„დღეს ისეთი პერიოდია, რომ ჩვენ, ვცდილობთ რა თავდაუზოგავად ვემსახუროთ ხელოვნებას, ჩვენი ქმნილებები უნდა შემოვუნახოთ მომავალს, რადგანაც უაზრო გაფანტვა და დაკარგვა ნამუშევრბისა, არავითარ შემთხვევაში იქნება გამართლებული სწორედ იმ პრინციპების წინაშე, რითაც და რის გამოც იქმნებოდა ეს ხელოვნება.
დღეს შენახვის, გადანახვის პერიოდია, ამიტომ გზა ეფექტური და ხმაურიანი, ეგზალტირებული გამოფენებისა და პრეზენტაციებისთვის პირველგამკვალავ, მედროვე , ე. წ. ავანტიურული ხასიათის მხატვრებს უნდა დაეთმოს.
კომერციული მხატვრობა დღევანდელი, წარმავალი შედეგის მომტანია, რომლის შემდეგაც რჩება სულის შემძვრელი სიცარიელე.
ის სიხარული , რომელიც შეიძლება ჩემისთანა ტიპის მხატვარს ჰქონდეს, როდესაც,რამდენსაც მინდა, იმდენს ვხატავ, ვკითხულობ წიგნს და ვწერ, ვერვითარ შემთხვევაში ვერ მექნებოდა, კომერციულ ორომტრიალში რომ ჩავბმულიყავი.
ეს შინაგანი თავისუფლება, მეტად ძვირფასია, მას გაფრთხილება და მოფერება სჭირდება.
ამ თავისუფლებას შემოქმედებითი სიხარულის მონიჭება შეუძლია, ყოველივე სხვა მხოლოდ იძულებაა.
ხოლო იძულებით ხელოვნება არ იქმნება.
მხატვრის სოციალური გადარჩენა მისი შინაგანი თავისუფლების შნარჩუნებაში, მისი თავისუფალი არჩევანის შენარჩუნებაში მდგომარეობს.
ბოლოს და ბოლოს, მხატვარი იყო, – ეს მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ შედევრებს ქმნიდე, არამც და არამც არა, – მხატვარი იყო – ეს იმას ნიშნავს რომ იცხოვრო მხატვრობაში და იცხოვრო მხატვრობით.
მხატვრობაში იცხოვრო სიყვარულით.
მხატვრობა დღეს პროდუქცია არ არის – ეს ცხოვრების წესია.
მხატვრობა ცხოვრების წესი!!!“
დღეს გია ბუღაძის დაბადების დღეა.