Skip to content

სიბრძნე ზირაქისა

ყური დამიგდე, შვილო. ისწავლე სიბრძნე და ჩემი სიტყვები გულით შეისმინე.

აწონილად გამოვაჩენ სწავლას და ზედმიწევნით გავაცხადებ ცოდნას. ყოველი სიბრძნე უფლისგან არის და მისთანაა საუკუნოდ.

უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა და აღრიცხა იგი, მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს.

თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას.

ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს.

რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვნი.

წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.

მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.

გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ. კაცს თავს ნუ დააწყევლინებ,რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.

ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე.

ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და ნუ შეგრცხვება შენი ცოდვების აღიარებისა.

ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად.

თუ გაქვს ცოდნა, მოყვასს უპასუხე, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.

ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ, რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი ერგება წილად.

ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის – დამამდაბლებელი და ამაღზევებელი.

ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას – ოფირის ოქროზე.

ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ იზომება.

ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვნიან მას.

ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება,ახალი მეგობარი ახალი ღვინოა, როცა დაძველდება სიხარულით შესვამ.

უფლისთვისაც და ადამიანთათვისაც საძულველია ამპარტავნობა, უსამართლობა და დანაშაულია ორივეს წინაშე.

ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.

მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს.

საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.

სიკეთეს თუ აკეთებ, იცოდე, ვისთვის აკეთებ და მოგენიჭება მადლი შენი სიკეთის წილ.

კეთილი უყავი ღვთისმოსავს და სანაცვლოს იპოვნი, თუ მისგან არა უზენაესისგან მაინც.

სიმაძღრისას შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი – სიღატაკე და გაჭირვება.

კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი – სახის გამომეტყველებით შეხვედრისას.

თავს ნებას ნუ მისცემ ესაუბრო ძლიერს,როგორც თანასწორს, და მის მრავალსიტყვაობას ნუ მიენდობი, რადგან გრძელი საუბრით შეგაცდენს და თითქოსდა ხუმრობით გამოგცდის.

სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს.