია.”
“სიკვდილი უფრო იოლია, ვიდრე სიცოცხლე.”
“სინდისის ქენჯნას, ჩვეულებრივ, დამნაშავენი არ გრძნობენ ხოლმე.”
“ასეა მარად, მანკიერება წაგებული არასოდეს რჩება.”
“აი, ასეთები ვართ ჩვენ! საკუთარი გრძნობების გვეშინია და როგორც კი გაგვიჩნდება რომელიმე მათგანი, მაშინვე თავი მატყუარებად გვესახება.”
” – როდესაც სხვას ვეკითხები, ეს საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტილებიდან თავის არიდებაა. და მე სინამდვილეში ალბათ არც მოველოდი თქვენგან პასუხს. კაცმა რომ თქვას, მე მხოლოდ საკუთარ თავს ვეკითხებოდი. მაგრამ საკუთარ თავს რომ დაეკითხო, ეს ზოგჯერ მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ვინმეს მიმართავ.”
” – ეშმაკსაც წაუღია პანიკა! – წარმოთქვა მან, – უნდა გადავეჩვიო. ერთი შეხედე, როგორ ვკანკალებ.
– შენ კი არ კანკალებ, ეს სიცოცხლე თრთის შენში. და ამას არავითარი კავშირი არა აქვს სიმამაცესთან. მამაცი ის არის, ვისაც თავდაცვა შეუძლია. სხვა ყველაფერი ბაქიაობაა და მეტი არაფერი. ჩვენი ცხოვრება უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ თვითონ, ელიზაბეტ.”
“ომის დროს ადამიანთა წარმოდგენა ბედნიერებაზე მუდამ საჭმელს უკავშირდება.”
“ნუთუ აუცილებელია, რომ ჯერ შიში განიცადო, რათა დარწმუნდე, რომ ვიღაც გიყვარს?”
” – საკვირველია, რაოდენ ცოტაა საჭირო შიშისთვის.
– და სიყვარულისთვისაც, – თქვა ელიზაბეტმა, – მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა.”
“რა იოლია სხვა გაჰკიცხო და მამაცი დარჩე, როდესაც არაფერი გაქვს, – გაიფიქრა მან, – მაგრამ როდესაც რამე გაგაჩნია, მთელი სამყარო იცვლება. ყველაფერი იოლდება და ძნელდება კიდეც, ხოლო ზოგჯერ მთლად შეუძლებელიც კი ხდება. ამასაც სიმამაცე სჭირდება, მაგრამ იგი სულ სხვანაირად გამოიყურება, სულ სხვა სახელიც ჰქვია და არსებითად იგი ჯერ მხოლოდ იწყება.”
” – მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას: უნდა გწამდეს კაცს. გწამდეს. აბა, მაშ სხვა რაღა დაგვრჩენია?
– რა უნდა გწამდეს?
– ღმერთი… და კეთილი საწყისის არსებობა ადამიანში.
– მერედა განა თქვენ არასოდეს შეგპარვიათ ამაში ეჭვი?
– როგორ არა, – მიუგო ბერიკაცმა, – ხშირად. მაშ, სხვაფრივ როგორ შეიძლება გწამდეს?”
” სიცილი სჯობია ტირილს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორივე ამაოა.”
“საოცარია, რაოდენ იოლად ელევი ადამიანი იმას, რასაც ჯერ კიდევ გუშინ გეგონა, რომ ვერასოდეს განშორდებოდი.”
” – ამ სახლის უკან სუფთა წვიმის წყალია როფში, – უთხრა გრებერმა, – სწორედ საკმარისი იმისთვის, რომ პირი მოიბანოს კაცმა.
ელიზაბეტმა ჟაკეტი ჩაიცვა.
– წავალ იქ. ვითომ უწყალსადენო სოფელში ვარ. წინათ ამას რომანტიკას უწოდებდნენ, არა?
გრებერმა გაიცინა.
– მე კი ახლაც ასე ვეძახი, რუსეთის სიბინძურესთან შედარებით. ეს ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შეადარებ.”
“ლოდინი სჯობია იმას, ვიდრე სულ აღარაფერი გაგაჩნდეს, რასაც შეიძლება, რომ დაელოდო.”
“მსოფლიო ერთ ადგილზე არ დგას. და თუ საკუთარი ქვეყანა სასოებას წარგიკვეთს, მსოფლიოში უნდა იწამო მაშინ. მზის დაბნელება შესაძლებელია, მაგრამ მარადიული უკუნეთი კი არა. ყოველ შემთხვევაში, ამ პლანეტაზე არა. არ შეიძლება ასე იოლად ფარ-ხმლის დაყრა და მხნეობის დაკარგვა. თქვენ კითხულობთ, სამყოფი ხალხი გადარჩება თუ არა იმისთვის, რომ ყველაფერი ხელახლა დაიწყოს. ქრისტიანობა რამდენიმე მეთევზისგან, კატაკომბებში შეფარებული რამდენიმე მორწმუნისგან და რომის არენებზე ცოცხლად გადარჩენილთაგან დაიწყო.”
“ქვეყნად ჯერ კიდევ არ ყოფილა ისეთი ტირანია, რომელსაც ბოლო არ მოღებოდეს, კაცობრიობა გლუვ გზაზე კი არ მიიწევდა წინ, არამედ ბიძგებით, ნახტომებით, უკან დახევებითა და კრუნჩხვებით უხდებოდა წინსვლა. ჩვენ ერთობ ქედმაღალნი ვიყავით; წარმოვიდგინეთ, რომ უკვე დაძლეული გვქონდა ჩვენი სისხლიანი წარსული. ამჟამად კი ვიცით, რომ საკმარისია ერთი უკან მივიხედოთ და იგი კვლავ წამოგვეწევა.”
” – აი, თქვენი წიგნი შვეიცარიის შესახებ, – უთხრა გრებერმა, – წვიმაში დასველდა ცოტათი. დამეკარგა, მაგრამ ისევ ვიპოვე და გადავარჩინე.
– შეგეძლოთ, არც გადაგერჩინათ. ოცნებათა გადარჩენა საჭირო არ არის.
– როგორ არა, საჭიროა, – მიუგო გრებერმა, – მაშ, სხვა რაღა უნდა გადაარჩინო?
– რწმენა. ოცნებები ისევ გაიფურჩქნებიან.”
“სიკვდილი ყოველთვის უდროოა, თუნდაც ადამიანი ოთხმოცდაათისა იყოს.”
” – ხშირად მიაჩნიათ, რომ მკვლელი ყველგან და ყოველთვის მკვლელი უნდა იყოს და სხვა არაფერი. ამასთან კი ხომ სრულიად საკმარისია, რომ იგი ჟამიდან ჟამზე და თანაც მხოლოდ თავისი არსების მცირედი ნაწილით იყოს მკვლელი, რომ შემზარავი უბედურებები დაატრიალოს, ასე არ არის?
– ჰო, – მიუგო გრებერმა, – აფთარი ყოველთვის აფთარია, ადამიანი კი უფრო მრავალსახიერია.”
“სიძულვილი! ვის შეუძლია თავის თავს ასეთი ფუფუნების ნება მისცეს?! სიძულვილი სიფრთხილეს აკარგვინებს ადამიანს.”
“როგორ გავიწაფეთ თავის მოკატუნებაში, – გაიფიქრა გრებერმა, – თითქმის ყოველი ჩვენგანი ამ საქმის თავისებური პატარა ოსტატია.”
“რა ცოტა რამ შეიცვალა მას შემდეგ, – გაიფიქრა მან. – საკონცენტრაციო ბანაკთა ჯალათებს შესანიშნავი წინამორბედნი ჰყავდათ, ხოლო ნაზარეველ დურგლის ვაჟს – საკვირველი მიმდევარნი.”
“სასწაული ხომ მარად სასოწარკვეთილების მიჯნაზე გელის.”
“გრებერმა ქილები გახსნა. მოსწონდა, რომ ელიზაბეტი კი არ ეხმარებოდა, არამედ იწვა და ელოდა. ვერ იტანდა იმ ქალებს, რომლებიც ჯერ კიდევ იდუმალებით და სიბნელით გარემოცულნი, მაშინვე მოფუსფუსე დიასახლისებად გადაიქცევიან ხოლმე.”
“ღამით ისეთია ადამიანი, როგორიც უნდა იყოს, და არა ისეთი, როგორადაც არის ქცეული.”
“როდესაც ცხოვრებას პრეტენზიებს არ უყენებ, ყველაფერი დიდ წყალობად გეჩვენება.”
” – ამის შემდეგ კიდევ სულ მცირეოდენი ბედნიერებაა მხოლოდ საჭირო.
– ჩვენ გვქონდა მერე იგი?
– კი. ჩვენ ყველაფერი გვქონდა, რაც კი რამ არსებობს.
– შენ არ წუხხარ, რომ ეს ყველაფერი უკვე დამთავრდა?
– კი არ დამთავრდა, სახეს იცვლის მხოლოდ.
ქალმა შეხედა.
– და მაინც, – უთხრა ვაჟმა, – მე დამწუხრებული ვარ, იმდენად დამწუხრებული, რომ ასე მგონია, ხვალ როცა დაგტოვებ, სულს გავაბნევ-მეთქი, მაგრამ როდესაც ვფიქრობ, თუ რა უნდა მომხდარიყო, რომ დამწუხრებული არ ვყოფილიყავი, მხოლოდ ერთადერთ პასუხს ვპოულობ, – მაშინ არასოდეს არ უნდა შეგხვედროდი. მაშინ კი არ ვიდარდებდი, არამედ კვლავინდებურად ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი გულგრილად გავემგზავრებოდი უკან და როდესაც ამას ვფიქრობ, მაშინ ჩემი კაეშანი უკვე კაეშანი კი აღარ არის, არამედ მოღრუბლული ბედნიერება, ჩრდილოვანი მხარე ბედნიერებისა.”
” – შენ კი არ ისურვებდი, რომ ოდესმე შვილი გყოლოდა?
– არ ვიცი. მშვიდობიან დროს ალბათ მენდომებოდა. ამაზე ჯერ არ მიფიქრია. იმდენი რამ არის მოწამლული ჩვენ ირგვლივ, რომ დედამიწა წლების განმავლობაში იქნება წაბილწული. როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში შვილის ყოლა გინდოდეს ადამიანს?
– სწორედ ამიტომ უნდა გინდოდეს, – უთხრა ელიზაბეტმა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ყოველივე ამის საწინააღმდეგო სულისკვეთებით აღზარდო. რა მოხდებოდა, თუ ყველა ისინი, ვინც მიმდინარე ამბების წინააღმდეგნი არიან, შვილების გაჩენას აღარ მოინდომებდნენ? ნუთუ მხოლოდ ბარბაროსებს უნდა ჰყავდეთ შვილები? მაშინ ვიღამ უნდა მოიყვანოს მსოფლიო წესრიგში?”
“რა უსაზღვროდ მოგეჩვენება სიცოცხლე, თუ მას ბოლომდე გაადევნებ თვალს და რა უცნაურია იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია გაგრძელდეს იმ კედლის მიღმაც, რომლის წინაშეც აქამდე თითქოს წყდებოდა, და რომ ის, რასაც აქამდე თითქმის ნაჩქარევად წაგლეჯილ ნადავლად მიიჩნევდი, შეიძლება ერთხელ გადასცე შენთვის უცნობ, ჯერ დაუბადებელ არსებას, გადასცე ყოფიერების ჯაჭვს, რომელსაც ბოლო არა აქვს და იმ სინაზითაა აღსავსე, რომელიც არასოდეს გიგემია. რამხელა სარბიელს შლის იგი და რამდენ წინათგრძნობას აღვიძებს, რაოდენ ძლიერ სწადია ეს შენში რაღაცას და არცა სწადია და მაინც სწადია ეს საწყალობელი და მანუგეშებელი ილუზია უკვდავებისა.”
“კარგი აზრი ხომ ყოველთვის მაშინ მოგდის კაცს თავში, როდესაც უკვე გვიან არის.”
“ყოველთვის გავიწყდება კაცს, რომ თვითონაც შეგიძლია შენს თავს ბოლო მოუღო. ჩვენ ეს შესაძლებლობა ძღვნად მივიღეთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ გონებასთან ერთად.”
“მარტო გარეგნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, მაშინ აღარავინ იქნებოდა ბოროტმოქმედი.”