უორენ ბაფეტი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ინვესტორია მსოფლიოში. ”ფორბსის” 2014 წლის მონაცემებით, იგი მეოთხე ადგილზეა პლანეტის მილიარდერთა სიაში. მისი ქონება 58,2 მლრდ დოლარით არის შეფასებული.
ბაფეტი 1930 წელს დაიბადა ამერიკაში, ომაჰაში. ის ბიზნესმენ ჰოვარდ ბაფეტის ერთადერთი ვაჟია – ოჯახში მის გარდა ორი გოგონა იზრდებოდა. 1942 წელს მამამისმა აშშ-ის კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვა და ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ იქ დაასრულა განათლება.
6 წლის იყო, როცა 25 ცენტად იყიდა პაპის მაღაზიაში ყუთი კოკა-კოლა, მერე კი თითოეული, ექვსი ბოთლი, 5 ცენტად გაყიდა. საბოლოოდ 50 ცენტი მოიგო. ეს მომავალი მილიარდერის პირველი მომგებიანი საქმე იყო. 11 წლისამ ბირჟაზე სცადა ბედი – დასთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის პრივილეგირებული აქციები იყიდა და მერე გაყიდა. 13 წლისამ შეადგინა თავისი პირველი შემოსავლების დეკლარაცია, რომელშიც უკვე ჩანდა მისი საქმოსნური ნიჭი. პირველი კაპიტალი, 10 ათასი დოლარი, მას მერე გამოიმუშავა, რაც ბიზნესიდეა – საპარიკმახეროში პინბოლის ავტომატების დამონტაჟება – სარფიანად გაყიდა. მერე და მერე სულ უფრო სერიოზული გახდა მისი გეგმები, მიზნები და საქმიანობა.
გარდა იმისა, რომ ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, დიდი ქველმოქმედიც არის. 2010 წელს უანგაროდ გადასცა თავისი ქონების 50%, დაახლოებით 37 მლრდ დოლარი, ხუთ საქველმოქმედო ფონდს. თანხების დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მმართველობაში გადავიდა. ეს ყველაზე გულუხვი საქველმოქმედო აქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
უორენ ბაფეტის ”მცნებები”:
1. ინვესტირება იმას ნიშნავს, რომ ფული დააბანდოთ დღეს და ხვალ მიიღოთ გაცილებით მეტი. დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შოულობთ.
თვითონ ბაფეტი წლების განმავლობაში საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა: იმის ნაცვლად, რომ ძვირად ღირებულ კოტეჯებში ეცხოვრა და რესტორნებში ევახშმა, ყოველი თავისუფალი ცენტით აქციებს ყიდულობდა. 35 წლის განმავლობაში მან 100 ათასი დოლარი 200 ათასი პროცენტით გაზარდა.
2. იყიდეთ მხოლოდ იმ კომპანიების აქციები, რომელთა პროდუქცია კონკრეტულად თქვენ მოგწონთ.
მაგალითად, უორენ ბაფეტმა მკვეთრად გაზარდა თავისი ქონება, როცა მისი საყვარელი ”ჯილეტის” სამართებლების მწარმოებელი კომპანიის აქციათა 9-პროცენტიანი პაკეტი იყიდა.
3. არასდროს ჩადოთ ფული იმ სფეროში, რომელსაც არ იცნობთ.
4. არასდროს გამოიჩინოთ ზედმეტი თავაზიანობა წამგებიან საწარმოებთან – ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმათთან, რომლებიც არ მოგწონთ.
5. ყოველი მზარდი აქციის უკან წარმატებული ბიზნესი დგას.
6. ფული დააბანდეთ საერთაშორისო ქსელის მქონე ბიზნესში.
7. ბაზარზე არის მომგებიანი და ლიდერი აქციები, სწორედ ისინი უნდა იპოვოთ. როგორც წესი, ზოგიერთი კომპანია სხვებზე სწრაფად იზრდება. სწორედ ასეთები უნდა იპოვოთ და მათზე გააკეთოთ აქცენტი.
8. სიმდიდრე სულის მდგომარეობაა. მე ვიცოდი, რომ მდიდარი ვიქნებოდი. ამაში არასდროს დავეჭვებულვარ.
9. წარმატება უფრო მეტია, ვიდრე მსხვილი საბანკო ანგარიში.
10. არ აიღოთ სამომხმარებლო კრედიტები – რაც უფრო სწრაფად მიხვდებით, რომ მომხმარებლობა თანამედროვეობის სოციალური ჭირია, რომელიც მსხვილმა კორპორაციებმა გამოიგონეს, რათა ადამიანები აიძულონ, მათთვის იმუშაონ, მით სწრაფად იტყვით უარს უსარგებლო რამეებზე. მხოლოდ სულელი იყიდის დღეს იმას, რის გამომუშავებასაც ხვალ მოახერხებს. ერთხელაც სამუშაო დღეები დასრულდება, ვალი კი დარჩება.
11. სწორად შეარჩიეთ კერპები – დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენზე უკეთესებად მიიჩნევთ. ეს დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით სვლაში.
12. აზარტული თამაშები სულელებისთვის არის მოგონილი. წესი პირველი: არასდროს დაკარგოთ ფული; წესი მეორე: არასდროს დაგავიწყდეთ წესი პირველი.
13. გულუხვობა და შეძლება ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. იმ მილიარდერებს შორის, რომელთაც ვიცნობ, არ არიან ისეთები, რომელიც ფულს ძალიან შეუცვლია. თუ გამდიდრებამდეც რეგვენები იყვნენ, მერე უბრალოდ მილიარდერი რეგვენები გახდნენ.