„წარმატებული მაშინ ხარ, როდესაც შენ ირგვლივ მყოფი ადამიანები შენი კარგად ყოფნით ბედნიერები არიან“. ამ პროცესებზე უფრო დაწვრილებით საკმაოდ საინტერესო კარიერული ისტორიის მქონე 25 წლის მარკეტინგის მენეჯერი, გიორგი გვენეტაძე თავად გვესაუბრება
მოგვიყევით რატომ აირჩიეთ მარკეტინგი
მარკეტინგით დაინტერესებული ბავშვობიდანვე არ ვყოფილვარ. ბოლო კლასებში არჩევანს იურიდიულ მიმართულებასა და ბიზნესს შორის ვაკეთებდი. ორგანიზების ნიჭი, კრეატიული იდეები – ეს ის ფაქტორებია, რამაც სწავლის გაგრძელება ბიზნესის მიმართულებით გადამაწყვეტინა. მშობლებისგანაც ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი.სწავლის შემდგომი ეტაპი საქართველოს უნივერსტეტში დავიწყე, თუმცა ოჯახური პირობების გამო დროებით აკადემიური ავიღე. ჯერჯერობით არ გამიგრძელებია, თუმცა ვაპირებ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.
2007 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსტეტში 100%-იანი გრანტით ჩავაბარე. ყველა საგანი ინგლისურად იკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ენა საკმაოდ ნორმალურად ვიცოდი, თავიდან ცოტა შემეშინდა, არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა გამკლავებას. საბოლოოდ ყველაფერი კარგად წარიმართა. ჩემი თავი ფინანსური განხრით ან ბუღალტერიაში ვერასოდეს წარმომედგინა. საბოლოოდ არჩევანი მარკეტინგზე შევაჩერე.
სწავლის შემდგომი ეტაპი საქართველოს უნივერსტეტში დავიწყე, თუმცა ოჯახური პირობების გამო დროებით აკადემიური ავიღე. ჯერჯერობით არ გამიგრძელებია, თუმცა ვაპირებ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო.
როგორც მივხვდი, მარკეტინგის სფეროში წასვლისკენ შემოქმედებითმა უნარებმა გიბიძგათ. თქვენ წარმოგიდგენიათ მარკეტოლოგი, როგორც შემოქმედი, რომელიც რაღაც ახალს ქმნის?
მარკეტოლოგი არ მიმაჩნია კარგ პროფესიონალად, თუ მას კარგი ანალიზისა და შემოქმედებითი უნარები არ აქვს. ძალიან ბევრს მარკეტოლოგის დანიშნულება არასწორად ესმის. მის მთავარ მიზანს სიახლის შექმნა, ამ სფეროში ახალი სიტყვის თქმა უნდა წარმოადგენდეს.
როგორც მარკეტოლოგი თქვენს ყველაზე საამაყო ქმნილებას ხომ ვერ გაიხსენებდით?
საამაყო ქმნილებას ჩემს ერთ-ერთ ბოლო პროექტს ვუწოდებ. მაშინ იუსტიციის სამინისტროს მარკეტინგის სამმართველოს ხელმძღვანელი ვიყავი. სამინისტროს წლის შეჯამება საკმაოდ რთულ დავალებას წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლი პროდუქტს არ ქმნის და ჩვენი მოვალეობაც კანონპროექტებისა და ცვლილებების ადამიანურ და გასაგებ ენაზე წარმოჩენა იყო. პარალელურად, იდგა ამოცანა, რომელიც, ვფიქრობ, დღესაც აქტუალურია – იუსტიციის სახლისა და სამინისტროს დიფერენცირება. ამას პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ. ტაქსის მძღოლს სამინისტროში წაყვანას რომ ვთხოვდი, იუსტიციის სახლში მივყავდი.
ერთი სიტყვით, მე უნდა გამეერთიანებინა რამდენიმე დავალება: 40 წამში 12/13 რეფორმის წარმოჩენა და საიმიჯო რგოლის შექმნა უნდა მომეხერხებინა. ამ საქმის გარე მომსახურებისათვის გადაბარება გამოვრიცხე, რადგან დამატებითი ტენდერები იქნებოდა საჭირო. სამინისტროს შენობაში დავსხედით მე და ჩემი 3 კაციანი გუნდი და მოვიფიქრეთ ძალიან კარგი რეკლამა, რომელშიც ამომავალ წერტილად სამინისტროს უნიკალური შენობა გამოვიყენეთ. ამ რეკლამაში 2 რთული დავალების: რეფორმების გაცნობისა და ბრენდად წარმოჩენის გაერთიანება შევძელით.
რეზონანსი როგორი ჰქონდა?
რეზონანსი ძალიან კარგი ჰქონდა. 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კლიპად აღიარეს (სამთავრობო მიმართულებით). გვეკითხებოდნენ, რომელმა სააგენტომ გაგიკეთათო, არადა ეს ჩემი და ჩემი რამდენიმე მეგობრის ხორცშესხმული იდეა იყო. ამ პროექტით დღესაც ვამაყობ.
როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?
ჩემი კარიერა 2008 წელს დაიწყო. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ნაქირავებ ბინაში 5 მეგობართან ერთად ვცხოვრობდი. მშობლები რაღაც ელემენტარულს მიგზავნიდნენ, თუმცა თავისუფალი დრო მრჩებოდა და ჩემი სურვილით ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში, სატელეფონო ცენტრის ინგლისურენოვან ოპერატორად დავიწყე მუშაობა. მახსოვს, რამდენიმე დღეში დაახლოებით 74 ლარი დამერიცხა. უბედნიერესი ვიყავი.
რაში დახარჯეთ?
სახლში საჭმელი მივიტანე. 5 ძმაკაცი დაახლოებით 2 დღის განმავლობაში შემწვარ ხახვსა და მაკარონს ვჭამდით, ამიტომაც საძმაკაცოს გაბედნიერება გადავწყვიტე. არასოდეს არანაირ სამსახურს არ ვთაკილობდი. მთავარი იყო, თავი კომფორტულად მეგრძნო. ზემოთ აღნიშნულ პოზიციაზე 3 კომპანიაში ვიმუშავე. სამივე საერთაშორისო იყო და ურთიერთობა ინგლისურენოვან კლიენტებთან მიწევდა. ერთ ზაფხულს მე და ჩემმა მეგობარმა დასასვენებელი ფულის გამომუშავება გადავწყვიტეთ. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მიმტანად ვიმუშავეთ. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, უნდა ვაღიარო, რომ თითოეულმა სამსახურმა რაღაც შემძინა.
პირველი მარკეტინგული სვლა მესამე კურსზე გადავდგი. ერთ-ერთი ახალშექმნილი ფასდაკლების საიტიდან დამირეკეს და მეც დავთანხმდი. ჩემი ფუნქცია იყო ბიზნესმენებისათვის ჩვენი მომსახურება შემეთავაზებინა.
ფასდაკლების საიტებმა თავად გაიგეს შენ შესახებ თუ რეზიუმე გაგზავნე?
მაშინ ჩემ შესახებ უნივერსტეტის გარეთ არავინ იცოდა. როგორც ხდება ხოლმე, ვაკანსიას გამოვეხმაურე და შემდეგ რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრება გავიარე.
რეზიუმეებს ხშირად აგზავნიდი?
არა, ხშირად არ ვაგზავნიდი. აქტიურ ძებნას მხოლოდ მაშინ ვიწყებდი, როდესაც სამსახურიდან წამოსვლას გადავწყვეტდი. ჩემი შესაძლებლობები ყოველთვის ვიცოდი. ვხვდებოდი, რა იყო ჩემთვის შესაფერისი, რას ვაკმაყოფილებდი და რას არა.
ეს განაპირობებდა იმას, რომ სამსახურს სწრაფად პოულობდით?
კი, შეიძლება ასეც არის. ყველას ვურჩევ, რომ სამსახურის ძებნისას, უპიველეს ყოვლისა საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასონ.
ფასდაკლების საიტების შემდეგ როგორ განაგრძეთ თქვენი კარიერა?
ფასდაკლების საიტების შემდეგ ჩემი ძველი თანამშრომელი დამიკავშირდა. მან კარგი კომპანია შექმნა, დღემდე ფუნქციონირებს და სხვადასხვა ქვეყნებს ონლაინ ვაჭრობაში ეხმარება. ამ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერად 1 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ძირითად საქმიანობას არსებული უცხოელი კლიენტების შენარჩუნება, სპეციალური შეთავაზებების გაკეთება და ახალი კომპანიების მოზიდვა წარმოადგენდა. თვალსაჩინო კარიერული ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემმა მეუღლემ (მაშინ უკვე დაოჯახებული ვიყავი) სამთავრობო ვაკანსიების ვებგვერდის მისამართი გამომიგზავნა. ვნახე, რომ იუსტიციის სამინისტრო მარკეტინგის სამმართველოს უფროსს ეძებდა. ვფიქრობდი, რომ იმ დროისთვის ამ მიმართულებით გამოცდილება მქონდა და შესაძლოა მე ვყოფილიყავი ის პიროვნება, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ამიტომაც ავდექი და გამოვეხმაურე. გასაუბრებები რამდენიმე ეტაპს შეადგენდა. იუსტიციის სამინისტრო ჩემთვის რაღაც პიკი იყო, თუ აქ ვიმუშავებდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ მამა ჩემით იამაყებდა.
ეს შენი ორი საქმიანი ჰობის იურისპრუდენციისა და მარკეტინგის გაერთიანება ხომ არ იქნებოდა?
ვერ გეტყვი. იურისპრუდენცია ბავშვობაში დარჩა. ბიზნესის არჩევის შემდეგ მასთან შეხება არ მქონია. დავწერე სტანდარტული სამოტივაციო წერილი, რომელშიც ჩემს გამოცდილებაზე და სურვილზე ვწერდი. ერთი კვირის შემდეგ ტესტირებაზე დამიბარეს. დაგვირიგეს ფურცლები, რომელზეც რამდენიმე საკითხი იყო მოცემული. დავწერე და კმაყოფილი გამოვედი. ზოგადად, თუ გასაუბრებიდან კმაყოფილი გამოვიდოდი, შემდეგ ეტაპზე გადასვლის ძალიან დიდი შანსი იყო, რადგან საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ. ორ კვირაზე დიდხანს ველოდე. დამირეკეს და გასაუბრების შემდეგ ეტაპზე დამიბარეს.
ვისთან გქონდათ პირველი გასაუბრება? რაიმე განსაკუთრებული ხომ არ გახსენდებათ?
პირველი გასაუბრება ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, და თუ არ ვცდები, სიპი-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელთან მქონდა. როდესაც კონკურეტებს გადავხედე, დისკომფორტი ვიგრძენი. ყველა ჩემზე ასაკოვანი იყო და ალბათ ჩემზე გამოცდილიც. ჩაცმულობაც კი ოფიციალური ჰქონდათ. მახსოვს, გამჭვირვალე კარის უკან გამსაუბრებელის რეაქციას ვაკვირდებოდი და ჩემთვის ვფიქრობდი, მოეწონა თუ არა-მეთქი. ცოტათი ვნერვიულობდი, თუმცა შიგნით იმდენად დადებითი აურა იყო, დისკომფორტი მაშინვე მომეხსნა. ერთი სტანდარტული კითხვა დამისვეს, რომელზეც აქამდე არასდროს მიფიქრია, რას თვლი შენს უარყოფით მხარედო. მოვიფიქრე და ვუპასუხე, ფორმალური შეხვედრა ან რაიმე მსგავსი თუ იქნება მაშინ შეიძლება იჩინოს თავი უარყოფითმა მხარემ. ნერვიულობის დროს საუბარს ქუთაისურად ვიწყებ, თუმცა წერისას არ მეშლება-მეთქი. გავიცინეთ. კმაყოფილი გამოვედი.
გულწრფელობამ ხომ არ იმოქმედა?
ჩემი აზრით გულწრფელობამ ნამდვილად იმოქმედა. არ დავიწყე პრანჭვა-გრეხა და რისი თქმაც მიზანშეწონილი იყო, ის ვთქვი. შეხვედრაზე დამიბარეს და მითხრეს, რომ იუსტიციის სამინისტროს სოციალური მედიის მენეჯერის მიმართულება ჰქონდათ და ამ პოზიციაზე ვაკანსიაც იყო გამოცხადებული. მაშინ მრჩეველი ერქვა. ამ საკითხზეც ვისაუბრეთ და დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ჩემს უფროსს განვუცხადე, რომ საჯარო სფეროში მივდიოდი. ბედნიერი ვიყავი. ამიყვანეს, როგორც იუსტიციის სამინისტროს მარკეტინგის სამმართველოს მრჩეველი, სოციალური მედიის მიმართულებით. ჩაბარებული მქონდა სამინისტროს Facebook გვერდი და გარდა ამისა, სიპი-ების გვერდების მონიტორინგს ვეწეოდი.
მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლად მუშაობა 2013 წლის თებერვალში დავიწყე და ზუსტად 1 წლისთავზე დამაწინაურეს, სამმართველოს უფროსად გადამიყვანეს.
რამ განაპირობა დაწინაურება?
ალბათ დაინახეს პასუხისმგებლობა თუ საქმისადმი სიყვარული. როდესაც სამმართველოს უფროსის პოზიციაზე ვაკანსიას გამოვეხმაურე, სამმართველოში მიმდინარე პროცესები კარგად ვიცოდი, შესაძლოა ამანაც იმოქმედა.
რა იყო მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის შემდგომი ეტაპი?
ნოემბრის თვის ერთი ჩვეულებრივ კვირა დღეს ვიჯექი და ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო ჩემი შემდეგი ნაბიჯი. ამ დროს ტელევიზორში პროექტის ,,რა? სად? როდის? ‘’ რეკლამას სპონსორის ტიხარი მოყვა. ეს იყო ევროპა-ბეთი.
შენი ინსპირაციის წყარო შემთხვევითი ინფორმაცია გახდა?
ეს უბრალოდ დამთხვევაა. წარმატებულ კომპანიაზე ვფიქრობდი და უცებ ევროპა-ბეთი გამოჩნდა. საღამოს, როდესაც მეუღლეს და ბავშვებს ეძინათ, ავდექი ისე რომ არაფერი მითქვამს და დასაქმების საიტებზე ევროპა-ბეთის ძიება დავიწყე. ვაკანსია მხოლოდ სატელეფონო ცენტრის ოპერატორზე იყო. აქ დაბრუნება ნამდვილად არ მინდოდა. ელექტრონული ფოსტის მისამართიც არ ვიცოდი. უბრალოდ ავკრიფე [email protected] და მივწერე წერილი, რომელშიც ვწერდი რომ ვარ ესა და ეს, შეგიძლიათ იხილოთ ჩემი რეზიუმე, დაინტერსებული ვარ თქვენი კომპანიით და თუ გექნებათ ვაკანსია მარკეტინგის მიმართულებით, ან თუ დაინტერესდებით, სიამოვნებით გავხდები თქვენი გუნდის წევრი-მეთქი. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მომივიდა საპასუხო შეტყობინება, რომელშიც ძალიან დიდ მადლობას მიხდიდნენ, რომ განიხილეს ჩემი რეზიუმე და ამ ეტაპზე ვაკანსია არ ჰქონდათ. თუმცა მათთვის ჩემი უფრო ახლოს გაცნობა და ჩემზე მეტის გაგება საინტერესო იქნებოდა. ვიფიქრე, რომ ეს სტანდარტული პასუხი იყო და არავინ დამირეკავდა, თუმცა არ გასულა ორი დღე და მირეკავს ევროპა – ბეთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გასაუბრებაზე მიბარებს. მაშინვე ჩემს მეუღლეს დავურეკე, ვუთხარი, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა და უნდა წავსულიყავი.
თავად გჯეროდათ, რომ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო?
ნაკლებად მჯეროდა, რადგანაც ნაკლებად მეგულებოდა საქართველოში კომპანია, რომელიც მსგავს წერილს ყურადღებას მიაქცევდა. რამდენჯერმე დამიბარეს და ბოლო გასაუბრებაზე მახსოვს, მკითხეს, მოდიხარ სფეროში, სადაც გამოცდილება არ გაქვს და როგორ ფიქრობ რა არის მთავარი მენეჯერისთვისო. ვუპასუხე, რომ ნებისმიერი კომპანიის მენეჯერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის მართვის უნარია. მთავარია ზუსტად ხვდებოდე პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ საკითხზე პასუხისგმებელია, არის თუ არა პროფესიონალი, აქვს თუ არა მოტივაცია და ასრულებს თუ არა საქმეს პირნათლად-მეთქი. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყავი. 10 დღეში შემოთავაზება მივიღე. ევროპა-ბეთში ჩემი პირველი პოზიცია პროდუქტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. ძალიან მალე შევეგუე და საქმეში აქტიურად ჩავები. 2 თვეში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. აბსოლუტურად სხვა პოზიციაზე აღმოვჩნდი. ეს ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია იყო.
რომ შევაჯამოთ, რა არის ასეთი მზარდი კარიერული აღმასვლის განმაპირობებელი?
თუ ჩემს მეუღლეს დავუჯერებთ, მე საკუთარი თავის სურათი დახატული არ მაქვს. ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ჩემში უარყოფითს უფრო მეტს ვხედავ. შესაძლოა იყოს ის, რომ კომუნიკაბელური ვარ. როგორც მეუბნებიან, კარგად ვიცი ადგილისა და დროის შერჩევა. კარგად ვხვდები ადამიანის ტიპჟს და ვეუბნები იმას, რისი მოსმენაც სურთ. გარდა ამისა, ადვილად ვეგუები გარემოს. თუმცა თუ გარემო ჩემთვის კომფორტული არ არის, დიდხანს არ ვჩერდები. არა მხოლოდ სამსახური, შესაძლოა ეს იყოს წვეულება და ასე შემდეგ. როგორც მეგობრები მეუბნებიან, მაქვს კარგი დედუქციის უნარი. თუნდაც სწორი პასუხი არ ვიცოდე ან სწორი გზა, რაიმე პრობლემის გადასაჭრელად, ანალიზისა და დედუქციის უნარით გამოვრიცხავ რაღაც-რაღაცებს და საბოლოო ჯამში სწორ გზაზე აღმოვჩნდები.
როგორც ვხვდები, თქვენი მეუღლე თქვენი ძლიერი მხარეა კარიერული მიმართულებით, უფრო კონკრეტულად მოგვიყევით რაში გამოიხატება მისი მხარდაჭერა?
მისი მხარდაჭერა ბევრ საკითხში გამოიხატება. აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში მიდგას. სწორი ანალიზის უნარი აქვს და თუ რაღაც საკითხში ვცდები, აუცილებლად დამიმტკიცებს. მაგალითად, მედიის პოზიციაზე მუშაობისას, ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენციიდან მოწვევა მივიღე. ნიუ-იორკში სოციალური მედიის კვირეული ტარდებოდა. ვიცოდი, რომ საჯარო სტრუქტურიდან უცხოეთში მსგავს ღონისძიებაზე წასვლა ძალიან ბევრ ბარიერთან იყო დაკავშირებული. ჩემი მეუღლეც სოციალური მედიის მიმართულებით მუშობს. ამის შესახებ გაკვრით ვუთხარი და ისიც დავამატე, რომ აზრი არ ქონდა და წასვლა გამორიცხული იყო. მან მითხრა, რომ ეს სამინისტროსთვისაც კარგი იქნებოდა და წასვლა დაჟინებით მთხოვა. ერთ თვეში ნიუ-იორკში, აღნიშნულ კონფერენციაზე ვიყავი. დამარცხება არ მიყვარს და ნათია რომ არა, მენეჯმენტთან ამ წინადადებას არ გავიტანდი.
გარდა რაციონალური რჩევისა, ემოციურ მხარდაჭერასაც იღებ? შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ესეც მეუღლის დამსახურებაა?
მაგას ვერ ვიტყვით. ჩემს თავდაჯერებულობაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. თუკი კომფორტის მდგომარეობაში არ ვარ, შესაძლოა რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებად ვიქცე. ჩემი თავდაჯერებულობა ქრება იქ, სადაც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. თავდაჯერებულობის საიდუმლო პირველ რიგში მომზადებაა, მეორე, პიროვნული ფაქტორი.
როგორ უთავსებ კარიერასა და ოჯახს?
ძალიან ცუდად ვუთავსებ. როდესაც რაიმე საქმეს ვიწყებ, შეუძლებელია მივატოვო. შესაბამისად მუშაობა გვიანობამდე მიწევს, ხანდახან უქმე დღეებშიც, მივლინებებშიც ხშირად დავდივარ. რთული სამუშაო დღის შემდეგ, დაახლოებით ღამის 11 საათზე სახლის კარს რომ შეაღებ და ორი ბავშვი ჩასახუტებლად გამოიქცევა, შენც ბავშვად იქცევი. ყველაფერს ამ ორი პატარა არსებისთვის აკეთებ და ეს გაძლიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ დაღლილ-დაქანცული მიდიხარ, მაინც ახერხებ, იყო კარგი მამა, იმდენად კარგი, რომ მეორე დღეს ბავშვები ისევ გელოდებიან და არ იძინებენ, სანამ არ მიხვალ?
ეგ მომენტი არის. პირველი იმიტომ, რომ ძალიან უყვართ ქინდერ სიურპრიზი და მეორე ის, რომ მათთან თამაშისას, რაღაცის მათთან ერთად გაფუჭებისას, დაძინებისას თავადაც ვწყნარდები. გული მწყდება, როდესაც სახლში დაბრუნებულს უკვე დაძინებული მხვდებიან. ერთხელ მეუღლემ დამაფიქსირა, როდესაც სახლში დილის 4 საათზე მივედი, გაუთვითცნობიერებლად დაახლოებით 20 წუთის განმავლობაშო ბავშვების საწოლთან ვიჯექი და ვუყურებდი. ხშირად ხდება, როდესაც ბავშვს აძინებ და თვითონაც გეძინება.
როგორ ფიქრობთ რა არის თქვენთვსი წარმატება და ვინ არის თქვენთვის წარმატებული ადამიანი? ცნობილი ან არაცნობილი?
წარმატება პროცესების ერთობლიობაა, რომელიც შენს ბედნიერებას განაპირობებს. წარმატებული მაშინ ხარ, როდესაც შენ ირგვლივ მყოფი ადამიანები შენი კარგად ყოფნით ბედნიერნი არიან. წარმატებული ადამიანი ჩემთვის ჯოან როულინგია. რატომ? პირველი ის, რომ თავისი პატარა ოცნება, თავისი ფიქრები, იდეები უბრალოდ იდეად არ დატოვა, 13 წლის განმავლობაში ამ იდეისთვის ფრთების შესასხმელად ყველაფერი გააკეთა. თავისთავად შეგვიძლია ჰარი პოტერს ფენომენი ვუწოდოთ.
როგორია თქვენი მომავალი კარიერული გეგმები?
ახალი წლიდან უკვე ახალი მიმართულებით ვაგრძელებ კარიერულ წინსვლას და Gino Paradise-ის მარკეტინგის და PR დეპარტამენტს გავუძღვები. ძალიან დიდი პოტენციალი და მრავალი შესაძლებლობა დავინახე ამ კომპანიაში და შეთავაზებასაც სწორედ ამიტომ დავთანხმდი. მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ კარიერის ეს საფეხური დამატებით როლს ითამაშებს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, ჩემის მხრივ კი ვეცდები ეს უნიკალური კომპლექსი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადო მომხმარებლებისთვის.
მადლობა საინტერესო საუბრისთვის.