მახსოვს, როცა პირველად ჩამოვედი ტარტუში, ღამე იყო და თოვდა. მგზავრობით გადაქანცულს, ბარგით დამძიმებულს, ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდი სტუდენტურ საცხოვრებლამდე. „ერთ პატარა გზასღა გადავკვეთ და უკვე იქ ვარ“, შორიდან ვხედავ „რაატუსეს“ გაჩახჩახებულ ოთახებს. მეგობრებმა გამასწრეს და მარტო მივჩანჩალებ თოვლში. უცებ საგზაო მოძრაობა შეჩერდა და მაშინ პირველად და უკანასკნელად შემეშინდა ტარტუში. ვდგავარ უძრავად და ვცდილობ გავიგო რა ხდება, ფიფქების კორიანტელი ხელს მიშლის გავიხედო შორს, მანქანები სიგნალს უმატებენ და მე კიდევ უფრო ვიბნევი.ამასობაში მეგობარი მიყვირის შორიდან, რომ გზა გადავკვეთო. თურმე „ზებრასთან“ ახლოს ვდგავარ. ტარტუში, როგორც კი „ზებრას“რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდები, მანქანები წყვეტენ მოძრაობას. გულწრფელად ვამბობ, მე მაშინ მივხვდი „ზებრას“ მნიშვნელობას. მაშინ პირველად გამაოცა პაწია, კანონმორჩილმა ტარტუმ.
მას შემდეგ ტარტუ სულ სიურპრიზებს მიწყობს. ამ ქალაქს შეუძლია, ზუსტად ერთ ღამეში შემოიძარცვოს შემოდგომის ყველა ფოთოლი, მერე თეთრად გადაიპენტოს ხუთი თვე და გვიან გაზაფხულზე, თვალის დახამხამებაში ამწვანდეს, ერთიანად. ტარტუ ხუმარაა. ერთ დღესაც, მარტის ბოლოს, შენ შეიძლება იფიქრო, რომ ბოლოს და ბოლოს მოვიდა გაზაფხული, რადგან ეფიცხები ძვირადღირებულ მზეს და ქალაქის ცენტრშიც, კაფეებთან, გამოჩდნენ გარე მაგიდები. თუმცა ბოლომდე არასდროს დაიჯერო, თუ ტარტუ ხუმრობს, შეიძლება მეორე დღეს ყელამდე თოვლში გაიღვიძო… ალბათ, არსად მოგანიჭებს მზე ისეთ სიხარულს, როგორც ტარტუში. ამ ქალაქში დარწმუნდები, რომ თითქოსდა უმნიშვნელო მოვლენებს, შენი გაბედნიერება შეუძლიათ.
ტარტუ კონტრასტების ქალაქია. ერთის მხრივ, შვიდს, მყუდროსა და მოკრძალებულს, სამუშაო კვირის ბოლოს, შეუძლია ხმაურიან, ბობოქარ და მგზნებარე ქალაქად გადაქცეს. რადგან ტარტუ არავის უცრუებს იმედს. ამ ქალაქის დიდი უპირატესობა ისაა, რომ აქ, ვერსად გაექცევი ადამიანურ ურთიერთობებს. საერთაშორისო სტუდენტების უმეტესობა ერთ ოჯახად ვცხოვრობთ. ჩვენ ისე ვასწავლით ერთმანეთს, რომ ხშირად ვერც კი ვხვდებით. პარასკევობით ლუდს ვსვამთ და რა თემაზე აღარ ვსაუბრობთ, ხანდახან სასიამოვნოდ გაოგნებული ვრჩები, იმით, რომ ერთსა და იმავე საგანს ასე სხვადასხვანაირად შეიძლებახედავდეს რამდენიმე ადამიანი. ასეთ დროს, როცა დაფიქრება მჭირდება, ჩემი საყვარელი ბარის,„მოკუს“ეზოში გამოვდივარ ხოლმე, რომელსაც მწკრივად გაბმული, ყვითელი, მბჟუტავი ნათურები ანათებენ. ხოდა ველოდები ყოველთვის დაკავებული ჰამაკის გათავისუფლებას, მერე ვირწევი იქამდე, სანამ ვიღაც სხვის, ჩემნაირის, მზერა არ შემაწუხებს, რომ ავდგე და ადგილი დავუთმო.ამ დროს, როგორც წესი, ღამის პირველის საათია და ვეშურები სახლში.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ტარტუში ვცხოვრობ და ამ დროის განმავლობაში, მას არასდროს შეუწყვეტია ზრუნვა ჩემზე. მან ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო გაიმეტა. მომცა უამრავი შესაძლებლობა და დამეხმარა ყველა დასახული მიზნის მიღწევაში. ტარტუ პაწაწინა ქალაქია, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს იტევს. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის და ტარტუ არაფერზე დაიხევს უკან. და ბოლოს, არცერთი ქალაქი ისე არ ამართლებს თავის მეტსახელს, როგორც ტარტუ – მას „კეთილი ფიქრების ქალაქს“ ეძახიან.
p.s. შარშან, დაახლოებთ ამ დროს, ტარტუს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთებს ვაგზავნიდი, მაშინ, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ მქონდა რა იქნებოდა წინ. დღეს ვიცი, რომ ტარტუ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.