ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლადო ასათიანის ფენომენი ჯერ კიდევ აუხსნელია. იგი იმ დროს გამოვიდა პოეტურ ასპარეზზე, როცა ლიტერატურაში თავისუფლება იკრძალებოდა.
შემოქმედებითად განწყობილ მწერლებს ან ხვრეტდნენ ან დუმილის აღთქმას ადებინებდნენ. თუმცა ლადო ასათიანი გარეგნულად აპოლიტიკურიც კი ჩანდა. მას ბევრი მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე გამწყრალი ყოფილოყო. მაგრამ ზოგჯერ კი გამოთქვამდა ხოლმე სიმპათიებს, თუმცა მხოლოდ პიროვნულ და ადამიანურ დონეზე. ხოლო მისი პოეზია თავისი არსით, ხასიათითა და სულისკვეთებით, სრულიად ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიზმის იდეოლოგიას.
ლადო ასათიანი ჯერ კიდევ დამწყები პოეტი იყო, როცა თავის უბის წიგნაკში ჩაუწერია: „ჩემი ბავშვობა ლექსით დამიწყია და ჩემი ცხოვრება ლექსით უნდა დავამთავრო, ყოველი ჩემი ლექსი უჩვეულო ამღერება იქნება ბედნიერ ქვეყანაში გალაღებული ადამიანისა“ . მას ჰქონდა არსობრივად ორიგინალური, ცოცხალი პოეზია. ქართულმა სიტყვამ ლადო ასათიანის მეშვეობით, თავის თავში გადაარჩინა რაღაც, რაც თავის თავად ვერ გადარჩებოდა…
ის დღიურში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერს წააწყდებით:
„ბავშვობიდან დღემდე სულ იმის ფიქრში ვარ, ჩემი ქვეყნის სასახელო შვილი გავხდე. ერთხანს ვწერ, ვიცი, ბევრი კარგი რამ გამომივა, თუ არადა, ზოგიერთებივით მწერლობას არ შევაბერდები. არ ჩავაფრინდები ამ ლიტერატურას, ისევე როგორც ეგნატე ნინოშვილის ივანე ტივის ხეს, პალიასტომის ტბაში. ისე კი ბევრი მაქვს სათქმელი, საოცნებო და გასაკეთებელი. მინდა ერთი კარგი წიგნის ავტორი მაინც ვიყო, „ასათიანური“ ასე უნდა დავარქვა მას და შიგ ჩავწერო ყველაფერი ლექსად და პროზად…
მწერალს ლექსების წერა ესტეთიურ სიამოვნებას ანიჭებდა, ის მზად იყო ეწერა ლექსები, ეგრძნო პოეზიაში თავი თავისუფლად, ხოლო ცხოვრებაში უბედური ყოფილიყო. „ თუ პოეტი სიტყვის თქმაში ბედნიერია, ცხოვრებაში ვიყვეთ უბედურები“.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ