აკა მორჩილაძე საკუთარი წიგნების შესახებ
„მოთხრობებსაც აღარ ვწერ – თუ დრო მაქვს, მირჩევნია, დიდი წიგნი დავწერო. ეს მანიჭებს სიამოვნებას“ (აკა მორჩილაძე)
„ზოგიერთი წიგნი ისეთია, მკვეთრი ამოცანაა დასახული და იცი, ერთ კვირაში დაწერ. საერთოდ, ეგრე, ჩაჯდომით წერა მიყვარს, რადგან თითქმის ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებული. მაგალითად, „ძველი გულებისა და ხმლისა“ ერთ კვირაშია შექმნილი. იქამდე სადღაც ვიყავი წასული და რაღაც სქელტანიანი დავწერე. იმ პერიოდში სულ ვმოგზაურობდი და ნაწარმოებების უმრავლესობა სწორედ ამ დროს იწერებოდა.
ერთხე, ვიფიქრე, რამე ხომ არ დავწერო-მეთქი და რადგან ამბავი გააზრებული და მოფიქრებული მქონდა, სწრაფადვე მივაყოლე „ძველი გულებისა და ხმლისა“, თუმცა „მორიდებული ზურმუხტისგან“ განსხვავებით, ამოცანა ბევრად მარტივი იყო. ზოგადად, სირთულეები არ მაშინებს, მთავარია, პროცესი სასიამოვნო აღმოჩნდეს ჩემთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს დავწერ.
არსებობს მე ლიტერატურა და შენ ლიტერატურა. პირველია, როცა ადამიანი სულ თავის თავზე წერს – იმაზე, რაც თავად განუცდია. ჩემი ნაწერები კი ძალიან ნაცნობი და იოლად გასაგებია. ეს უკვე შენ ლიტერატურაა. ჩემგან კი ვწერ, მაგრამ მაინც შენ არის, იმიტომ, რომ შენ იცი, რაზეც მე ვწერ. ასეთ დეტალებზე მწერლები თითქოს არ „ხურდავდებიან“, მე კი, რაკი სურათების ადამიანი ვარ, სწორედ ეგ მიყვარს. ცნობიერებიდან არაფერს ვყვები, მხოლოდ – სურათებს მივყვები. თუმცა შემიძლია, ისიც გავაპაროდირო. რასაც გინდა, იმას დაგიწერ, თუმცა სიამოვნებას სწორედ სურათები და გარემო მანიჭებს.
ომის მერე, ორი-სამი წელი, არაფერი გამომიცია. ვფიქრობდი, საერთოდ დამენებებინა წერისთვის თავი. ან რა სიამოვნება უნდა მიმეღო?! მოგეხსენებათ, ფული ყველას სჭირდება და მეც ვწერდი რაღაცებს – ძირითადად, სტატიებს. საქართველოდან ახალწასული ვიყავი. ინგლისური ენა არ ვიცოდი და ცოტ-ცოტას ვსწავლობდი, თუმცა წიგნზე ნამდვილად აღარ ვფიქრობდი, არადა, მანამდე წელიწადი არ გავიდოდა, ერთი ან ორი წიგნი არ გამომეცა. ომმა ძალიან იმოქმედა… დრო რომ გავიდა, „ობოლე“დავწერე. მერე, თანდათან, წერის სურვილიც დამიბრუნდა.. სულ ვწერ. ახლაც ამ პროცესში ვარ.
ძალიან მინდა, რომ ჩემი წიგნები ერთმანეთს არ ჰგავდეს. „სხვას“ ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს ნაწარმოებიდან „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ – პალტოიანი კაცი და მისი ცოლი, რომელიც იმ ნაწარმოებში მკვდარია, მაგრამ აქ ცოცხალია. “ზოგადად, წიგნი გმირების ენით იწერება. მესმის, რომ ასეთი ენა არ არსებობს, იმიტაციასავით გამოდის, მაგრამ ხომ უნდა შეესაბამებოდეს გმირი და თხრობის სტილი ერთმანეთს? მუსიკაც ხომ, რაღაც გაგებით, განცდების იმიტაციაა? თან ერთფეროვნად წერა მოსაბეზრებელია, ძალიან მწყინდება…
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ