კონსტანტინე ერისთავი ალექსი მაჭავარიანის შესახებ
„მრავალი მეგობარი და ნაცნობი მყოლია ჩემი ცხოვრების მანძილზე, მათ შორის უმრავლესობა ჩემი კოლეგები იყვნენ, პროფესია აკავშირებს ადამიანებს.–წერდა აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი. ნებით თუ უნებლიეთ, ხშირად გიხდება მათთან ახლო ურთიერთობა. ეს თვით ცხოვრების ნება–სურვილით ხდება. ჩემს ნაცნობთა და მეოგობართა შორის იყვნენ სხვადასხვა პროფესიიის ადამიანები: ფსიქოლოგები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები,მწერლები, პოეტები, აგრონომები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, მუშები, არტისტები და სხვა მრავალნი.
ზოგიერთი მათგანის სახე ღრმად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ზოგიერთებთან დღესაც განვაგრძობ ურთიერთობას, მეგობრობას. კარგი ხასიათის ადამიანები, ძლიერი ნებისყოფით გამოკვეთილი შინაგანი და გარეგნული თვისებებით და ღირსებით, უმწიკვლო და ჭეშმარიტი პატრიოტები, ლამაზს ხდიან შენს ყოფასაც.
ჩემთვის ძვირფას ადამიანთა შორის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ჩვენში საკმაოდ ცნობილი პიროვნება, სახელგანთქმული მუსიკოსი, ალექსი მაჭავარიანი. ალიკო, როგორც ყველა უწოდებს და მეც ასე ვუწოდებ.
როდესაც ალიკოს ახსენებენ, სახეზე სასიამოვნო ღიმი გადამეფინება ხოლმე. შესანიშნავი ადამიანია, თავაზიანი, ამავე დროს ღირსებით აღსავსე, ძლიერი ნებისყოფით. მისი თვისებები ნათელია.
არიან ადამიანები, რომელთაც შუბლზე აწერიათ რანი არიან ისინი. ალიკოს ნამდვილად აწერია შუბლზე, რა სულის ადამიანია იგი. როგორია მისი შინაგანი ბუნება. ახდილი და გაშლილი შუბლი, ცისფერი, სიმშვიდით, ღიმილით და ხალისით აღსავსე თვალები, საიდანაც ხასიათის სიმტკიცე და ნებისყოფაც გამოსჭვივის. უაღესად კეთილი და ვაჟკაცური, სასიამოვნო ტემბრის ხავერდოვანი ხმა გამოკვეთილი დიქციით, დინჯი, ნელი გამოთქმით. საუბარი ძარღვიანი, ხალისიანი, სიცილი – სანდომიანი, ქცევა – დარბაისლური, უშუალო და გულუბრყვილო. ეს ყოველთვის ნათელს ფენს მისი პიროვნების საერთო სახეს,ზნეს, თვისებას. მის მუსიკაშიც კი არის ეს საოცრად მომხობვლელი, ცხოველმყოფელი, ღრმა, ხალისით და მჩქეფარე ტემპერამენტით სავსე შინაგანი იმპულსი, რომელიც აიძულებს მსმენელს გულდასმით, ყურადღებთ გაჰყვეს მისი მუსიკის სვლას და დინებას. ეს უფრო მთლიანს ხდის მისი პიროვნებისა და მუსიკის სახეს.
„ადამიანის, მითუმეტეს, ხელოვანის გული ნაკვერჩხალივით უნდა გიზგიზებდეს. და ეს მაშინ მოხდება თუ ადამიანები გიყვარს“–ო_ხშირად ამბობდა ალიკო.
ოცდაათი წლის განმავლობაში შეიძლება ადამიანების შესწავლა, მათი რაობის გაგება. როდესაც მან პირველად შემოაღო ჩემი ოჯახის კარი, სრულიად ახალგაზრდა იყო, ხალისიანი, ენერგიით სავსე, ცხოვრების მოყვარული. ადამიანთა მიმართ ყურადღებისა და პატივისცემის გრძნობით გაჟღენთილი. მას ერთგვარი სილამაზეც კი შემოაქვს საზოგადოებაში.“
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა