ადამიანებს ყველაფერი სიყვარულისთვის გვაქვს: სიცოცხლე, გული, აზრები, სახლი და ეზოში ყვავილები, მაგრამ ისე ვცხოვრობთ,თითქოს პირიქით არის. საკმარისია ჩვენს ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს და სიყვარული თვალისდახამხამებაში გადაიქცევა იმედგაცურებად. თუ ადამიანებს არ უმართლებთ პირად ცხოვრებაში, ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებში, ამით ყველაფერი მთავრდება მათთვის. ადამიანები კარგავენ ბრძოლის უნარს. ყველაზე მეოცნებე გოგონებიც კი ხდებიან დიასახლისები და იტანჯებიან,რომ არა აქვთ წარმატებული კარიერა და სასოწარკვეთაში ატარებენ ცხოვრების ძვირფას წუთებს. ფიქრობენ,რომ ოცნება, მხოლოდ სიყმაწვილეშია კარგი.ახლა კი მათი მთავარი მოვალეობა ოჯახია, თუმცა ოჯახიც მხოლოდ გაუთავებელი შრომა და ერთფეროვნებაა მათთვის. ჩვენ ბევრს ვდარდობთ იმის გამო,რომ არ გვრჩება საკუთარი თავისთვის დრო. ვამბობთ, რომ ვერ ვახერხებთ წავიკითხოთ საყვარელი წიგნი, მაგრამ თავისუფალ დროს გამოვნახავთ თუ არა, მაშინათვე ფეისბუქზე შევდივართ.
დღეში რამდენჯერმე ვათვალიერებთ ჩვენს გვერდს იმედით, თითქოს კომპანიები თავად გვიპოვიან და კარგ სამსახურს შემოგთავაზებენ. გვახსოვდეს ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს, ჩვენს მაგივრად არავინ იბრძოლებს.ქალებს, რამდენჯერ გვითქვამს,რომ საოჯახო საქმეებში ვართ ჩაფლული და თვითგანვითარებისთვის არასდროს გვრჩება დრო.არ გვიყვარს სადილების კეთება და უგულოდ ვაკეთებთ საოჯახო საქმეებს, თითქოს საკუთარ თავს გვინდა დავუმტკიცოთ,რომ დიასახლისობა ეს ჩვენი საქმე არ არის.ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო დიადი მიზნებისთვის ვართ მოწოდებული. დიახ,ეს მართლაც ასეა, თუმცა ჩვენ არ ვცდილობთ წარმატებისკენ გადავდგათ ნაბიჯები. გვეშინია ახალი დაბრკოლებების,რადგან დავივიწყეთ როგორია ბრძოლის ველზე ყოფნა.ასეთ ადამიანებს აქვთ ფრთები,მაგრამ არ იციან როგორ გაფრინდნენ.ასეთი ადამიანები გვანან ყვავილებს- აქვთ სილამაზე,მომხიბვლელობა, თუმცა აკლიათ საკუთარი თავის რწმენა.
პირველ რიგში წუწუნს მოეშვი და ყველაფერი სიყვარულით გააკეთე. ცუდი განწყობა ვერ შეცვლის შენს მდგომარეობას.აუცილებელია იცოდე რას გულისხმობ,როდესაც ამბობ,რომ დრო არ გრჩება საკუთარი თავისთვის. გინდა კიდევ ერთხელ საყვარელი წიგნი გადაიკითხო? წაიკითხე დღეში თუნდაც ერთი გვერდი.გინდა, საკუთარ თავთან განმარტოვდე და უყურო,როგორ მიფრინავენ ღრუბლები შორს,მაგრამ ამბობ,რომ საღამოს ვახშამი გაქვს მოსამზადებელი და ამის დრო არ გაქვს? არა უშავს. პროდუქტების საყიდლად წადი. შეაფარე რომელიმე სკვერს თავი და მიხვდები,განმარტოებისთვის ზოგჯერ 15 წუთიც საკმარისია.გული გწყდება იმის გამო,რომ არ გაქვს საყვარელი საქმე და მხოლოდ დიასახლისი ხარ? არა უშავს. დაიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ სამსახურზე ოცნებობ. რა გსურს რომ აკეთო. სწორად შეაფასე შენი უნარ-ჩვევები და დაისახე მიზნები.დასაწყისში საჭიროა დაიწყო ოცნება,რადგან ადამიანები,რომლებიც წლებია არ მუშაობენ, აღარც კი ფიქრობენ რის გაკეთებას აპირებენ მომავალში. ოცნებების დავიწყება – აი რა არის ძალიან ცუდი. დაისახე ახალი მიზნები და ძალ-ღონე არ დაიშურო სასურველი შედეგის მისაღწევად.
უკვე რამდენიმე თვეა მეც სამსახურის გარეშე დავრჩი. თავიდან არ ვიცოდი რომელ სფეროში მომესინჯა ძალები. მაგრამ ახლა გადავწყვიტე სამკერვალო გავხსნა. დედა ამბობს,რომ მე ნემსში ძაფის გაყრაც არ შემიძლია, მაგრამ აღნიშნავს,რომ ნამდვილი მეოცნებე ვარ და მაქვს ორგანიზატორული ნიჭი. ვიცი გარშემო არიან ადამიანიანები, რომელთაც ჭრა-კერვა კარგად ეხერხებათ, ამიტომ მე შემოვიკრებ მცოდნე ადამიანებს ჩემს გარშემო და ჩვენ ერთად ვიქნებით ძლიერი გუნდი.მე მექნება ოცნებები.წარმოსახვაში უამრავ ლამაზ კაბას შევქმნი.მკერავი ქალბატონები კი ჩემს ოცნებებს ფრთებს შეასხამენ და რეალურ ესკიზებს შექმნიან.
მე ვფიქრობ ადამიანს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. ადამიანს შეუძლია ისე მოაწყოს თავისი სამყარო,როგორც დაგეგმავს. უიმედობიდან გამოსავალი კი ადამიანის ფიქრებში, მის აზროვნებაში და გამძლეობაშია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უამრავ საოჯახო საქმეებში არიან ჩაფლული, უამრავი საზრუნავი და სამუშაო აქვთ.ზოგჯერ ეზოს უვლიან, ამზადებენ სადილს, ალაგებენ სახლს და შემდეგ სამსახურში გარბიან. მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველთვის ახერხებენ წიგნების კითხვას, რადგან წიგნები ეს მათი სულის ნაწილია. მათ აქვთ ცოდნა, გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ხშირად ოცნებობენ და ქმნიან ახალ-ახალ იდეებს. აგრძელებენ იმ საქმის კეთებას, რომელიც ბედნიერებას ანიჭებთ.
არ ჩაიქნიო ხელი. არასდროს იფიქრო,რომ მოქმედების დრო დასრულდა. ბედნიერება მოქმედებაშია და არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, გყავს ოჯახი თუ არა. წარმატება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული,რომელიც მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგია.