სკეპტიკოსები სასწაულს იმ კანონზომიერ რეალობას უწოდებენ, რომელსაც ადამიანები ვერ უძებნიან ხოლმე ახსნას, ამდენად, მათ ნაწილობრივ (ან სრულად) მიაჩნიათ, რომ სასწაულები კი არ არსებობს, არამედ ჩვენ არ ვიცით მათი წარმოშობის რეალური ფესვები და ამდენად ეს ერთგვარად ის შოკის ეფექტია, რა შთაბეჭდილებასაც მოვლენა ახდენს ჩვენზე და უბრალოდ ჩვენი მორიგი უვიცობის გამოვლინებაა…
ვაცალოთ სკეპტიკოსებს, დაე, იფიქრონ მათებურად…
მეორეს მხრივ, სასწაული შეიძლება დაერქვას ლამის ყოველ ბუნებრივ მოვლენას, რაც ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თავისთავად უნიკალურია, განსაკუთრებულია, თუნდაც, 2 საუკუნის წინანდელი ადამიანი რომ უყურებდეს ჩვენს დღევანდელ ჩვეულებრივ დღეს, ეს მისთვის არაჩვეულებრივი, უაღრესად საინტერესო და, რაც მთავარია, სასწაული იქნებოდა, დიახ, ის სწორედ ასე დაარქმევდა ჩვენს დღევანდელობას… ანუ ეს ის სასწაულია, რაც ვიცით, რომ ადამიანის ხელითაა შექმნილი და გვაოცებს მისი ოსტატობა, ფანტაზია, უნარი და ვამბობთ, რომ ეს სასწაულია…
თუმცა მთავარი მნიშვნელობა სასწაულისა, ჩემი აზრით, მაინც იმ ზებუნებრივ ძალას უკავშირდება, რომლის წყალობითაც სულდგმულობს მთელი სამყარო. ხდება სრულიად
„მოულოდნელი“ (თუმცა კი ყველაფერი კანონზომიერია), „შემთხვევითი“ (თუმცა შემთხვევითობა არ არსებობს და ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივია) მოვლენები, რომლებიც ჩვენს თვალწინ და ჩვენს გონებაში შოკისმომგვრელად, შემაჟრჟოლებლად გაირბენს და მთლიანად აათრთოლებს ჩვენს არსებას და, ზოგჯერ, იწვევს სრულიად რადიკალური ფიქრების ნაკადს.
ხშირად სასწაული ჩნდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელიან და ისეთ დროს, როდესაც უკვე იმედი გადაეწურება ხოლმე ადამაინს, მაგრამ რაც მთავარია ის ჩნდება და ჩნდება მაშინვე, როგორც კი ადამიანს აღმოხდება _ მეტი აღარ შემიძლია, მიშველე, ღმერთო! ძალიან ბევრი ახსნა აქვს იმას, თუ რატომ ხდება სასწაული ბოლო მომენტში, როდესაც მას აღარ ელიან და მოვლენათა ეს წყობა სრულიად ბუნებრივი და საუკეთესოა, რადგან მანამ ადამიანს ამის ძალა შესწევს, სჯობია თავად იბრძოლოს გამარჯვებისათვის.
მაგრამ სად არის ის მომენტი, როდესაც სასწაული საერთოდ არ ჩნდებაო? იკითხავთ თქვენ… მე კი გკითხავთ _ იქნებ, არის ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ თავად ვართ დაბრმავებულნი და ვერ ვხედავთ მას? ის, ვისაც თავისი ცხოვრების თითოეული წუთი და წამი ამოულაგებია მეხსიერებიდან და გულდასმით გადაუსინჯავს, გაიხსენებს, რომ იქ, სადღაც, წარსულში რაღაც კარგი ნამდვილად მოხდა, მან კი იმ მომენტში ვერ დაინახა…
რატომ ვერ უნდა დაენახა?! ადამიანს ურწმუნობა აბრმავებს, ეს მას უხშობს ყველანაირ უნარს დაინახოს სიკეთე, რაც მის გარშემო ტრიალებს, ის ხდება უმადური..!
ადამიანი, რომელიც უკვე მადლიერია იმისათვის, რაც აქამდე უბოძა ღმერთმა, უსათუოდ ხედავს ყველა იმ სასწაულს, დიდს თუ პატარას თუ ძალიან პატარას, რაც მის გარშემოა და , მერწმუნეთ, ეს სასწაულები მისთვის ზომით ან წონით კიარ განსხვავდება, არამედ მისთვის ყველა სასწაული დიდებულია, რადგან ის მადლიერია მის გამო, ხოლო მადლიერ ადამიანს სამყარო აჯილდოვებს ყოველივე საუკეთესოთი _ ესეც ბუნებრივი კანონზომიერება _ მიიღო ის საზღაური, რაც დაიმსახურე, მაგრამ განა ეს არ არის სასწაული?! ის ფაქტი, რომ ადამიანმა რომელიღაც მოვლენა (ან, კარგი, ნუ დავუკარგავთ შრომას) და მოვლენები ახსნა ფიზიკურ დონეზე ამ სასწაულს თუ ღირებულებას არ ჰმატებს, არც არაფრით აკნინებს.
ყველაფერი შედარებითია, დღეს რაც ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება შესაძლოა ხვალ სასწაულად გადაიქცეს, ზოგი ადამიანი ერთ დღეს თუ ფეხზე დადის, მეორე დღეს შეიძლება ვერც ადგეს და სანატრელად და სასწაულად მიიჩნიოს დამოუკიდებლად გადაადგილება, არავინ იცის დაზუსტებით, მაგრამ ნამდვილად არის ერთი უდავო სასწაული ადამიანის გონებაში _ ეს არის მისი პოზიტიური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, ის ხედავს შესაძლებლობებს და სხვებსაც ეხმარება მათ დანახვაში, ამიტომ, ზოგჯერ ისინიც გვევლინებიან ცოცხალ სასწაულებად!
ავტორი: თამარ მეფარიშვილი