Skip to content

“ჭყლეტვაი საკვირველი” – ანუ, როგორ ჩაიარა ბეგბედერთან შეხვედრამ?!

ან, იქნებ , უკეთ დავასათაურო დღევანდელი დღე?! მაგალითად, ასე:

გამარჯობა, “99 ფრანკი” მომეცით…
99 ფრანკი რა არის, ბარემ 100 აიღე…

ან, ასე: “99 სელფი, რომელიც უნდა გადაიღო მწერალთან, სანამ ის შენს “99 ფრანკზე” საკუთარ ავტოგრაფს ტოვებს” (თუმცა, მგონი, ეს მეორე უფრო დამაბნეველი იყო), მოკლედ, მოდი, თავად ფრედერიკ ბეგბედერის სიტყვებით დავიწყებ:

“ ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება – ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25-ისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35-ისას იმიტომ, რომ სვამთ;” დღეს კი ქართველ საზოგადოებას ბეგბედერთან შეხვედრის წინარენერვიულობისაგან გვტკიოდა მუცელი, თუმცა, შემდეგ ამას დაემატა ფეხების ტკივილი, რადგან დიდხანს მოგვიწია ლოდინი (ადრე მისულებს); შემდეგ ზურგის ტკივილი, რადგან ჭყლეტვა დაიწყო, შემდეგ კი გვერდების ტკივილიც, რადგან უახლოესი 1.5 საათის მანძილზე სუნთქვა დიდი ფუფუნება გახდა…

ჩვენ მოგვწონს ლამაზი წარწერები წიგნზე, მაგრამ არ გვიყვარს წიგნის კითხვა… წიგნის კითხვის კულტურა რომ გვქონდეს, ასეთ ცხოველურ ინსტინქტს, ვინ იცის, არც გამოვაკლანჭებდით…

არ ვიცი, როგორ ვახერხებთ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მნიშვნელოვანი პერსონის ჩამოსვლა ანონსდება, ეროვნული ისტერიკა ექსპონენციალურად იზრდება. ჩვენ ხომ ის ერი ვართ, ვინც ტაძარშიც ვერ აიტანს მასზე წინ ურიგოდ წასულს და უფრო მეტი მადლის მისაღებად უფრო დიდხანს დგას ნაკურთხი წყლის შხეფებქვეშ…

გუშინ, როდესაც ღონისძიებაზე წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე (“ბიბლუსის გალერეაში”) და 3000 going-ს დავხედე, მივხვდი, რომ დროულად უნდა გავთავისუფლებულიყავი სერიოზული მოლოდინებისაგან, გასაგები მიზეზის გამო. უბრალოდ, ვიფიქრე – რაც გამოვა, გამოვა, რაც არ გამოვა, არ ღირს ნერვიულობად. ჭყლეტვაც, რომელმაც ღრმა ბავშვობა, პურისა და ბენზინის რიგები (რომლებიც ასევე მოწესრიგებული იყო ამასთან შედარებით) გამახსენა, ძალიან მშვიდად ავიტანე და ავაღწიე გალერეის მეორე სართულზე. უფრო სწორად, კი არ ავაღწიე, ბუკვალურად, დინებას ავყევი, რადგან ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეგონა, თავად “ბიბლუსის გალერეაში” მეტი მოწესრიგებულობა იქნებოდა, თუმცა “პურის რიგის” ფორმატი ავტომატურად გავრცელდა იქაც. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ამ კაცის მოსმენა, როგორც ასეთი, არც არავის უნდოდა და ორი ფილმი გამახსენდა:
“მუმია” – აი, ის მომენტი, როცა ბრბო მოდის და ზომბივით იმეორებს “იმ-ჰო-ტეპ! იმ-ჰო-ტეპ!”
“პარფიუმერის” ბოლო სცენა, სადაც მთავარი გმირი “სიყვარულით” შემოეჭმევათ…

ბედის განგებით და ცოტა ჩემი მოხერხებულობითაც, ძალიან წინ აღმოვჩნდი და მალევე ჩემს წიგნზე ავტორისეული 99%_ით ნატურალური ხელმოწერა გაჩნდა… ყველაზე მეტად რაც გამიხარდა, იმ “საუნიდან” გამოღწევა და თავისუფლების ჰაერის პირველი ჩასუნთქვა იყო… თუმცა, მალევე, ჩვენივე მოუწესრიგებლობის გამო, მწერალმა გადაწყვიტა შეხვედრის შეწყვეტა და ასობით გულდაწვეტილი ადამიანი იმდენად დაღვრემილი დატოვა, რომ ძალიან შემრცხვა ვინმესთვის მეთქვა, რომ მხვდა პატივი, პირადად ფრედის მიეჯღაბნა “F.B.” ჩემს წიგნზე.

არ ვიცი, რეალურად თუ მოიპოვება ვინმე, ვინც მწერლის აზრი მოისმინა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ ბეგბედერს დღეს ნამდვილად გაუმართლდა საკუთარი ფრაზა: “ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველანაირი შეკრების მიზანი ხალხის დამორჩილებაა”, დღეს მან ნამდვილად დაგვიმორჩილა…

მას შემდეგ, რაც ფრედერიკს დაბნეული ტაქსისტი, სადღაც შორს წაიყვანს, მანიაკი ფანებისგან, რომელთა 90%-ს მისი არაფერი წაუკითხავს, ხოლო შენ მოდიხარ სახლში, დებ “სისხლითა და ოფლით” მონაპოვარ ფოტოებს, ვინმე ერთი “ფრენდი” მაინც გწერს პირადში, დაახლოებით ასეთ რამეს: “ვინაა ვაბშე ეგ კაცი?!” და გეღიმება… გეღიმება ნახევრადირონიულად, რადგან დოჩანაშვილის, ჭილაძის, ჩოხელის, ინანიშვილის პატრონი იმაზე დარდობ, ფრედიმ რატომ “დაგვიკიდაო”…

ახლა კი, შეხვედრის ნათელი მხარე => იხილე ფოტოები და ვიდეომასალა, რომლის გამოც სპეციალურად, 4motivi.com-ის მკითხველებისათვის “ავხტი და გავიკვანძე” გაუსაძლის ჭყლეტვაში…

10621963_1021976294508156_794275215_n 12083832_1021977154508070_1848851717_n 12562691_1021977221174730_1847679341_o 12675064_1021976937841425_1448067163_o
12822705_1021977211174731_2079165475_o 12842377_1021976941174758_1952763176_o

12499079_1021976264508159_2013374427_o

სიყვარულით,
თაკო მეფარიშვილი