მახსოვს თოვლიანი დეკემბერი იდგა. მეგონა ყველაზე ფაფუკი თოვლი აქ არის ჩემს მხარეში – მეთქი. ამიტომ ვიწექი და თოვლის ფიფქებით გამოტენილი ცა საბანივით მეფარა თავზე. დროდადრო მივირბენდი ფანჯარასთან და, რადგან ცა ღმერთივით დამყურებდა თავზე, იმედი მქონდა, რომ თებერვლის ბოლომდე გაგრძელდებოდა თოვლიანი ამინდები და დიდხანს იქნებოდა გადათეთრებული ჩემი ეზო. ჩემს ძმას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი საბანი ეხურა, ისეთი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მიხვდებოდი – ისიც ნამდვილი მეოცნებე იყო.
სწორედ ასეთ თოვლიან დღეებში გამოვიგონე ყველაფერი, რისი გამოგონებაც ჭირდება ადამიანს. ჩემს სახლთან ახლოს აღმოვაჩინე ულამაზესი ჭიუხები – კრისტალურ ქანებში გამომუშავებული დაკბილული კლდოვანი მთები, სადაც თავიანთ ჭკუაზე ცხოვრობდნენ ხეები, ბუჩქები, ბალახები და ცხოველები. და რადგან მეც მოვიშინაურე რამდენიმე საახალწლო ირემი, სულ ზეპირად ვიცოდი მათი ამბები. სწორედ ასეთ დღეებში მივხვდი – ირგვლივ ყველაფერი ისეთი მშვენიერია, არა უშავს თუ გული ზოგჯერ დარდით აივსება – მეთქი. ჩაფიქრდები, უამრავი კითხვა გაგიჩნდება ცხოვრებაზე. ამიტომ ბუნებრივია მოიწყენს ხოლმე ზოგჯერ ადამიანი. ყველაზე მეტად ზამთარში მიყვარდა ფიქრი. იწყებოდა ჩემს ოთახში ბუხარში მოგიზგიზე ნაკვერჩხლების ტკაცა-ტკუცი და საკვამურიდან უერთდებოდა სამყაროს სხვა ხმებს.
ასეთ ფიქრებში ჩაძირულს სკოლის გაკვეთილებიც უნდა მომემზადებინა,რადგან თუ კარგად არ ისწავლი, მხოლოდ შინაგან სამყაროს ვერაფერში გამოიყენებ. მოსწავლემ აუცილებლად უნდა ისწავლოს სასკოლო პროგრამა და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება აღმოაჩინოს ნებისმიერი სხვა სამყარო საკუთარ გულში. გაკვეთილებს მოვამზადებდი და მხოლოდ შემდეგ შემეძლო დავმეგობრებოდი პატარა ფუმფულა მელას, მომეყვანა კუდბუთქუნა ციყვი სახლში და წავსულიყავი ყველასთვის საინტერესო თანავარსკვლავედ კასიოპეას სანახავად, რომელიც ჩემი სოფლიდან ყოველთვის მოსჩანდა შეუიარაღებელი თვალით და ამობრუნებული გვირგვინის ფორმა ჰქონდა. თავქვეშ მეწყო სასკოლო სახელმძღვანელოები და რადგან 90-იან წლებში იშვიათად მოგვეწოდებოდა ელექტროენერგია, მეც სხვა ბავშვების მსგავსად სანთლის შუქზე მიხდებოდა მეცადინეობა.
ბარბარობის დილა რომ გათენდა, პირველ რიგში ფანჯარასთან მივირბინე. ბუნებას ახლა უკვე სხვანაირად დაეხატა ირგვლივ ყველაფერი. ძალიან შორს, ცის ტატნობზე, როგორც მწერლები ამბობენ ხოლმე, მოჩანდნენ ღმერთივით მშვიდი ბერ-მონაზვნები, რომლებიც ტყეებიდან ეზიდებოდნენ ფიჩხს. ბეღურებსაც კი, რომლებიც ყველაზე მაღალ ტოტებზე ისხდნენ, უფრო ლამაზი ფრთები და ნისკარტი ჰქონდათ, რადგან ბუნება ყოველ დილით ახალ ფერებში ხატავს თავის საყვარელ პეიზაჟებს.
მთელ სახლში ისეთი სითბო ტრიალებდა, რომ მივხვდი – დიდი ხნის გაღვიძებული უნდა ყოფილიყო დედა. გუგუნებდა ღუმელი და ბავშვური სიხარულით მქონდა გული სავსე. რამდენიმე ხანში მამა ხმაურიანად შემოდიოდა ოთახში და, როგორც ბარაქიან მეკვლეს შეჰფერის, თავზე მაყრიდა კამფეტებს. მე თავზე ვიფარებდი საბანს და ასე მეგონა საბნის ქვეშ იწვა ბავშვი, რომელსაც მთელს მსოფლიოში ყველაზე კარგი ოჯახი ჰყავდა. სოფელში ასეთი ტრადიცია გვქონდა: მეკვლეს, რომელიც შეიძლება ოჯახის უფროსიც კი ყოფილიყო, სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული უნდა შემოევლო და ხვავი და ბარაქა ესურვებინა გარშემო ყველაფრისთვის. ამ მიზეზის გამო საქათმეშიც კი შედიოდა მამა და დილაუთენია აწიოკებდა ქათმებს.
დედა სამზარეულოში იდგა ღუმელთან და ლობიანებს აცხობდა. ოქროსფერი თმები თავშალში ჰქონდა ჩამალული. სახე ოდნავ შეფაკლოდა და ღიღინებდა. ჯერ სიგრძეზე აბრტყელებდა ცომს, მერე სიგანეზე და ლობიოს მსხვილ მარცვლებს დებდა მასში. დარდის და სევდის გარდა ყველაფერს გაურევდა ლობიოს პურში და ასეთ ლობიანებს რომ გამოაცხობდა, იმ წელს არაფერი ცუდი აღარ ემართებოდა ჩვენს ოჯახს. არანაირი ტკივილი არ ეკარებოდა ჩვენს გულს. მე კი ძალიან ხშირად მიკვირდა, როგორ ახერხებდა დედა დაესუფთავებინა სახლი, მოედენა საქონელი, დაეხნა ბაღი და მაინც ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი ყოფილიყო. ალბათ იმიტომ, რომ დედები ღმერთის მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ანგელოზები არიან და სიყვარულით ართმევენ თავს ყველაფერს.
ღმერთო, მე ხომ ყოველ წელს ძალიან სწრაფად ვიზრდებოდი და უფრო და უფრო უცნაური ადამიანი ვხდებოდი. მაგრამ დედას ყოველთვის შეეძლო ჩემი ხელში აყვანა. მას ყოველთვის ესმოდა ჩემი. ლობიანებს რომ გამოაცხობდა და ერთმანეთზე დააწყობდა, ყველაზე მეტად დაბრაწულს გამოაცურებდა ქვევიდან, ოთხად გაჭრიდა და ჩამოგვირიგებდა. მამა ისევ ხმაურიანად ჭამდა, ლუკმას არ გატეხდა რამე რომ არ ეთქვა. იმდენ ამბავს დაატარებდა გულით! მე და ჩემი ძმა გაოცებული ვუსმენდით ხოლმე. დედა კი ვინ იცის უკვე მერამდენედ ისმენდა ძველ ამბებს, მაგრამ მაინც მოსწონდა მამის ამბებისთვის ყურის გდება. შემდეგ ატმის კომფოტს ჩამოასხამდა ჭიქებში და სამზარეულოშიც კი ყველაზე მეტად გავდა ქალღმერთს. გარეთ ისევ თოვდა. ნამდვილი ზღაპრები თურმე ბავშვების მიერ იწერება, რადგან ბავშვებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ აღწერონ სწორად სინამდვილე. ინათებდა თუ არა სოფლის სალოცავში მივდიოდით ყველანი ერთად. წმინდა ბარბარესთვის, რომელიც ბავშვების მფარველი ანგელოზი იყო, სანთლები უნდა დაგვენთო. ფეხქვეშ ისე ჭრაჭუნებდა თოვლი, რომ ვიცოდი ისევ გრძელდებოდა ჩემი სახლის ლამაზი ზღაპარი. მე ყოველ წელს ბარბარობის თოვლიან ამინდებში, ზოგჯერ ბეღურებით სავსე ეზოში ან კიდევ მამას შოთებივით თბილ ხელებში ვპოულობდი სითბოს, რომელსაც მთელი ჩვენი ცხოვრება ყველგან ვეძებთ ადამიანები.
ამიტომ მე ყოველ წელს ბარბარობის მოსვლას ისე ველოდები, როგორც თოვლის ბაბუას ელოდებიან საახალწლოდ პატარები. გათენდება ბარბარობის დილა. გავახელ თვალებს. გავიფიქრებ: ღმერთო, ისევ ისა ვარ. ისევ ის გოგო. დავაპირებ ბავშვივით წამოვხტე ლოგინიდან, მივირბინო ფანჯარასთან და დავინახო დამყურებს თუ არა ისევ თავზე ცა ღმერთივით. გავირინდები სიჩუმეში. მინდა ისევ გავიგონო დედის ნაბიჯების ხმა, მაგრამ დილის სიმყუდროვეს, როგორც ყოველთვის, მამა არღვევს: ოთახში შემოდის და თავზე მაყრის შოკოლადის ნაირ-ნაირ კამფეტებს.