„ყოველთვის უნდა იყო მოძრაობაში და ძალიან ბევრი იშრომო, რომ წარმატებას მიაღწიო“ – ინტერვიუ დავით რაფავასთან
მშვიდი, გაწონასწორებული, თავდაჯერებული… ხელის ჩამორთმევის წამიდან მიხვდებით, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი დადებითი ენერგიის მატარებელია, მხიარულია, ხშირად იცინის. ხმის ტონი – რბილი, სასიამოვნოდ მოსასმენი. სადა და უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ… სწორედ ამ უბრალოების მიღმა იმალება, თუნდაც, მისი ცხოვრების მძიმე წუთები, ბედნიერი დღეები, წარმატების მისაღწევად დაძლეული სირთულეები. ვერაფერი შეუცვლის იმ განცდას და სიყვარულს, რაც სოხუმთან აკავშირებს. ოცნებობს და ძალიან უნდა იქ დაბრუნება. თვლის, რომ წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა შრომა. ჩემი რესპონდენტი „რა? სად? როდის?“ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, დავით რაფავაა.
ბატონო დავით, საუბარი თქვენი ახალი ექვსეულით დავიწყოთ – რა სტარატეგიით შეარჩიეთ?
არჩევის წესი ასეთი იყო, დეტალურად რომ აგიხსნათ: აუცილებლად უნდა გყოლოდა 30 წლამდე ასაკის 2 მოთამაშე, ასევე – 1 ქალი და წინა გუნდიდან ერთ მოთამაშეზე მეტის აყვანა არ შეგეძლო. თან ეს ყველაფერი თანმიმდევრობით ხდებოდა, 7 კაპიტანი ირჩევდა მოთამაშეებს გარკვეული თანმიმდევრობით, რომელიც წილისყრის შედეგად დადგინდა. პრინციპში, ის ხალხი შევარჩიე, ვინც მჭირდებოდა. ყველა კაპიტანს თავისებური სტრატეგია ჰქონდა. მე, პირველ რიგში, ია დავიტოვე. ვიცოდი, რომ ქალებიდან იას ვიღაც აირჩევდა. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. გარდა ამისა, გარკვეული თემების გადაფარვაც მინდოდა. მაგალითად, ავიყვანე დათო ლომინაძე, რომელიც კლუბში ერთ–ერთი ძლიერია ქართულ თემატიკაში, ლექსები და ა.შ. ია რუსეთში ცხოვრობდა დიდხანს და უჭირს ქართულად საუბარი, მეც რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და ასე ვთქვათ, ქართულ პოეზიაში ძალიან სუსტი ვარ. მაგრამ ამ ნიშას დათო ლომინაძე მშვენივრად ავსებს. ასევე, ძალიან მჭირდებოდა გუნდში ილია რევიასნაირი უძლიერესი უნივერსალი . კმაყოფილი ვარ, რომ მისი აყვანა შევძელი. ორი ახალგაზრდა მოთამაშე, სანდრო რაჩკოვსკი და აკაკი მოსახლიშვილი კი, ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მაგაში სულ მალე დარწმუნდებით.
რატომ არ აირჩიეთ მაგისტრი?
ჩემ გარდა, მაგისტრი არ აირჩია კიდევ სამმა კაპიტანმა და აიყვანა მხოლოდ მეხუთემ. შემიძლია გითხრათ, რომ ბაქრაძისნაირი მოთამაშე ახლა საერთოდ არ არის საქართველოში, ყველაზე ძლიერია ყველანაირი მაჩვენებლით. მაგრამ ჩემთვის, როგორც კაპიტნისთვის, ასე ვთქვათ, არ არის საინტერესო, ასეთი მოთამაშე მყავდეს გუნდში, რადგან ნაკლები შანსი აქვთ სხვა მოთამაშეებს, გამოიჩინონ თავი. „რა? სად? როდის?“ სატელევიზიო ვერსია ხომ შოუა და აქ მთავარია, რამდენად შეძლებ, გამოაჩინო გუნდის ძალა და აჩვენო ლამაზი გუნდური თამაში. როცა მაგისტრი გყავს გუნდში, ის თამაშის განმავლობაში 3-4 კითხვას მარტო პასუხობს და მარტო შეუძლია ტელემაყურებლები დაამარცხოს. ნუ, საინტერესო აღარ არის ჩემთვის. თუმცა, გიორგიზე ძლიერი მოთამაშე ნამდვილად არ მეგულება, შეიძლება – მსოფლიოშიც, ერთ–ერთი ყველაზე ძლიერია.
როგორც მივხვდი, თქვენთვის მთავარია ხარისხიანი თამაში და არა მოგება?
22 თამაში მაქვს ნათამაშები, ყველაზე მეტი კლუბში და ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივარ, მაგრამ ზოგჯერ ყოფილა, რომ მომიგია თამაში და უკმაყოფილო დავრჩენილვარ და ხან პირიქითაც არის, წააგებ და კმაყოფილი რჩები, იმიტომ რომ მთლიანად დაიხარჯე და შენგან რაც იყო საჭირო, ყველაფერი დადე მაგიდაზე.
როდის და როგორ მოხვდით კლუბში „რა? სად? როდის?“
სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ომის შემდეგ. თბილისში არსებობდა ეს უნივერსიტეტი – „სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი“ ერქვა. ჩემმა მეგობარმა, ლევან გერაძემ გამოაცხადა, რომ აპირებდა ინტელექტუალური თამაშების ჩატარებას ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში, კინოთეატრ „ამირანთან“.ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვუყურებდი რუსულ „რა? სად? როდის?“-ს, მერე – ქართულსაც, სადაც, სხვათა შორის, ბაქრაძეც თამაშობდა, ასევე – გვარამია, ცოტნე მირცხულავა – ჩვენი ვარსკვლავები და ჩემთვის მიუწვდომელი რაღაც იყო. უბრალოდ, მინდოდა გამომეცადა თავი ამ თამაშში. ადგილზე შვქმენით გუნდი, ჩემი ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებისგან. სხვათა შორის, კონკრეტულად იმ გუნდიდან არავინ დარჩა, პირველად რაც შევქმენით, მაგრამ კარგი გუნდი გამოვიდა ისიც. იმ დღესვე მოვიგეთ, შემდეგაც. უნივერსიტეტის ჩემპიონატებს ვიგებდით, მერე გავედით საქართველოს ჩემპიონატზე და ეგრევე მოვხვდით სუპერ-ლიგაში. ეს იყო 97–ში, 18 წლის წინ. 18 წელია უკვე, რაც სუპერ-ლიგაში ვართ და რამდენჯერ გავხდით ჩემპიონები, აღარც მახსოვს. უნივერსიტეტის ერთ-ერთ თამაშზე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლეც, რომელიც გოგების ახალ გუნდს კაპიტნობდა და ჩემი ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა. ასე რომ, ჩემი ცხოვრების მთავარ შენაძენსაც, შეიძლება ითქვას, „რა? სად? როდის?“-ს უნდა ვუმადლოდე.
როგორც კაპიტანი, რა სტრატეგიით არჩევთ გუნდში სწორ პასუხებს? რთულია თუ არა ეს?
არ ვიცი, ამას რა დავარქვა, ალბათ – გამოცდილება და ინტუიცია. კითხვის განხილვა რთული პროცესია: უნდა აღმოაჩინო კონკრეტული ფაქტები და მინიშნებები, რაც კითხვაში შეიძლება იყოს დამალული და მიხვდე თვითონ კითხვის დამსმელის ლოგიკასაც – როგორ, რატომ სვამს ამ კითხვას, რა ლოგიკა დევს მასში. ვერსიები უნდა შეაფასო, უნდა უბიძგო გუნდს, ბევრი ვერსია დაიდოს, ოღონდ სწორი მიმართულებით. თან უნდა ფიქრობდე, შეიძლება ცდებოდე, რომ ამ მიმართულებით აფიქრებ გუნდს, მაგრამ ეს უკვე შენი ამოცანაა, როგორც კაპიტნის, რომ სწორი მიმართულებით წაიყვანო განხილვა და 1 წუთის განმავლობაში, იმ ვერსიებიდან, რომელიც დაიდება, სწორი აარჩიო. პრინციპში ეს „ბრეინსტორმინგს“ გავს და ჩემს საქმიანობაშიც მეხმარება ხშირად, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება ბიზნესშიც ძალიან კრიტიკულია. ნებისმიერ საქმეში ასეა, რა თქმა უნდა, იქ 1 წუთში არ იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ხშირად არის, რომ უნდა აწონ-დაწონო ყველა პლუსი და მინუსი და აირჩიო სწორი ვერსია.
თუ შეიძლება, აღგვიწერეთ ის გრძნობა, როცა „ბროლის ბუს“ ხელში იღებთ – რა შეგრძნება ეს? რა ემოციაა?
ძალიან დიდი გრძნობაა, იმიტომ რომ, თუ ავიღებთ სატელევიზიო კლუბს, აქ ალბათ 100-ზე მეტსაც უთამაშია. სპორტულში ათიათასობით მოთამაშე თამაშობს. მათგან იკრიბება ელიტარული კლუბი. იმ ხალხისგან შერჩეულია ეს მოთამაშეები და მათ შორისაც რომ საუკეთესოდ დაგასახელებენ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ იმ მომენტში, ვფიქრობ, დიდი დაფასებაა. არ ველოდი და არც ვფიქრობდი, რომ მაინცდამაინც მე უნდა დავესახელებინეთ. არც გამიანალიზებია, რატომ. ალბათ, საერთო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დავტოვე თამაშისას. არასდროს მიფიქრია, რომ „ბროლის ბუ“ რამენაირად ამეღო. ხომ შეიძლება, მიზანი დაისახო, რომ რამენაირად ჩაიგდო ხელში?! – საერთოდ არ მიფიქრია ამაზე. ჩემამდე ძალიან ცოტას ჰქონდა აღებული, ელიტარული ტელეკლუბი ახალი გახსნილი იყო. ბევრი კანდიდატი იყო, რომელსაც ვთვლიდი, რომ უფრო ადრე უნდა მიეღო „ბროლის ბუ“. იმ მომენტში კი, დიდ დაფასებას გრძნობ და გიხარია.
დაიბადეთ სოხუმში. მოგვიყევით სოხუმის შესახებ, რა მოგონებები დაგრჩათ იქ?
სოხუმი რომ დავტოვე, ვიყავი 16 წლის, პრინციპში, უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, გათავისებული მქონდა, რომ ჩემი ქალაქია. ჩემ შემდგომ თაობას უკვე ნაკლებად ახსოვს – ჩემს ძმას, მაგალითად, რომელიც სულ რაღაც ორნახევარი წლით არის უმცროსი. მას უკვე სხვა ემოციები აქვს, ასე ვთქვათ, უფრო ბავშური. შეიძლება, მისთვის უფრო ადვილია გადატანა. ჩემთვის ეს… ძალიან ჩემი ქალაქი იყო და ძალიან მენატრება. ყველაზე მეტად მინდა, რომ იქ მოვხვდე, არა როგორც სტუმარი, რა თქმა უნდა, – როგორც მასპინძელი. ვინც არ არის ნამყოფი, ვერ აუხსნი, როგორი მაგარი ქალაქი იყო. რას შევადარო… ბათუმი მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ შავი ზღვაა. ხმელთაშუა ზღვაზე, წითელ ზღვაზე, სადაც ვყოფილვარ, ასეთი ემოცია არ მქონია, როგორც შავ ზღვაზე. იმიტომ რომ, შავი ზღვა არის განსაკუთრებული ჩემთვის, წყალი, სუნი. ბევრი რამაა, რაც გაკავშირებს მასთან. თუმცა, მიუხედავად ბათუმის სიყვარულისა, რომელიც ასეთი ლამაზი ქალაქია, ასე შეიცვალა, მაინც არ მაქვს ის განცდა – ვერ მიცვლის ჩემს ქალაქს. ვინც არის ნამყოფი აფხაზეთში, სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში და ა. შ., ვერაფერი ვერ შეუცლის იმ განცდას და სიყვარულს, იმიტომ რომ ეს იყო განსაკუთრებული ადგილი, ძალიან კარგი ხალხით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც მაკავშირებს თბილისთან, აქ მყავს მეგობრები, მაქვს სამსახური, რომ იყოს შესაძლებელი, მე პირადად მზად ვარ, პირველივე მანქანით წავიდე, დავბრუნდე სოხუმში ჩემი ოჯახით.
რატომ პროფესია – ეკონიმისტი?
იმ დროს, არჩევანი არც იყო დიდი, უბრალოდ, მოდა იყო – ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი გახლდათ. ეს ფაკულტეტები ძველი მენტალიტეტის მქონე საზოგადოებაში პოპულარული იყო, მხოლოდ ამიტომ და პლუს იმიტომ, რომ მათემატიკა იყო ჩასაბარებელი. მათემატიკაში ძალიან ძლიერი ვიყავი. ოლიმპიადები მაქვს მოგებული აფხაზეთში.
ხშირად კითხულობთ?
ვერ ვკითხულობ ხშირად წიგნებს, არ მაქვს დრო. ადრე უფრო მეტს ვკითხულობდი, ახლა – ბევრად ნაკლებს, უფრო – პროფესიული კუთხით. განვითარება ხომ საჭიროა, ახალი რაღაცები უნდა გაიგო, შენს სფეროში რაც ხდება.
თქვენი ინეტერესის სფეროში ვებდიზაინი შედის, რატომ?
გატაცებული ვიყავი ვებდიზაინით, იმ დროს, როცა საქართველოში ძალიან ცოტამ იცოდა, საერთოდ რა იყო ინტერნეტი. ნუ, ეს არის 90-იანი წლების ბოლო. ახალი შემოსული იყო საქართველოში მიუწვდომელი, პრინციპში, გაუგებარი რაღაც. პროგრამირება სულ მიტაცებდა. ჯერ კიდევ სოხუმში, ისე მოხდა, რომ სულ მქონდა კომპიუტერი, ბავშობიდან, ალბათ 12 ან 13 წლიდან. ჯერ საბჭოთა კომპიუტერი იყო, მერე მამაჩემმა ჩამომიტანა ბულგარეთიდან ძალიან მაგარი კომპიუტერი, ყველაზე ცნობილი „ეფლ 2“, რომლისგანაც შემდგომ კომპანია შეიქმნა. მისი ყველაზე ცნობილი საბჭოური ვარიანტი იყო ეს. შემდეგ უკვე მქონდა სერიოზული კომპიუტერებიც და სულ რაღაცას ვაკეთებდი, მე თვითონ შევისწავლე პროგრამირების ენები და თამაშებს ვქმნიდი ჩემით, პროგრამებს. უბრალოდ, ვერთობოდი. ერთხელ რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაცხადა კონკურსი საქართველოში. თამაში მქონდა გაკეთებული ინტერნეტში. ვებსაიტი მქონდა „მოაზროვნე“ ერქვა – Moazrovne.com, სადაც კითხვებს ვსვამდი, ბევრი მნახველიც მყავდა, სხვათა შორის – ცნობილი ადამიანებიც. აი, ლევან ბერძენიშვილი ხშირად იგებდა ტურებს. კვირაში ერთხელ ვაქვეყნებდი რაღაც კითხვებს, მერე ყოველდღე ვამატებდი თითო კითხვას და კვირის ბოლოს ვაჯამებდი შედეგებს. ვინც ადრე უპასუხებდა, მეტი ქულა ეწერებოდა. მოკლედ, რაღაც თამაში გამოვიგონე, ძალიან პოპულარული იყო, რეიტინგით ერთ-ერთი პირველი საქართველოში. ეს საიტი 2–3 წელი არსებობდა და გაიმარჯვა ამ კონკურსშიც. არაკომერციულ-გასართობ გვერდებს შორის საქართველოში საუკეთესოდ დაასახელეს.
როგორ მიაღწიეთ წარმატებას? ვგულისხმობ, თუ როგორ გახდით „სილქ როუდ ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი?
არასდროს მეზარებოდა მუშაობა, ბავშობიდან მიმაჩვია მამაჩემმა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეძლებული ოჯახი ვიყავით სოხუმში, ზაფხულობით ყოველთვის მამუშავებდა. ბევრი ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის სამშენებლო კომპანია ხის გადამამუშავებელი ქარხნით, სადაც ჩვეულებრივ მუშად მამუშავებდა, რომ არ გავზარმაცებულიყავი. ძალიან სწორადაც იქცეოდა, უბრალოდ, მაშინ არ მესმოდა, რად მინდოდა ეს. ომის შემდეგ ეს ყველაფერი დავკარგეთ, აფხაზეთის გარეთ საერთოდ არაფერი გვქონდა, არავის ჰქონდა წარმოდგენილი, რომ შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი დაკარგო. მოსკოვშიც ვცხოვრობდით 1 წელი და იქაც ვმუშაობდი, რასაც ჰქვია, „ვირივით“. პატარ-პატარა ბიზნესს ვაკეთებდი, იმდენს, რომ არა მარტო მე, არამედ ოჯახსაც ყოფნიდა. საბოლოოდ, მოსკოვში მაინც არ გამოვიდა, რაც გვინდოდა და ჩამოვედით საქართველოში. მამაჩემი ზუგდიდიდან არის წარმოშობით და იქ გვქონდა სახლი, სადაც ვცხოვრობდით. იქაც სულ რაღაცას ვსაქმიანობდი, მაგრამ მალე წამოვედი თბილისში, რადგან ზუგდიდში არ იყო გასაქანი. თბილისში ვცხოვრობდი მამიდაჩემთან და ვმუშაობდი უნივერსიტეტში. ერთხელაც, ჩემმა დეიდაშვილმა, ჯანო ჟვანიამ გამაცნო გარე რეკლამებზე მომუშავე კარგი ხალხი. მხატვარი მედეა ბაქრაძე იყო ამ კომპანის მფლობელი. დავიწყე ამ სარეკლამო კომპანიაში მუშაობა, დიზაინერად. ვქმნიდით პოსტერებს, სარეკლამო ბანერებს. დიდხანს ვმუშაობდი კომპანიაში, რომელიც ჩემი მეორე ოჯახი გახდა, მედიკო დეიდა კი დედასავით მივლიდა. და მერე გავიცანი მისი შვილი ლექსო, რომელიც მთელი ეს დრო გერმანიაში სწავლობდა. 1999 წელს მან შემომთავაზა თავისთან, ახლად შექმნილ „სილქ როუდ ჯგუფში“ გადასხვლა. სულ 5 კაცი ვიყავით, დავიწყეთ სარკინიგზო გადაზიდვებით და კარგა ხანს მხოლოდ ეს იყო ჩვენი საქმიანობა. დღეს „სილქ როუდ ჯგუფი“ ბევრ სხვა სფეროშიც წარმატებულად საქმიანობს, მე კი ჩვენს ძირძველ, სარკინიგზო გადაზიდვების ბიზნესს ვხელმძღვანელობ.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა შრომა. არაფერი ჩამოვარდება ციდან. ადამიანის ყველაზე დიდი მტერი, ჩემი აზრით, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის სიზარმაცე. სიზარმაცე არამარტო საქმეში. თავს ყოველთვის ძალა უნდა დაატანო. მე სწორედ ასე ვცხოვრობ და ბავშვებსაც ამას ვასწავლი. ვთქვათ, ყოველდღე უნდა ივარჯიშო – დავდივარ, ვცურავ. შეიძლება, ძალიან მეზარება, მაგრამ ეს უნდა გადალახო აუცილებლად. ვთქვათ, სადღაც უნდა წახვიდე, ვიღაცას შეხვდე. ანუ ტონუსში უნდა იყო აუცილებლად ყოველთვის და არასდროს არაფერი დაგეზაროს. როგორც კი მოეშვები და იფიქრებ, რაღაცას მივაღწიე და ეს არის ჩემი მაქსიმუმი, იქ იყინება ადამიანის განვითარება. არ არსებობს, რომ რაღაცას მივაღწიო და ამაზე გავჩერდე. ყოველთვის უნდა იყო მოძრაობაში და იშრომო ძალიან ბევრი, რომ რაღაცას მიაღწიო და ამასთან ერთად, ცოტა იღბალია საჭირო, აუცილებლად.
თავისუფალი დრო თუ გაქვთ და როგორ ატარებთ?
თავისუფალი დროის გატარება ბავშვებთან მიყვარს. სადაც კი შეიძლება, ყველგან დავდივართ ერთად, ვერთობით. კვირაობით ვთამაშობ „რა? სად? როდის?“-ს ჩვენს კლუბში. ძალიან მიყვარს საზოგადოება, რომელიც იქ იკრიბება. ხალხი, თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაგბის დიდი მოყვარული ვარ და ვცდილობ, არ გავაცდინო არც ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირი. თავისუფალ დროს, მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვმოგზაურობთ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ახალი ქვეყნების ნახვა.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის!
- მადლობა თქვენ!
ესაუბრა ნინო ოთარაშვილი