Skip to content

ყველაფერი დანარჩენი

ყველაფერი დანარჩენი, რითაც წლების განმავლობაში ვართ დაკავებული, იმდენად უმნიშვნელოა ყურადღების გამახვილებაც არ ღირს.

დილით დგები, ახალგაღვიძებულნასიზმრევი ფეხსაცმელს იცვამ, შემდეგ ხვდები, რომ ჯერ შარვალიც არ გაცვია და ისევ იხდი, შარვალს იცვამ, შემდეგ ისევ ფეხსაცმელს უბრუნდები და საპირფარეშოში, ან სამზარეულოში ფხიზლდები, ჩაი, ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი, გაგვიანდება, ან არ გავიანდება და საერთოდ წასასვლელი არსად გაქვს. ზოჯერ ისე ღამდება, ვერ იხსენებ სად წავიდა დღე, ან იყო თუ არა საერთოდ და ისევ გახსენდება, რომ ჯერ შარვალი უნდა ჩაგეცვა და შემდეგ ფეხსაცმელი, და თუ ეს ორჯერ ზედიზედ დაგემართა უკვე ცუდის ნიშანია. ეს გოგო კი, ბოლო დროს ძალიან ხშირად აცხადებს ამინდის პროგნოზს, იმდენჯერ, იმდენჯერ, რომ გააგაზაფხულა, თან ის თხელი მაისური, რომელიც შარშან ამოჩემებული გქონდა გადახუნებულა, რაღაც ლაქებიც აქვს, წელს ვეღარ ჩაიცვამ. დროს იმსიგრძე და ისეთი ბინძური ფეხები აქვს, მთელი დედამიწა დასვარა. ჰოდა ამიტომ ყოველ დილით საპირფარეშოში შედიხარ…

და ყველაზე მთავარი სწორედ აქ არის, ძალიან ცდები თუ სახეზე ცივი წყლის შეგრძნების შემდეგ სარკეში არ იყურები და არ იღიმი, ზოგჯერ საკუთარ თავს ყველაზე მეტად სჭირდები, მაგრამ ვერსად გპოულობს.

ავტორი: ტატო გოგოლაძე;