Skip to content

19 წელი ჟურნალისტიკაში – ნინო ჟიჟილაშვილის საქმიანი ისტორია

ჩემს რესპოდენტთან, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუმ დაწყებისთანავე გამაკვირვა. მეგონა მეტყოდა, რომ ჟურნალისტობა მისი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბავშვობაში, რომელიც მას მეტწილად გორში, ბებიასთან გაუტარებია, მგონი ყველაფერი აინტერესებდა, ჟურნალისტიკის გარდა. მღეროდა ანსამბლ „აი-იაში”, უკრავდა დასარტყმელ ინსტრუმენტზე, ბალერინობაც კი უნდოდა. შემდეგ კი, სურდა ბიძის კვალს გაჰყოლოდა და ბიოლოგი გამხდარიყო, თუმცა სკოლის დამთავრებას ეროვნული მოძრაობა დაემთხვა, ინტერესი სხვა მიმართულებით გადაიხარა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

ნინო:“ჟურნალისტიკაში შემთხვევით მოვხვდი, დავამთავრე ფილოლოგიის ფაკულტეტი, ძველი ქართული ლიტერატურისგანხრით. დიდი ენთუზიაზმით ვიკვლევდი ქართულ საგალობლებს, ვსწავლობდი ძველ ბერძნულს… მეგონა, რომ ჩემი მომავალი დაკავშირებული იყო ლიტერატურასთან, კვლევასთან, სწავლებასთან და ამიტომ ასპირანტურაშიც ჩავაბარე. სადისერტაციო თემას ვწერდი, როდესაც მეგობრის ძალისხმევით აღმოვჩნდი რადიო „საქართველოს ხმაში”. მეგობარმა დირექტორს შეუთანხმა, რომ ვაკანსიაზე მიმიყვანდა და მეც უარი ვეღარ ვუთხარი.

ნინო: „1996 წელი იყო, დირექტორთან გავიარე გასაუბრება. კარგად ვერკვეოდი საქართველოს და უცხოეთის პოლიტიკურ პროცესებში. ამან მოხიბლა დირექტორი და სამსახურში ამიყვანა. ასეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, სახლიდან შემთხვევით გამოსული. საღამოს დედას დავურეკე და ვუთხარი – ესა და ეს არხი მოძებნე რადიოში, საღამოს ჩემი რეპორტაჟი გადის-მეთქი“.

ნინო: “ საოცარია ჩემს მეგობარს რომ არ მოენდომებინა, არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, ალბათ ტრადიციულად მოვამზადებდი მოსწავლეებს და ვიმუშავებდი სადმე უნივერსიტეტში ლექტორად ან შეიძლება უკეთეს შემთხვევაში ვყოფილიყავი რომელიმე საერთაშორისო პროექტში ჩართული. შეიძლება არ ყოფილიყო ცუდი ეს ჩემთვის, რადგან სიმშვიდე მეტი მქონოდა, მაგრამ რაკიღა სიამოვნებით ვაკეთე ის რაც ვაკეთე, ამიტომ არ ვუჩივი ბედს.“

გამოუცდელობის მიუხედავად, ახალი პროფესიის ათვისება არ გასჭირვებია.

ნინო: „აღმოვჩნდი ეკონომიკისინდიკატური გეგმის განხილვაზე. მირჩიეს მეწერა მშრალად, ინფორმაციულად. ინფორმაციის აქტიური მკითხველი ვიყავი და ეს ადვილად ავითვისე. ინტერვიუ ჩავწერე ეკონომიკის მინისტრთან, ლადო პაპავასთან. საღამოს ჩემი პირველი რეპორტაჟიც გავიდა. ეს იყო ჩემი პირველი დღე ჟურნალისტის და ბოლო დღე ჰიმნოგრაფიის მკვლევრის სტატუსით. იმ დღეს მოვიხიბლე ამ პროცესით და „გადავფორმატდი“ ახალ პროფესიაში.


შემდეგი ეტაპი „საქართველოს ხმის“ ტელევიზია იყო. არ ახსოვს როდის ისწვალა კამერასთან მუშაობა. იყო სირთულეები. კარგად ახსოვს, ვიზაჟისტი ანუკა მურვანიძე, რომელმაც პირველი გრიმი გაუკეთა. „აქსესუარული“ადაპტირება ჟურნალისტიკაზე რთული აღმოჩნდა. საერთოდ კი ჟურნალისტიკა დაეხმარა მორიდებულობის დაძლევაში და ბევრი რამეც ასწავლა.

ნინო: “90-იანებში საქართველოში არაფერი იყიდებოდა. ხშირად ეთერში 2 ზომით დიდი ნათხოვარი პიჯაკი მეცვა. რეპორტიორობის შემდეგ ჩემი პირველი ეთერი კვირის ანალიტიკური პროგრამა იყო“.

ნინო: “ტელევიზიაში მუშაობის ყველა ეტაპი გავიარე. შავი საქმეც მიკეთებია. „საქართველოს ხმაში”თავად უნდა გესწავლა ყველაფერი. არ იყვნენ მასწავლებლები. გეშლებოდა, თავად ასწორებდი, ბარიერებიც არ იყო, ეს ერთისმხრივ, ცუდი, მეორეს მხრივ -კარგი იყო“.

ნინო: “1998 წელს მუშაობა დავიწყე ტელეკომპანია „იბერიაში” ლუბა ელიაშვილთან. მან დამირეკა, მითხრა, რომ ეთერში ვყავდი ნანახი და პირდაპირ საინფორმაციო სამსახურის მთავარი რედაქტორის პოზიცია შემომთავაზა. შოკისმომგვრელი წინადადება იყო. ჩემი ხელფასი ერთბაშად 50-დან 500 ლარამდე გაიზარდა. ეს იყო ყველა თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაში.“

ნინო: „იბერიას“ შემდეგ პირველ არხზე ვმუშაობდი „მოამბეში“. მაშინდელი დირექტორის ზაზა შენგელიას ძალისხმევით ბრიტანეთში „BBC-ში“ძალიან სერიოზულ გრძელვადიან ტრენინგზე მიმავლინეს. მიუხედავად ტელევიზიებში მუშაობის 4-5 წლიანი გამოცდილებისა, ფაქტობრივად, იქ მივხვდი, რა არის ჟურნალისტიკის ფუნდამენტი. მერე იყო „მზე“ – ჩემთვის ასევე ძალიან სერიოზული ეტაპი. იქ გვყავდა უცხოელი ტრენერები და მათ საკუთარ თავზე ძალიან ბევრი მამუშავეს. გვქონდა კარგი პროექტები. უკან რომ ვიხედები, მიხარია, რომ მათში მონაწილეობა მიმიღია“.

წლების შემდეგ ჟურნალისტიკა მისთვის ცხოვრების წესი გახდა. რამდენიმეჯერ ჰქონდა სხვა, უკეთესი მიმართულებით წასვლის შესაძლებლობა, მაგრამ პროფესიიდან წასვლა არ უფიქრია. ფიქრობს, რომ თუკი ჟურნალისტიკას რომელიმე თუნდა ძალიან ახლოს მყოფ პროფესიაზე გაცვლი, უკან აღარ უნდა დაბრუნდე.

ნინო: “ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებდი ყველაფერს. არ მიჭირდა ღამეების გათენება. სიხარულით და ინტერესით მივდიოდი ყველგან, სადაც რედაქცია მაგზავნიდა – მიყრუებულ სოფელშიც და უცხოეთშიც. მომწონდა რასაც ვაკეთებდი, ამიტომ ვერ ვიგრძენი ისე გამოვიარე რაღაც პერიოდი”.

კითხვაზე, რა დათმო პროფესიისთვის, პასუხობს: “შორიდან რომ ვუყურებ აღმოჩნდა, რომ რაღაცეები ვერ მოვასწარი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე დავთმე, რადგან ცხოვრებაში ასეთი არჩევანის წინაშე მგონი არც დავმდგარვარ. უბრალოდ, ძალიან სწრაფად გავიდა დრო.“

რაკიღა საქართველოში ჟურნალისტიკა დარტყმის ქვეშ ხშირად არის, ჩვენი რესპონდენტიც სულ მზად არის ცვლილებებისთვის. ამბობს, რომ უბრალოდ გაუმართლა, ვინაიდან როცა რამეზე უარს ამბობდა, მის წინაშე მოულოდნელად უფრო უკეთესი და საინტერესო სივრცეები იხსნებოდა.

ნინო: “ საოცარია ჩემს მეგობარს რომ არ გავყოლოდი, არ ვიცი ვინ ვიქნებოდი, ალბათ ტრადიციულად მოვამზადებდი მოსწავლეებს და ვიმუშავებდი სადმე უნივერსიტეტში ლექტორად ან შეიძლება უკეთეს შემთხვევაში ვყოფილიყავი რომელიმე საერთაშორისო პროექტში ჩართული. შეიძლება არ ყოფილიყო ცუდი ეს ჩემთვის, რადგან სიმშვიდე მეტი მქონოდა, მაგრამ რაკიღა სიამოვნებით ვაკეთე ის რაც ვაკეთე, ამიტომ არ ვუჩივი ბედს.“

ნინო: “წარმატებები, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, ჩემს ცხოვრებაში, რაც არ უნდა უცნაური იყოს უკავშირდება, იმ გადაწყვეტილებებს, რაც მე სხვადასხვა ეტაპზე პრინციპულად მიმაჩნდა. თუკი სხვადასხვა სამუშაო ადგილის დატოვება, ეს რამდენჯერმე მომიხდა, რაღაც მომენტში „მეტრაგიკულებოდა“, ძალიან მალე ირკვეოდა, რომ უფრო საინტერესო წინ იყო. ამიტომ ყოველთვის ვურჩევ ჩემს უმცროს კოლეგებს, რომ თავის პროფესიაში მინიმალური კომპრომისიც კი არ დაუშვან. ეს არის პროფესია, რომელშიც შეუძლებელია კომპრომისების გზით იარო. დღეს ერთს მოგთხოვენ, ხვალ – მეორეს და ბოლოს აუცილებლად დარჩები ნულზე. ასე დაემართა, სამწუხაროდ, ჩემი თაობის ბევრ ჟურნალისტს ”.

ადამიანები ხშირად ცდებიან პროფესიის არჩევის დროს. ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლება – ის, რაც წარმატებულ ადამიანად გაქცევს, შენი პროფესიის აღმოჩენაა. ნინო ჟიჟილაშვილს უჭირს თავს წარმატებული უწოდოს, არც ამის განსაკუთრებული ფორმულა აქვს.

ნინო: „მე მგონია რომ წარმატების მიღწევის მზა ფორმულა არ არსებობს. მგონია, რომ არსებობს ადამიანში განწყობა, რომელიც გარკვეულ წერტილამდე მიგიყვანს. ერთი, რაც ვიცი, საკუთარ განვითარებაზე სულ ვზრუნავ. ვიცი ისიც, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმუმი უნდა ჩადო საქმეში, არ უნდა დაგეზაროს არაფერი და სულ წინ უნდა იყურო. გზადაგზა კი შეგიძლია დაფიქრდე, ერთი ნაბიჯითაც კი წინ რომ მიდიხარ, გაქვს თუ არა ამის კომპეტენცია„.

ნინო:“ჟურნალისტიკაში წარმატება, რა თქმა უნდა არის, საკუთარი ადგილის დამკვიდრება, საკუთარი პრინციპების, ხედვების ჩამოყალიბება, რომლებსაც შემდეგ სულ ემსახურები, წარმატება ალბათ სხვამ უნდა შეაფასოს. პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში, ისევე, როგორც ყველა პროფესიაში, მაგრამ აქ უბრალოდ უნდა გააცნობიერო, რომ როდესაც, კომპრომისზე მიდიხარ, ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპს ღალატობ, არასწორად იქცევი შენი აუდიტორიის წინაშე, მხოლოდ შენ თავს არ აზიანებ, სხვასაც აზიანებ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა გაიაზრო და სწორედ ეს აღარ მოგცემს უფლებას იარო პრინციპების დათმობის გზით .“

ესაუბრა: მერიკო ბარაბაძე