ერთი კაცი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა გაეგო, თუ რაში მდგომარეობდა სიმართლე ადამიანთა ცხოვრების შესახებ. წლების უშედეგო ფიქრისა და ძებნის შემდეგ მას ურჩიეს, რომ წასულიყო და ერთ გამოქვაბულში მცხოვრები ცნობილი ბრძენისათვის ეკითხა ამის შესახებ.
იმედმოცემული კაცი ბრძენთან მივიდა და ჰკითხა, თუ რაში მდგომარეობდა სიმართლე ადამიანთა ცხოვრების შესახებ.
– წადი სოფლის მახლობლად მდებარე მთავარ გზაზე და იქ იპოვი სიმათლეს – უპასუხა ბრძენმა.
იმედით სავსე კაცი სასწრაფოდ გაიქცა იმ ადგილას სადაც ბრძენმა უთხრა. ის, რაც კაცმა იქ ნახა იყო მხოლოდ 3 მაღაზია. პირველში მეტალს ყიდნენ, მეორეში ხის მასალას, მესამეში კი წვრილ მავთულებს.
კაცმა ვერცერთ მათგანში ვერ დაიანახა სიმართლე, გაწბილებული დაბრუნდა უკან და ბრძენს ტყუილისათვის საყვედური უთხრა. ბრძენმა გაიღიმა და უთხრა:
– იმედია მომავალში მიხვდები.
მას შემდეგ წლები გავიდა კაცი უკვე აღარ დაეძებდა სიმართლეს, რადგან უკვე დაკარგული ჰქონდა იმედი, რომ ოდესმე იპოვიდა მას.
ერთ ლამაზ მთვარიან ღამეს იგი ქუჩაში მარტო მისეირნობდა, როდესაც ღამის მდუმარება მშვენიერი საკრავის ხმამ დაარღვია. ასეთი მშვენიერი მუსიკა კაცს არასოდეს სმენოდა.
იგი გაემართა იმ ადგილისაკენ საიდანაც მუსიკა ისმოდა. მუსიკას ერთი ახალგაზრდა ბიჭი უკრავდა. კაცი დააკვირდა, თუ როგორ ჯადოსნურად ათამაშებდა ბიჭი საკრავის სიმებზე ხელს.
და ამდენი წლის შემდეგ იგი მიხვდა, თუ რას გულისხმობდა ბრძენი. საკრავი მეტალის, ხისა და წვრილი მავთულისაგან იყო შექმნილი. სწორედ იმ მასალებისაგან, რომლებიც იმ სამ მაღაზიაში იყიდებოდა, რომლებშიც კაცმა სიმართლე ვერ იპოვა . . .
საინტერესოა რაში მდგომარეობდა ცხოვრების სიმართლე . . .
არ ვიცრუებ და არ ვიტყვი, რომ მე ვიცი სწორი პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა მოდით ამ ისტორიიდან გამომდინარე შევეცადოთ და შეძლებისდაგვარად გავსცეთ პასუხი მას:
რა იქნებოდა ოქრო, რომ ადამიანს არ ეღიარებინა იგი ძვირფას მეტალად? არაფერია მნიშვნელოვანი, თუ ადამიანმა არ მიანიჭა მას მნიშვნელობა . . .
ღმერთმა რაც გვჭირდებოდა ყველაფერი მოგვცა. ჩვენი ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, შევქმნათ, ვაშენოთ და გავხადოთ სამყარო თუნდაც მცირედით უფრო მშვენიერი და მდიდარი . . . აი ჩემი აზრით რას გულისხმობდა ისტორიის ავტორი . . .