ეპიგრაფის მაგიერ: ჯერ ვიფიქრე დამეწერა ჩემზე, მერე ვიფიქრე, დამეწერა შენზე,შემდეგ კი მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემზე დავწერ თუ შენზე, რადგან შენჩემი ანარეკლი ხარ, მე კი – შენი, მე შენ ვარ, შენ კი მე.
პატარა ღობეს რომ გადავახტი, მალევე მივადექი დიდ კედელს, ის ცივი იყო, პირქუში და ხავსმოდებული, მაღალი, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ არ უჩანდა ბოლო.
შევახტი, ორივე ხელი ჩავტენე ლოდებს შორის პატარა ღრმულებში, ფეხებიც მონდომებულად დავაყრდენი გამოწეულ ნაწილებს, რამდენიმე მეტრზე ავბობღდი. მალე დავმძიმდი, უკან ჩამოსვლაში აზრი ვერ დავინახე, მაგრამ მომდევნო ლოდზე ასვლისას ფეხი გამიცურდა… და დავენარცხე. რამდენჯერმე ვცადე ხელახლა, მაოცებდა, რატომ ვმძიმდებოდი ასე მალე, მერე მივხვდი, ეს ჩემი წონა არ იყო –- ეს ჩემი მძიმე ეგო იყო.
ჩემ წინ იდგა უზარმაზარი კედელი, რომლის გადალახვაც არ შემეძლო! თუ შემეძლო?! კედლის წინ მიწაზე დავჯექი, დავფიქრდი (იცოცხლე, დროც მქონდა და არც კედელი გამექცეოდა სადმე). თუ არ შემიძლია ამ კედლის გადალახვა, მაშინ, რატომ ვარ აქ?! გამიგონია, უფალი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებს, ვიდრე შენ შეგიძლია, რომ ზიდო, ე.ი. მე შემიძლია ამ კედლის გადალახვა, მაგრამ მაშინ, რატომ ხდება ისე, რომ ყოველი ჩემი ცდა მარცხით მთავრდება (ისე, ეს რიტორიკული კითხვა არ იყო, ეს უფრო წუწუნი იყო)?! და, საერთოდაც, როგორ მოვხვდი ამ კედელთან?!
მახსოვს პატარა ღობეს გადმოვახტი, ეს პატარა ღობე საიდანღა გაჩნდა?! გამახსენდა – მანამ ამ ღობეს გადმოვივლიდი, იქაც რაღაც დიდი კედელი იდგა! რაკი ის კედელიგადმოვლახე, ე.ი. ამასაც გადავლახავ!
ვზივარ და ვიხსენებ, როგორ გადმოვიარე – უცნაური რამ მოხდა, თითქოს კედელი დაპატარავდა და ბოლოს ღობის ხელა გახდა(?!), არა! კედლის ზომა არ შეცვლილა, ეს მე გავიზარდე და ამიტომ შევძელი მისი გადალახვა!
ვაშა! მთელი ამ ფიქრების მანძილზე ვიგრძენი, როგორ ვიზრდებოდი, თანდათან აღარ მეჩვენებოდა კედელი იმხელა, არც ის ლოდები – დაშლილი პირამიდის ნაწილები, ახლა უკვე მყარად შემეძლო მათზე დაყრდნობა, მაგრამ, რატომღაც, ისევ ვერ გადავედი კედელს. ახლა, ხომ, უკვე ვიცი?!
წინა კედელი ეს ბარიერი იყო, პრობლემა, მე უნდა გავზრდილიყავი, რომ გადამელახა და მომეგვარებინა, აკი, ახლაც გავიზარდე?! რა ხდება?! რაღაც ახალი ფოკუსია ცხოვრებისგან. ფიქრი უნდა განვაგრძო, ფანტაზია ჩავრთო! ფანტაზია?! მე უკვე მეყო ფანტაზია, რომ დამერღვიაფიზიკის კანონები და, ერთი შეხედვით, თვალუწვდენელ კედელზე (პრობლემაზე)დიდი გავზრდილიყავი, ე.ი. ეს ახლაც შემიძლია გავაკეთო.
რა მოხდება, თუკი ამ კედელს, საერთოდაც… გავაქრობ?! ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და მაქსიმალურად ვეცადე ეს აფირმაცია დიდი რწმენით გამეფიქრა: “ეს კედელი არც არსებობს! ეს კედელი, ფანტაზიაა! ეს კედელი სიცარიელეა! “
თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა ვიგრძენი, რომ ეს მართლა დავიჯერე! ჩემს წინ თავისუფალი სივრცე იყო, სრულიად თავისუფალი, თავად ჰაერსაც კი თავისუფლების სუნი ჰქონდა. ეს იყო ჩემი პირველი სიზმარი, რომლისგანაც, ერთდროულად ორი ახალი გაკვეთილი მივიღე:
1. პრობლემას ვერ გადალახავ, მანამ ის შენზე ძლევამოსილი გგონია და 2.პრობლემა, საერთოდაც, არ არსებობს..