Skip to content

ჯონ ლოკი: ადამიანთა შორის ურთიერთსიყვარულის მოვალეობა

თანასწორობის მდგომარეობაა, როდესაც ყოველგვარი ძალა და უფლება გაწონასწორებულია და ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული. სრულიად ცხადია, რომ ამ მდგომარეობაში ერთი და იმავე მოდგმისა და რანგის ადამიანები, რომლებსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყველა უპირატესობა და ერთი და იმავე უნარებით დააჯილდოვა, ასევე თანასწორნი უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ. არავინ არის ვინმეს მიერ დაქვემდებარებული ან დამორჩილებული, თუ ყველა მათგანის საერთო უფალმა და ბატონმა თავისი ნების აშკარა გამოცხადებით ერთი მეორეზე მაღლა არ დააყენა და ნათლად და ცხადად არ განუსაზღვრა პირველს ბატონობისა და სუვერენობის უეჭველი უფლება.

ბრძენი ჰუკერი (1) იმდენად თავისთავად ცხადად და უეჭველად მიიჩნევს ადამიანთა ამ ბუნებით თანასწორობას, რომ სწორედ მასზე აფუძნებს ადამიანთა შორის ურთიერთსიყვარულის მოვალეობას, ამ უკანასკნელიდან გამოჰყავს მათი ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, შემდეგ კი სამართლიანობისა და ქველმოქმედების ღირსეული წესები. აი, რას ამბობს იგი: „ასეთივე ბუნებრივმა აუცილებლობამ აიძულა ადამიანები გაეგოთ, რომ მათ საკუთარი თავის სიყვარულზე არანაკლებ ევალებათ, უყვარდეთ სხვაც, რამეთუ თანასწორ საგანთა დასანახად საჭიროა, მათ ყველანი ერთიანი საზომით ვუდგებოდეთ. აქედან გამომდინარე, თუ არ შემიძლია, რომ არ მსურდეს ყველა სხვა ადამიანისგან სიკეთე მივიღო, როგორც ყველა სხვას სურს სიკეთე საკუთარი თავისთვის, როგორ შეიძლება ჩემი ეს სურვილი ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდეს, თუკი თავად არ შევეცდები დავაკმაყოფილო სხვა ადამიანების ასეთივე სურვილი, რომელიც მათ უეჭველად ექნებათ, რადგან ჩვენ ერთი ბუნებისანი ვართ. თუ მათი ამ სურვილის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედებ, ეს ისევე დაამწუხრებს მათ, როგორც მე. ასე რომ, თუ მათ რამეს დავუშავებ, უნდა მოველოდე, რომ მეც მომადგება ზიანი, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქრო, რომ ისინი მეტი სიყვარულით მომექცევიან. მაშასადამე, ჩემი სურვილი, ბუნებით ჩემ თანასწორ ქმნილებებს ვუყვარდე, ბუნებრივად მაკისრებს ვალდებულებას, მათ მიმართაც მსგავსი გრძნობა გამოვხატო. თანასწორობის ამ მიმართებიდან ჩვენსა და ჩვენს მსგავს ქმნილებებს შორის ბუნებაზე დამყარებულმა გონებამ ყველა ადამიანისთვის ცნობილი რამდენიმე წესი და კანონი გამოიყვანა ცხოვრებისთვის მიმართულების მისაცემად.“

ამონარიდი (ჯონ ლოკი –”მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე”)