გაბრაზება. როგორ გაბედა და როგორ მოკვდა. როგორ გაგიბედეს და გითხრეს, რომ ის მოკვდა. რატომ ტირიან. არაფერი არ არის სატირელი და სამგლოვიარო. მერე რა. ადამიანები კვდებიან. დიდი ამბავი. რატომ გიყურებენ ასე საბრალო სახით. არაფერი გჭირს შესაცოდი. მხრებზე გეხებიან. თავს იქნევენ და ოხრავენ. რა ჭირთ ამ ადამიანებს? რატომ გეუბნებიან, რომ შენც უნდა იტირო, მოთქმით იტირო. ვინ ეკითხებათ. ის რატომ არის ცივი. და მშვიდი. როგორ მოკვდა. ან როგორ იფიქრა საერთოდ, რომ ამის გაკეთება შეეძლო. რატომ გასწავლიან ჭკუას და გეუბნებიან, რომ ამ ცივ სხეულს უნდა აკოცო. თუ არ აკოცებ მერე გული დაგწყდება. რატომ აყრიან მიწას?… და ასე უსასრულოდ. ყელში ბურთი. ბურთი კი არა ბომბი. გაბრაზება. ყველაზე და ყველაფერზე. და პირველ რიგში ღმერთზე.
ისტერიკული მხიარულება. როცა ამბობ, რომ ისეთი არაფერი მომხდარა. და იცინი ბოლო ხმაზე. ყველგან და ყველაფერზე. არც ერთ წუთს არ კარგავ. ერთობი, სვამ, ცეკვავ, მღერი, იცინი, ხარხარებ, აჟიტირებული ხარ, კიდევ სვამ, კიდევ ცეკვავ, კიდევ სვამ, კიდევ ცეკვავ, კიდევ იცინი. ისტერიულად. ვიღაც გეჯახება. ეცემი. გილურჯდება. გტკივა. დგები და არ იმჩნევ. სვამ. ცეკვავ. თავბრუ გეხვევა და წვები. ვიღაც მოდის და გკოცნის. ვიღაც. მერე რა. იცინი. დგები და ცეკვავ. მერე მოდიხარ ცარიელ სახლში და დაღლილობისგან გათიშული ფეხსაცმლიანად იძინებ. დილას დასიებული სახე. ჩამოდღაპნილი მაკიაჟი. დაკუჭული ტანსაცმელი. დგები. ემსაგვსები ადამიანს, თითქოს. და ისევ გარბიხარ. ოღონდაც გაერთო. იმხიარულო. ისევ იცინი, ისვე სვამ, ისევ ცეკვავ, წაქცევამდე.
მუშაობა და მხოლოდ მუშაობა. ეძებ რა გააკეთო. რითი დაკავდე. დიდხნიანი პახმელიაც გამოგყვა, დასიებული თვალები. და ჯადოსნური მაკიაჟი. არ იმჩნევ, რომ სხეული ვეღარ უძლებს. მუშაობ. დადიხარ. დარბიხარ. შეუსვენებლივ. ტელეფონის ზარები. შეხვედრები. საქმეები. საუბრები. ახალი ადამიანები. არ აქვს მნიშვნეობა რას გააკეთებ. ოღონდ აკეთო. არ აქვს მნიშვნელობა გიხდიან, არ გიხდიან, ოღონდ რამე აკეთო. ოღონდ ილაპარაკო. სულ ერთია რაზე. თანაც კარგად გამოგდის. გაქებენ. გახსენდება, რომ კარგად მუშაობდი. და ცდილობ გაიმეორო. მიბაძო საკუთარ თავს, ერთ დროს კარგს. გამოგდის თითქოს. და გაქებენ. სხვები კმაყოფილები არიან, მაგრამ შენ იცი, რომ ღამე ვეღარ იძინებ. ცივი ლოგინი გეზიზღება.
დეპრესია. წაიქეცი. და ვეღარ დგები. ძალა აღარ გაქვს. სახლში მისი სიარულის, ჩახველების, სუნთქვის ხმა გესმის. უცებ გეღიმება. თურმე დაგსიზმრებია, რომ მოკვდა. და ის ერთი წამი მსუბუქი და ბედნიერი ხარ. გინდა წამოდგომა. და აი ისევ, ძალა არ გაქვს. და გახსენდება, რომ დეპრესია გაქვს. არ ივარცხნი თმას. არ ბანაობ. ბევრს ჭამ. გადიხარ გარეთ. დადიხარ. მეგობრებთან. ეწევი. სვამ. ხსოვნა იყოს, – ბუტბუტებ და სვამ. კონიაკთან ერთად ტრანკვილიზატორებს. და ითიშები. ის დღეები აღარ გახსოვს. სანამ გყოფნის გათიშვა. მერე ისევ. უარაფრობა. ვეღარ ცეკვავ. ძალა არ გაქვს. და არ იმჩნევ. მაინც იღიმი. ძალაგამოცლილი. მაგრამ ვერ ამჩნევენ და შენც არ იმჩნევ. ოჰ, ეს გულუბრყვილო მეგობრები. იმედგაცრუება და მოწყენა. და მონატრება.
ტკივილი. ხვდები, რომ გული გაქვს გატეხილი. და იწყება გლოვა. ნამდვილი გლოვა. სვამ. სვამ იმიტომ, რომ ამოთქვა, იტირო. არა, იყვირო. სახე დაიხოკო. წვები. და იკრუნჩხები ტკივილისგან. ვეღარ სუნთქავ. ხრიალებ. და გტკივა. გულის ფიცარი გტკივა. და საოცრად ფხიზელი ხარ. სხეულის ყველა უჯრედით ცოცხალი. და ყველაზე მეტად დამიწებული ყველა დამიწებულ ადამიანთა შორის. გულგაგლეჯილი. ახრიალებული. კრუნჩხვამოვლილი. აკანკალებული. ცივი ფეხებით. შეკრული წარბებით. მიტკლისფერი და დამუნჯებული. აღარც გინდა და აღარც შეგიძლია. და ანგრევ ყველაფერს. რაც გაგაჩნია. რისთვისაც მიგიღწევია და რაც მიგიღია. ყველაფერს შლი. ანადგურებ. და …
იწყებ თავიდან. ამოვთქვი. ფხიზელი ვარ.
ავტორი: ირინე ჭოჭუა