„წარმატებისთვის ბევრი პოზიტივია საჭირო, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც არის ნეგატიურად დამუხტული, იკეტება, ტრიალებს ნეგატივის წრეში და იქიდან ვერ ახერხებს გამოსვლას. წარმატებისთვის საჭიროა წინ მოძრაობა. ასევე, არ უნდა შეგეშინდეს წინააღმდებობების. პირიქით, წინააღმდეგობა კარგიცაა, რადგან მისი გადალახვა გაძლიერებს. წინააღმდეგობის გადალახვით, სწავლობ და ხდები უკეთესი.“– ასე თვლის ჩემი რესპონდენტი ირინა ფრუიძე.
წარმატების მისაღწევად თავადაც ბევრი იბრძოლა, ისწავლა და ახლაც სწავლობს. ბავშობიდან წიგნების კითხვა უყვარს. მიაჩნია, რომ „ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს. სწავლა არ მთავრდება უნივერსიტეტის დამთავრებით, ან, მითუმეტეს – სკოლის დამთავრებით.“
ირინა გუნდური მოთამაშეა, როგორც თამაშში, ისე ცხოვრებაში. უყვარს მოგზაურობა და ფოტოების გადაღება. დაწვრილბით ინფორმაციას კი, ინტერვიუდან შეიტყობთ.
რა სტრატეგიიით შეარჩიეთ თქვენი ახალი ექვსეული?
დავიწყოთ იქიდან, რომ წინასაწარ იყო განსაზღვრული შერჩევის გარკვეული კრიტერიუმები – ჩვენ აუცილებლად უნდა გვყოლოდა მინიმუმ 2 ახალგაზრდა მოთამაშე, 30 წლამდე; ძველი გუნდიდან ერთზე მეტი მოთამაშის შერჩევა არ შეიძლებოდა და 1 ქალბატონი უნდა ყოფილიყო გუნდში. მაგრამ, პირველივე რაუნდში გამიჩნდა შანსი, რომ ამერჩია გიორგი ბაქრაძე, ვინაიდან მანამდე იგი არავინ აირჩია, სხვადასხვა მიზეზების გამო. მე გამიმართლა და ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი, ორი მიზეზით, ერთი, რა თქმა უნდა – გიორგი არის კლუბში ყველაზე ძლიერი მოთამაშე და მეორე, – ის არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და ძალიან კომფორტულია მასთან ერთად მუშაობა და თამაში. თავის დროზე, გიორგიმ დიდი როლი შეასრულა, მე რომ კლუბში მოვხედრილიყავი და ეს თამაში დამეწყო. ასე რომ, მასთან ერთად გუნდში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ამის შემდეგ კი, უკვე დადგა ახალგაზრდების შერჩევის საკითხი. ძველი გუნდიდან დიმიტრი ქიტოშვილი ავირჩიე, იქიდან გამომდინარე, რომ დიმიტრი საკმაოდ მოტივირებული და აქტიური მოთამაშეა და ვფიქრობდი, გუნდში ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანდა. მას აქვს ძალიან სხარტი, სწრაფი გონება. ახალგაზრდებიდან დათო და ჯემა შევარჩიე, როგორც აღმოჩნდა, წარმატებით. მათი თამაშის შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაცია მქონდა, რადგან ნაკლები თამაში ჰქონდათ ნათამაშები კლუბში და ძნელი იყო შეფასება. დათო ძალიან მომწონს, არამარტო როგორც მოთმაშე, არამედ როგორც მწერალი და საერთოდ, წარმატებული და საინტერესო ახალგაზრდა. ამიტომ ავარჩიე და არ შევცდი ამაში. ჯემალს რაც შეეხება, უფრო გამართლების მომენტი იყო. ნაკლებად ვიცნობდი ჯემალს და იმ მომენტში ეტყობა, რაღაც გამინათდა ტვინში. ვნახეთ, როგორ კარგად ითამაშა ჯემამ პირველი თამაში. მე იმედი მაქვს, რომ ეს ორი ახალგაზრდა კიდევ იტყვის ძალიან სერიოზულ სიტყვას.
ელერდაშვილი რატომ აირჩიეთ?
ეს უკვე პატარა ინტრიგა იყო, რადგან ელერდაშვილი ბოლო არჩევანი გახლდათ. მე მქონდა უფლება, ამერჩია ვახო, იმიტომ რომ მას ბოლო ერთი წელია არ უთამაშია ჩემს გუნდში. ყველამ იცის, რომ ვახო ცოტა არასტანდარტული მოთამაშეა. ყველას გაუკვირდა, როდესაც გიორგი და ვახო ერთ გუნდში მოვახვედრე. ეს იყო გარკვეული რისკი და ინტრიგა, რადგან, ზოგადად, გიორგი იმდენად ძლიერი მოთამაშეა, ხშირად, გუნდის სხვა წევრები მისი გავლენის ქვეშ ხვდებიან, რისი საშიშროებაც ჩემს გუნდში არსებობდა. თუმცა, ჩემდა საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ თამაშზე ახალგაზრდა მოთამაშეებმაც თავისუფლად გამოავლინეს თავი. ვახოს და გიორგის ჭიდილს რაც შეეხება, ამაში გარკვეული რისკები არის, იმიტომ რომ ორივე საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა და იყო საშიშროება, რომ მათ, ასე ვთქვათ, თავის თავზე გაექაჩათ თამაში და ამით გამოეწვიათ ცუდი შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის და იმედია, რომ კიდევ უკეთესად შეთამაშდებიან. უფრო პოზიტივი იქნება გუნდისთვის, ვიდრე ნეგატივის მომტანი.
კლუბში „რა? სად? როდის?“ თამაშობთ 1996 წლიდან. როგორ მოხვდით კლუბში?
სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს, გავიცანი კლუბის, ასე ვთქვათ, დამფუძნებლები – გიორგი მოსიძე, ლაშა კილაძე, ლევან კობერიძე, ისეთი ადამიანები, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ თამაშებს. იმ პერიოდში ვიყავი გაეროს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც გავიცანი ეს ხალხი. სამედიცინო ინსტიტუტშიც მქონდა მათთან კავშირი. ჩემზე ბევრად უფროსები არიან, მაგრამ მაინც გვქონდა შეხება და დამპატიჟეს, რათა მივსულიყავი და მენახა თამაშები. თავიდან რომ მივედი, ძალიან დავინტერესდი. კითხვა ყოველთვის მიყვარდა, ბავშობიდან ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ასეთი ტიპის თამაში. მითუმეტეს, რომ მაშინ ინეტერნეტი არ არსებობდა და ფაქტობრივად, კითხვები მოდიოდა წიგნებიდან. ახლა გაფართოვდა ყველაფერი და ზღვა ინფორმაციაა ინტერნეტიდან. ძალიან რთულია ამ ყველაფერს მისდიო. შეიძლება, ძალიან ბევრი წიგნი გქონდეს წაკითხული, მაგრამ ეს არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ კარგი მოთამაშე იყო. იმ პერიოდში, წაკითხული წიგნების რაოდენობა პირადირპროპორციული იყო შენი თამაშის შედეგზე. თავიდან ვეხმარებოდი ბატონ წამყვანს თამაშის ჩატარებაში, შემდეგ შემომთავაზეს მეთამაშა. პირველი თამაში ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კითხვა მოვიდა ახლო პერიოდში წაკითხული წიგნებიდან და ვუპასუხე. ასე ვთქვათ, იმ გუნდში დავრჩი ამიტომ და შემდეგ უკვე რამდენიმე გუნდში ვითამაშე. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიმიღწევია, თუმცა ნაკრებშიც მაქვს ნათამაშები, რამდენჯერმე კავკასიის ჩემპიონატზეც. შემდგომში, დაკავებულობიდან და ოჯახიდან გამომდინარე, ვეღარ შევძელი თამაშებში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ მიმიწვიეს კასტინგში, როცა ეს გადაცემა გაკეთდა. შემომთავაზეს, რომ გუნდის კაპიტანი ვყოფილიყავი. ძველ ვერსიებშიც ნათამაშები მაქვს.
სატელევიზიო ვერსიაში „მეცხრე არხზე“ გუნდები არ იყო სტაბილური და ყველა ინდივიდუალური შედეგის მიხედვით გადადიოდა შემდეგ ტურში. მაშინ ფინალშიც გავედი, გამიმართლა და შემდგომ უკვე აქ მოვხვდი.
რა სტრატეგიით არჩევთ გუნდში სწორ პასუხებს?
ეგეთი სტრატეგია არ არსებობს, რადგან ყველა კითხვა ძალიან ინდივიდუალურია და ყველა კითხვას გააჩნია თავისი სპეციფიკა. ხშირად, სწორი პასუხი გიკვეთება–ხოლმე თავისთავად და ძალიან მარტივია არჩევა, იმიტომ რომ დანარჩენ პასუხებს შორის აშკარა ვარსკვლავია და მთელი გუნდი თანხმდება ამაზე. საერთოდ გუნდური მოთამაშე ვარ, ცხოვრებაშიც და სამსახურშიც. ყოველთვის ვცდილობ, გავითვალისწინო უმრავლესობის დამოკიდებულება და იმის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას. მაგრამ, ზოგჯერ ეს აზრები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია და რთულია არჩევანის გაკეთება, ამ შემთხვევაში მივყვები ინტუიციას. ინტუცია არის ცოდნა იმის შესახებ, რაც გააზრებული არ გვაქვს. ჩვენ ვიცით რაღაც, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც არ დავუჯერე საკუთარ შინაგან ხმას და დავუჯერე სხვებს, მათ უფრო მყარ ლოგიკას და შევცდი. ძალიან ხშირად მემართება ასეთი რაღაც, საკუთარ თავს რომ არ დავუჯერებ და მერე ვნანობ ამას. ვფიქრობ, ეს უნდა გამოვასწორო, როგორც თამაშში, ასევე ცხოვრებაშიც.
როგორია გადაწყვეტილების მიღების მომენტი? რას გრძნობთ ამ დროს და რა ემოციით იმუხტებით?
რა თქმა უნდა, ყველა თამაშის დროს ვიძაბები. თამაშის წინ ვამბობ–ხოლმე, რომ ბოლოსდაბოლოს თამაშია და არაა სანერვიულო, მაგრამ არ გამოდის ამის კონტროლი. მითუმეტეს, რომ ვარ კაპიტანი და ჩემს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თამაშის ბედი. მე რომ ვთამაშობდე, როგორც მოთამაშე, ალბათ, იმდენს არ ვინერვიულებდი, იმიტომ რომ ან იტყვი სწორ ვერსიას, ან არ იტყვი. როდესაც კაპიტანი ხარ, სხვანიაირი პასუხისმგებლობა გაქვს, რათა არ წააგებინო თამაში შენი გუნდის წევრებს. ამიტომ ძალიან ვნერვიულობ.
2–ჯერ ხართ დასახელებული დღის მოაზროვნედ. როგორი შეგრძნებაა ეს? რას გრძნობთ ამ დროს?
წინა გუნდიც იმდენად ვარსკვლავური მყავდა და ახლანდელიც, არ ვთვლი-ხოლმე, რომ შეიძლება მე ვიყო დღის მოაზროვნე. რა თქმა უნდა, კაპიტანზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ არც იმ გუნდში და არც ამაში მე არ ვყოფილვარ ყველაზე ძლიერი მოთამაშე. შეიძლება, ერთ თამაშში ერთი მოთამაშე გამოჩნდეს უფრო წარმატებულად, მეორეში – მეორე.
თქვენი ბავშობის შესახებ მოგვიყევით – სად იზრდებოდით? სად სწავლობდით?
თბილისში დავიბადე და გავიზარდე, საბურთალოზე, პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე. ეს იყო საკმაოდ ძლიერი და გამორჩეული სკოლა. ექსპერიმენტული იმიტომ ერქვა, იქ იმ დროისთვის მოდერნიზებული, ახალი მეთოდიკა დაინერგა პირველ.
ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ მომცა ამან – თავისუფლება, თავისუფალი დამოკიდებულება და აზროვნება. შემდეგ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, მაგრამ მედიცინას არ გავყევი. გადავწყვიტე, ფსიქოლოგიის კუთხით წავსულიყავი და დავამთავრე სამაგისტრო პროგრამა. ახლა ვსწავლობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სადოქტორო პროგრამაში. ჩემი მშობლებს რაც შეეხება, მამა გარდაიცვალა. იგი იყო ფიზიკოსი, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანი, გამომგონებლური ნიჭის მქონე. დედა არის ინჟინერ–ქიმიკოსი. ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემმა მშობლებმა ჩემი და ჩემი ძმის აღზრდაში. წიგნების სიყვარული მათ შთამინერგეს. სახლში ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს.
თქვენი პროფესიის არჩევა რამ განაპირობა? რატომ აირჩიეთ ექიმობა ?
ძირითადად – დედამ. ბავშობაში ვხატავდი, მაგრამ დედაჩემმა ასე წარმართა ჩემი განვითარება. მას ძალიან უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. ახლაც გაბრაზებულია, რომ არ მივყევი ამ სპეციალობას. პირდაპირ არ უთქვამს, რომ მაინცდამაინც ექიმი უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ აღზრდისას შთამინერგა. თუმცა, არ ვნანობ იმას, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ვისწავლე, რადგან სამედიცინო განათლება იძლევა ძალიან დიდ ცოდნას და უნარ–ჩვევებს, რომელც მთელი ცხოვრება გამოსადეგია. რა არის განათლება? – უნარები, თუ როგორ მოეპყრა წიგნს, სად მოიპოვო ინფორმაცია და როგორ გამოიყენო ის. ამიტომ, არსებითი მნიშვნელობა, რომელ უნივერსიტეტს და რა ფაკულტეტს დაამთავრებ, ჩემი აზრით, არ აქვს. ადამიანებმა, შესაძლოა, ბევრჯერ შეიცვალონ პროფესია, ამას შიშით არ უნდა უყურო. მე ახლაც არ ვმუშაობ ფსიქოლოგად. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, ბევრჯერ შევიცვალე პროფესია და ვთვლი, რომ ნებისმიერ ასაკში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, შეიძლება ახალ პროფესიას, ახალ ცოდნას დაეუფლო და რადიკალურად შეიცვალო ცხოვრება. არაფერი საშიში არ არის. ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს. სწავლა არ მთავრდება უნივერსიტეტის დამთავრებით, ან, მითუმეტეს – სკოლის დამთავრებით.
ფსიქოლოგია თქვენ თვითონ აირჩიეთ?
სხვათა შორის, სამედიცინოზე ვსწავლობდი დაახლოებით მე-5-6 კურსზე, როცა გადავწყვიტე, რომ მინდოდა მესწავლა ფსიქოლოგიურზე. მაგრამ, არ დავანებე თავი სამედიცინოზე სწავლას, დავამთავრე, ლიცენზიაც ავიღე და შემდეგ ჩავაბარე. მესამე კურსზე დამსვეს. ფსიქოლოგიაც ძალიან გამომადგა ჩემს საქმიანობაში. მართალია, არ ვმუშაობდი ფსიქოლოგად, მაგრამ მაინც გამოსადეგი ცოდნა მივიღე.
როგორი სტუდენტობა გქონდათ? რამდენად დატვირთული?
ბნელი! დატვირთული ვიყავი, სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან განსხვავებით. სამედიცინოზე სწავლა ბევრად რთულია, მეტ ძალისხმევას მოითხოვს და მე და ჩემს მეგობრებს გვჭირდებოდა–ხოლმე საკმაოდ დიდ ხანს მეცადინეობა, რათა გამოცდები კარგად ჩაგვებარებინა. მითუმეტეს, იმ პერიოდში სწავლის მეტი სხვა გასაქანიც არ იყო, საინტერესო არაფერი ხდებოდა საქართველოში. იყო სიბნელე, არ იყო ტრანსპორტი, არც იმდენი გასართობი ადგილი, რამდენიც ახლა არის. ფაქტობრივად, ჩვენ ერთმანეთის სახლებში თუ მივიდოდით, თორემ სხვაგან – ვერსად. სირთულე მდგომარეობდა იმაშიც, რომ ძალიან ხშირად სანთლის ან ლამფის შუქზე მიმეცადინია და თავლები ამწვია ამის გამო.
როგორ მოხვდით საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში?
არასამთავრობო ორგანიზაციაში მოვხვდი, ახალგაზრდულში. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ძალიან გამიტაცა ამ სფერომ. გარკვეული გამოცდილება მივიღე პროექტების მართვაში. არასამთავრობო ორგანიზაციის განვითარების გამოცდილება მივიღე წლების განმავლობაში. შემდეგ, უკვე, მომიწვიეს სკაუტურ მოძრაობაში, რათა დავხმარებოდი მაშინდელ ხელმძღვანელობას ორგანიზაციის სკაუტინგის განვითარებაში საქართველოში. საინტერესო შემოთავაზება იყო. დავრჩი ამ ორგანიზაციაში და ვამაყობ იმით, რომ სერიოზული წინსვლა განიცადა ამ პერიოდში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უამრავი წევრი შემოგვემატა. დღითიდღე იმატებს სკაუტების სახელი და რაოდენობა საქართველოში. მსოფლიოში არის ორმოც მილიონზე მეტი სკაუტი და იმედი მაქვს, საქართველოშიც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ამ მოძრაობით, რომელიც უდიდეს შესაძლებლობესბ სთავაზობს ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო?
წარმატება ძალიან ინდივიდუალურია. წარმატებისთვის, ვფიქრობ, აუცილებელია მუდმივი თვითგანვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა, გაჩერება არ შეიძლება არასოდეს. მარტო ხელის განძრევბა საკმარისი არ არის, უნდა იცურო კროლით. თანამედროვე სამყაროში არის ძალიან დიდი კონკურენცია, მაგრამ, ამავე დროს, უზარმაზარი შესაძლებლობების და წარმატებისთვის აუცილებელია, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები. ამასთანავე, ერთი წვეთი გამართლებაც საჭიროა.
თქვენ რა ხერხებით ცდილობთ წარმატების მიღწევას?
მეც სწორედ ასე, მუდვივად ვარ მოძრაობაში, სულ ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე. როცა შევატყობ, რომ რაღაც ერთ დონეზე გავიჭედე, საკუთარ თავთან ვიწყებ მუშაობას, რომ რაღაც ახალი ვისწავლო, ახალ ეტაპზე გადავიდე. ასევე, ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ყველაფერს. საერთოდ, წარმატებისთვის ბევრი პოზიტივია საჭირო. იმიტომ რომ, ადამიანი, რომელიც არის ნეგატიურად დამუხტული, იკეტება, ტრიალებს ნეგატივის წრეში და იქიდან ვერ ახერხებს გამოსვლას. წარმატებისთვის საჭიროა წინ მოძრაობა. ასევე, არ უნდა შეგეშინდეს წინააღმდებობების. პირიქით, წინააღმდეგობა კარგიცაა, რადგან მისი გადალახვა გაძლიერებს. წინააღმდეგობის გადალახვით, სწავლობ და ხდები უფრო უკეთესი. ჩემი ძირითდი პრინციპია, არ შემეშინდეს, პოზიტიურად შევხვდე წინააღმდეგობებს და მუდმივად ვიმუშაო თვითგანვითარებაზე. ეს 2 ძირითადი პრინციპი მაქვს. არ ვიცი, წარმატებას რამდენად ვაღწევ, მაგრამ ვთვლი, რომ თვითრეალიზებული ვარ საკმაოდ. თუმცა, ბევრად მეტი შემიძლია გავაკეთო და იმედი მაქვს, რომ მეტსაც მივაღწევ ცხოვრებაში.
როგორც ვიცი, თქვენი ინტერესებია ფოტოგრაფია, ცეკვა და ხატვა. რამე მიღწევები ხომ არ გაქვთ ამ მხრივ?
მიღწევა არაფერი. ცეკვა მიყვარს, უბრალოდ, ძალიან. ამბობენ, რომ კარგადაც გამომდის. ბავშობაში ვხატავდი და ახლა ნაკლებად. ამას დრო ჭირდება, როგორც ყველაფერს. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ხშირად მიწევს მოგზაურობა. ერთი პერიოდი ევროპაში მიწევდა მოგზაურობა. ახლა გავიჭერი მის საზღვრებს გარეთ, აზიაშიც და ამერიკის კონტინენტზეც. ძალიან მიყვარს მოგზაურობის დროს ფეხით სიარული, ახალ ქალაქებსა და ადგილებში ფოტოების გადაღება. ეს არის ჩემთვის უდიდესი სიამოვნება. თუ ამინდიც კარგია, მითუმეტეს. ძირითდად, ჩემთვის ვაკეთებ ამას. არანაირი გამოფენა არ მქონია, ეს ჰობია ჩვეულებრივი. არც მიზრუნია ფოტოგრაფიის მიმართულებით განსაკუთრებული უნარების განვითარებისთვის. დროც არ მაქვს საამისოდ, თორემ დიდი სიამოვნებით...
რომელი ჟანრის ლიტერატურით ხართ დაინტერესებული? რომელი მწერალი მოგწონთ?
ძირითადად, ბელეტრისტიკას ვკითხულობ. ნაკლებად მაინტერესებს ტექნიკური და მეცნიერული ლიტერატურა. საქმიდან გამომდინარე, ვკითხულობ რაღაცებს. გასართობად და სიამოვნებისთვის მიყვარს მხატვრული ლიტერატურა, დეტექტივები. აკუნინის, თითქმის, ყველა წიგნი მაქვს წაკითხული. კლასიკა ბავშობაში წავიკითხე და ახლა ნაკლებად ვინტერესდები. უფრო თანამედროვე ლიტერატურაზე გადავედი. ქართველი მწერლებიდან ძალიან მიყვარდა კონსტანტინე გამსახურდია. ბავშობაში ვგიჟდებოდი ასტრიდ ლინდგრენზე და ფაქტობრივად, ზეპირად ვიცოდი კალე ბლუმკვისტი. ახლა ძალიან მომწონს ლოსას ნაწარმოებები. სიყვარულს ვერ ვიტყვი, მომწონს გარკვეული მწერლები, განსაკუთრებით – ლათინოამერიკელები. ბოლო დროს რაც წავიკითხე, ძალიან მომეწონა ვიშნევსკი. შმიდტის მოთხრობებიც ძალიან კარგია. საკმაოდ მრავალფეროვანი გემოვნება მაქვს, არ ვარ ერთი მიმდინარეობით გატაცებული.
როგორი კულინარი ხართ? რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად?
ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ვარ იშვიათი კულინარი, ორივე გაგებით – ვაკეთებ იშვიათად კარგად და ვაკეთებ იშვიათად. პრინციპში, რაც ცალკე ვცხოვრობთ, უფრო ხშირად მიწევს. როცა დედაჩემთან ვცხოვრობდი, დედა მეხმარებოდა. ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული კულინარი ვარ, მაგრამ ცუდიც არა. მიყვარს ვარიაცები კულინარიაში. ხშირად, კერძს სადმე თუ გავსინჯავ, ვცდილობ, რეცეპტის გარეეშ გავაკეთო იგივე და ჩემი სპეციფიკა დავამატო. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო და ქართული, რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი სუკეთესოა, ჯერჯერობით რაც გამისინჯავს. თან საკმაოდ ბევრი კერძი მაქვს გასინჯული, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრს ვმოგზაურობ. ასე ძალიან არცერთი მომწონებია. მეორე ადგილზე იტალიური კერძებია, რომელსაც სახლშიც ვაკეთებ, ასევე – ჩინურს.
ამ ყველაფრის მიღმა, გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ მას?
თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს. მაგრამ, რაც მრჩება, ვცდილობ, ჩემს ოჯახთან გავატარო – შვილთან, მეუღლესთან. ბავშვებს ძალიან ბევრი ყურადღება სჭირდებთ. ჩემი ქალიშვილი მუდმივად ითხოვს ჩემგან ყურადღებას და ეს ბუნებრივია. ვცდილობ, მაქსიმალურად მასთან ვიყო, ვითამაშოთ, წიგნები წავიკითხოთ. ძალიან მინდა, რომ სალის შეუყვარდეს წიგნები, მათში დაინახოს ის სიამოვნება და ხალისი, რასაც ვხედავ მე და არ იყოს წიგნი მისთვის რაღაც უცხო. ძალიან მიყვარს ბუნებაში ყოფნა, განსაკუთრებით ზაფხულში, თუ ამის შესაძლებლობა მაქვს.
ბოლო დროს, ქუჩაში ხშირად ვხვდებით მოწყენილ სახეებს, ადამიანებს, რომლებიც არ იღიმიან. როგორც ფსიქოლოგი, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით და რას ურჩევდით ადამიანებს?
ღიმილი ხელოვნურად არ მოდის, ხელოვნური ღიმილი არაფერს ცვლის. ეს უნდა მოიტანოს კარგმა ცხოვრებამ. ნეგატივი, რომელიც ქვეყანაში იგრძნობა, უკვე 20 წელი, როგორც მინიმუმ, გამოწვეულია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით. ეტყობა ადამიანებს იმდენად მძიმე გარემო აქვთ, რომ ვერ აკონტროლებენ თავიანთ განწყობას, ცუდ განწყობაზე არიან და გამოხატავენ ამას. ეს ძალიან ბუნებრივია. როდესაც ქვეყანაში გაუმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომერობა, ადამიანები შეწყვეტენ ყოველდღიური საკვების მოპოვებაზე ფიქრს და გაუჩნდებათ იმის შესაძლებლობა, თეატრში, კონცერტზე, გამოფენებზე, სამოგზაუროდ იარონ და კარგად დაისვენონ, მათ ბუნებრივად გამოუკეთდებათ გუნება და ქუჩაში დავინახავთ ბედნიერებს. ადამიანები დაიწყებენ გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას. როდესაც ადამიანი ყოველდღე ფიქრობს იმაზე, შვილს რა აჭამოს, შეუძლებელია, მას გაღიმება მოსთხოვო. ჩვენ გვინდა ევროპას შევედაროთ, სადაც ხალხი გაღიმებული დადის. მათ აქვთ ბევრად უფრო სტაბილური ცხოვრება, არ ემუქრებათ ყოველდღიურად სამსახურის და შემოსავლის დაკარგვის საშიშროება. გონება დაკავებული აქვთ ფიქრით, თუ როგორ გაერთონ, რომელ რესტორანში წავიდნენ, ზაფხულსა თუ ზამთარში სად დაისვენონ, რაც გამოიხატება მათ განწყობაშიც. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრობლემა. ხალხს აქვს ხოლმე ასეთი დამოკიდებულება, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, მთავრობამ უნდა გადამიწყვიტოს, უნდა დამეხმაროს, უნდა გააუმჯობესოს. სინამდვილეში, თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდეს, იმიტომ რომ თითოეული მოქალაქე ვართ ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ ვირჩევთ მთავრობას იმისათვის, რომ ფასილიტაცია მოახდინოს და არა იმისათვის, რომ ჩვენ მაგივრად იმუშაოს. ეს დამოკიდებულება თუ არ შეიცვლება, ქვეყანას არაფერი ეშველება. ალბათ, დრო სჭირდება ამას, თაობა უნდა შეიცვალოს. მე ხშირად მომაქვს ბიბლიიდან მაგალითი, რომ მოსემ 40 წელი ატარა თავისი ხალხი უდაბნოში, რადგან მონობაში დაბადებული ადამიანი თავისუფალი ვერ იქნება. ალბათ, ეს მართალია, უნდა შეიცვალოს თაობა და თავისუფალი თაობები წამოვიდეს. ბუნებით ძალიან მხიარული და გახსნილი ხალხი ვართ. თუ მოგვარდება ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ყველაფერი კარგად იქნება.
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა