თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა!
შენი უპირატესობა ისიც შეიძლება იყოს, რომ შენ აღიარებ მის უპირატესობას.
ნუ დაისახავ მიზნად იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია. შენ არ უნდა ეცადო, რომ იყო განსხვავებული და ამით შენი განსხვავება უფრო გამოჩნდება. გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი.
შენი გამორჩეულობა შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ შენ არ ხარ გამორჩეული. გამორჩეულობა, პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა, ლახვრად ექცევა შემოქმედს, ბევრი მათგანი დაუღუპავს პოპულარობას.
თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე, იქნებ საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც სულიერი სიმშვიდის გვირგვინს დაგადგამს.
საერთოდ, შენი რაობა, შენი არსება არ შეიძლება შედარების საგანი გახდეს. შედარებითი სრულყოფა არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია მიაღწიო სრულყოფას საკუთარ შესაძლებლობებში, ანუ შენ შეიძლება დაემჯობინო საკუთარ თავს.
ამისთვის ღირს ბრძოლა.
ერლომ ახვლედიანი