Skip to content

აკა სინჯიკაშვილის საქველმომედო “ტაქსაობა” და ორდიპლომიანთა საქმიანობის ანი-ბანი

მანქანის მართვა არ ვიცი და არც არასოდეს მქონია სურვილი მესწავლა. არ ვიცი ეს უცნაური სურვილი ჩემში საიდან განვითარდა, ან როგორ გადავურჩი მანქანის ყოლის ახალგაზრდულ მანიას, მაგრამ ფაქტია „პეშკომობილი“, საზოგადოებრივი ტრასპორტი და ტაქსი მეტ სიამოვნებას მგვრის. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი, როგორც ფენომენი, ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ტაქსები და ტაქსისტები მაინტერესებს, თითქმის უკვე ჰობის დონეზე.  არც თუ დიდი ხნის წინ Facebook-ით  გავიცანი აკა სინჯიკაშვილი, ერთობ უცნაურ ვითარებაში. მისი შექმნილი „კახური მეტსახელები“ შემომეპარა (უკვე მოვინანიე).

ilita

აკა სინჯიკაშვილი პროფესიით სცენარისტია, ამჟამად მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სოციალური მედიის მენეჯერად. რამდენიმე კვირის წინ მან  ტაქსაობა დაიწყო. ამის მიზეზი კი, ის ადამიანები გახდნენ, რომელთაც ფიზიკურად შრომის უნარი არ აქვთ და შესაბამისად, არც შემოსავალი, და ფაქტიურად შიმშილისთვის არიან განწირულები. აკამ გადაწყვიტა, დამატებითი შემოსავლის წყარო ეშოვნა და მიღებული თანხით ამ ადამიანებს დახმარებოდა.   დამატებითი სამსახურის შოვნა საქრთველში რთული საქმეა, მით უმეტეს, როდესაც  მრავალი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს. აკას შემთხევაში ეს ფაქტორები იყო:

  • შეუთავსებლობა ძირითად საქმიანობასთან;
  • შემოსავლის ოპერატიულად მიღება;
  • დამატებითი კვალიფიკაცის საჭიროების არარსებობა.

ასეთი მოცემულობით, ადამინისთვის, რომელსაც მანქანა ჰყავს, „ტაქსისტობა“ იდეალური ვარიანტია. ჰო და, აბა ამ შანს ხელიდან როგორ გავუშვებდი – მომესმინა საინტერესო ადამიანის ასევე საინტერესო საქმიანობის შესახებ.

ერთი შეხედვით ტაქსაობის დასაწყებად საკმარისია მართვის მოწმობა, ავტომანქანა და ტაქსის ნიშანი. სინადვილეში კი, აქ ყველა ის თვისებაა საჭირო, რაც დასაქმების საიტებზეა ხოლმე ჩამოთვლილი. კრეატიულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, მოლაპარაკების ხელოვნება და ა.შ. ამაში აკას ნაამბობითაც დარწმუნებით.

აკა: „თავდაპირველად ამ საქმეს ფეისბუქზე არ ვაჟღერებდი, თუმცა შედეგი ბევრად ნაკლები იყო. მას შემდეგ კი, რაც ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსდება დავიწყე, უამრავი ადამიანი მირეკავს და შედეგად შემოსავალიც გაიზარდა.

ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ შექმნან facebook გვერდი, მაგალითად, გააკეთონ ესეთი ,,ტაქსის მძღოლი დათო’’, პირობითად და გახადონ თავისი გვერდი პოპულარული, სხვადასხვა გავრცელებული ხერხებით. მოიწვიოს ადამიანები, გაამრავალფეროვნოს მომსახურება. ვისაც დაჭირდება, დაურეკავენ და გაცილებით მეტი კლიენტი ეყოლება, ვიდრე მთელი ღამე ალალ ბედზე რომ იარონ. “

კრეატიულობა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობა ამ საქმეშიც მნიშნელოვანია და საკმაოდ ზრდის შედეგიანობას. ისევე, როგორც „სქელკანიანობა“, ტაქსისტობა ხომ მუდმივი ქილიკის საგანია, ხან რომელი მეზობელი გაიხსენებს რა კარგი „ბიჭი იყო, ისეთი ნიჭიერი“, ხან რომელი ნაცნობი და შენ მორალურად უნდა იყო მზად ამისათვის. მორალური მზაობა კი, პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ არანაირი სამსახური არ არის სამარცხვინო, მით უმეტეს, საქმე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს დიდ სამსახურს უწევს.

აკა: ”ჩემი საქველმოქმდო საქმინობა ბევრისთვის საქილიკო თემა გახდა, „ეს მართლა ტაქსაობს, რაღაცის ფულს აგროვებს და ეს ტყუილად მოიგონა“ და ა.შ.  ქილიკი 10-ჯერ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ტაქსაობის საქველმოქმედო დანიშნულება. მგონია, რომ ამასთან ბრძოლა თავისუფლად შეიძლება. უბრალოდ, არ უნდა მიაქციო ყურადღება ამაზე მოცინართ, იმიტომ რომ დასაცინი არის ის, ვისაც მუშაობა შეუძლია, აქვს საშუალება და არ მუშაობს.“

ტაქსის მძღოლად მუშაობას თავისი სპეციფიკა აქვს. ღამით გზები თავისუფალია, თუმცა კლიენტურაა ცოტა, დღისით პირიქით. შემოსავალი საკმაოდ არასტაბილურია და საშუალოდ 40-50 ლარს შეადგენს, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. სამუშაო პროცესი ძალიან დამღლელია და მუდმივად არსებობს კოფლიქტური სიტუაციების შექმნის საშიშროება.

აკა: „ბიჭი ჩამიჯდა, გვიანი ღამე იქნებოდა. დაახლოებით 10 წუთი ხმა არ ამოუღია. შემდეგ  დაიწყო იმათი გინება, ვისაც არ უყვარს, ვინც მასზე აღარ ზრუნავს. ცოტა დეპრესიული ადამიანი ჩანდა და უნდოდა, რომ ჩემზე გადმოენთხია ეს ყველაფერი.

ვაცადე ცოტა ხანი და რომ არ გაჩერდა, მივუბრუნდი და ვუთხარი: გვაქვს სულ 2 ვარიანტი: 1) შეგვიძლია გავაჩეროთ მანქანა, გადავიდეთ და ვიჩხუბოთ ან 2) გაჩუმდე და სახლში მიგიყვანო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფული არ გაქვს. დაფიქრდა, თვალით გამზომა, მიხვდა, რომ მოვერეოდი და დამშვიდა. ბოლოს გულიც აუჩუყდა, შენთან რა მინდოდა, შენ რას გერჩოდიო.“

ამ საქმიანობაში დიპლომატიას დიდი როლი ეკისრება. კარგ ტაქსის მძღოლზე შეიძლება ითქვას, რომ გამართლებოდა, კარგ დიპლომატიურ კარიერასაც გაიკეთებდაო.  რთული და სპეციფიურია კლიენტთან ფასზე მოლაპრაკება, ვის რამდენი უნდა უთხრა, დაუკლო თუ არა ერთი ლარი ა.შ.

აკა: „მეშვიდე გრძნობა აქვთ კარგ ტაქსის მძღოლებს, მათ იციან ვის უნდა უთხრან ლარი დაამატე და ვის არა. გამოუცდელები ზოგადად კარგავენ ხოლმე კლიენტს მაგის გამო და მერე უწევთ, როცა კარს მიუხურავენ „დაზადვნა“ და „კაი დაჯექის თქმა“. რაც, შეიძლება ერთგვარად, შეურაცხმყოფელი არის ტაქსის მძღოლისთვის. გზაში ურთიერთობისთვის საუბრისთვისაც რაღაც უხერხულობა ალბათ იქმნება იმიტომ, რომ მოგიგო კლიენტმა, ამ „თამაშში“.

სირთულების მიუხედავად ტაქსის მძღოლად მუშაობა საინტერესოა იმ ადამინებისთვის, ვისაც ხალხთან კონტაქტი უყვარს. წარმოიდგინეთ ყოველდღე ახალი ემოციები, ახალი ისტორიები. თუმცა, ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ტაქსაობა, უმეტეს შემთხვევაში, უკიდურესი გაჭირვების მიზეზითაა ნაკარნახევი.

ტაქსის მძღოლობა საქართველოში სხვა გზა აღარ დარჩენილი ორდიპლომიანების ბოლო იმედია.

მართვის მოწმობა თუ ავიღე, მანქანასაც ვიყიდი და ტაქსაობასაც დავიწყებ. ეს პირობა ჩემს თავს კაი ხნის წინ მივეცი, აკას სინჯიკაშვილს ინტერვიუს აღების დროს, თქვენ კი ეხლა გპირდებით მკითხველებო 😉