პრინცესა, პრინ-ცე-სა-ა-! – დაიძახეს ფანჯარასთან. – მშვენიერი პრინცესა აქ ცხოვრობს?
პრინცესამ გაბრაზებით ამოიოხრა სარკმლიდან და გასძახა – რა გინდა?!
ქვემოთ პრინცი იდგა. ნამდვილად შესანიშნავი პრინცი ცხენით.
– პრინცესა აქ ცხოვრობს?
შემკრთალმა პრინცესამ დაიყვირა – აქ არ არის, მინდვრებსა და ტყეებში სეირნობს და ყვავილებს აგროვებს. ხვალ მოდი!
პრინცმა ყურადღებით აიხედა ზემოთ, შემდეგ პერგამენტი ამოიღო და ნახატი ფანჯარაში გამოყოფილ ქერათმიან თავს შეადარა:
– გიცანი! შენ ჩემი პრინცესა ხარ, რატომ მატყუებ?
პრინცესამ ცხვირსახოცი ამოიღო, დაღლილმა შუბლი მოიწმინდა და თქვა:
– ე.ი. არ წახვალ?
პრინცმა ჯიუტად გააქნია თავი:
– ხელის სათხოვნელად მოვედი! გამიღე კარი!
– თუკი ასეა, ამოდი! – ასწავლა პრინცესამ კარის გაღება და სარკმლის მიღმა მიიმალა.
პრინცი ჩამოქვეითდა, ცხენი დააბა და ცოტა ხანში ნათელ, ფართო ოთახში შეაღწია.
პრინცესა ფანჯარასთან იჯდა და მორს დაჰყურებდა.
როცა პრინცი გამოჩნდა, გოგონამ თვალებში შეხედა და დაფიქრებულმა ჰკითხა:
– საჭრეთელი არ გაქვს?
პრინცი განცვიფრდა, რადგან მას ჰქონდა ძვირფასეულობა, ბარხატის ქსოვილები, მაგრამ არა საჭრეთელი.
– ოჰ, არ გაქვს? ხელის თხოვნა გინდა, არა?
– მშვენიერო პრინცესა, თქვენი სილამაზის და სიკეთის ამბავმა ჩვენს სამეფომდე მოაღწია და მე გადავეწყვიტე, რომ ჩემი ცოლი უნდა გახდეთ!
– ძვირფასო პრინცო, ცხოვრებაში პირველად გხედავ და ჩემს სამეფომდე თქვენს შესახებ ცნობებს არ მოუღწევია! – მიუგო პრინცესამ ირონიით, – ახლა ვერ გავთხოვდები! ვემზადები, მალე დიდი მდინარე უნდა გადავცურო ბაიდარით. ასევე, ლაშქრობას ვგეგმავ და ხის მოჩუქურთმების კონკურსიც წინაა, საჭრეთელი კი მამამ წაიღო!
პრინცი სრულებით დაიბნა. ეს ყველაფერი სულ სხვაგვარად წარმოედგინა. მის ოცნებებში მშვენიერი პრინცესა გარბოდა მისკენ, ეხუტებოდა და იღიმოდა,- მადლიერი ძვირფასი ქვებით, ქსოვილებითა და ძაფებით, რომლებიც საჩუქრად მიუტანა; ნამდვილად არ ითხოვდა საჭრეთელს და არც დროის გატარების რაღაც ველურულ მეთოდებზე საუბრობდა.
პრინცი კოშმარში იყო და ფიქრობდა, როგორ აეხსნა მამისთვის, რის გამო დაბრუნდა პატარძლის გარეშე. არა, ვერ ეტყოდა სიმართლეს!
პრინცესა ამ ყველაფერს განიცდიდა და ფიქრობდა, რომ მამისგან კვლავ საყვედურს მიიღებდა, რადგან მამამისი მუდამ ლანძღავდა და ჩიოდა, რომ ბიჭად უნდა დაბადებულიყო ან სულაც – სხვა სამეფო ოჯახში!
– იქნებ, ვთქვათ, რომ ვინმე სხვა მიყვარს? – ყოყმანით თქვა პრინცესამ.
პრინცმა მხრები აიჩეჩა: რა სისულელეა! თუ შეყვარებული ხარ, თქვი! არა, როცა საქმე ეხება ორ სახელმწიფოს – იქ სიყვარულის დრო არაა! არც მამა დაიჯერებს. მე ყველას პირველივე ნახვით ვუყვარდები, გესმის?
– ჰო, სიმპათიური ხარ! მაგრამ მე წინ ნაოსნობაში შეჯიბრი მაქვს!
– და ხეზე კვეთაშიც! – გამხიარულდა პრინცი. – თავისუფალ დროს, შემთხვევით, დრაკონებს ხომ არ ათვინიერებ?
გახარებულმა პრინცესამ ტაში დაუკრა:
– ზუსტია, ჭკვიანი ხარ!
პრინცმა გაუგებრად გაიღიმა.
– თქვი, რომ დრაკონმა მომიტაცა, სამთავიანმა! და რომ ჩემს გასათავისუფლებლად პრინცს ნახევარი სამეფო და დიდი საგანძური სჭირდება. დრაკონთან მე მოვილაპარაკებ – კარტში წააგო ჩემთან და ვალშია. ჯერ მასთან გადავალ, მერე იქ ზამთარიც დადგება, გზას ჩაკეტავს და ზაფხულამდე სანერვიულო არ იქნება.
პრინცმა თავი დაუქნია, იფიქრა, რომ ასეთი ცნობით სახლში დაბრუნება სირცხვილი არ იქნებოდა და გზას გაუდგა.
პრინცესა მას სარკმლიდან უქნევდა ხელს.
– და თქვი, რომ დრაკონთან წასვლა საჭრეთელით სჯობს! – დაიყვირა მან.
პრინცმა ხელი დაუქნია და ცხენი გააჭენა.
პრინცესა ფანჯარას მიუჯდა, მაგიდაზე ნიკაპით ჩამოეყრდნო და თქვა:
ყველა პრინცი ერთნაირია! ერთს მაინც დაერტყა მუშტი მაგიდაზე და ეთქვა: „აღარანაირი ბაიდარები, შენ პრინცესა ხარ თუ – ვინ?“. არა, ყველას სჯერა, მიდიან და მე კი, აქ მჯდარი, ხეებს ვაჩუქურთმებ! წყეული ჯადოქარი, ჯანდაბაშიც წასულა! საკმარისი იყო ერთხელ მივსულიყავი მასთან შარვლით, და შედეგად – „წყეულიმც იყავ. დაე, მთელი ცხოვრება იჯდე და ელოდო, სანამ ნამდვილი მამაკაცი არ მოვა! მანამდე იჯექი მორთან“. საჭრეთელი მაინც დაეტოვებინა!