Skip to content

ჭაბუა ამირეჯიბი – რა დავკარგეთ ქართველებმა?!

სანდრო კარიძემ ჯამს ხელი მოჰკიდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ სადღეგრძელოს იწყებდა. ნელ-ნელა დავწყნარდით.

– ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც პიროვნების ზნეობაზე – მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე – მისი სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან… ზნეობა ის შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერისა და მისი სახელმწიფოს საჭიროებებს უთანხმებს… მცირე ერი სახელმწიფოს ვერ შექმნის, თუ ამით კაცობრიობის ან მისი ერთი ნაწილის წინაშე რაიმე სამსახური არ აღასრულა. სახელმწიფოს არსებობას საერთაშორისო ფუნქცია, ისტორიული მისია სჭირდება…

– მაგას სხვაც ბევრი რამ სჭირდება, სანდრო, – ჩაერია ელიზბარ კარიჭაშვილი. – ჯერ არის და, თვით ფუნქციის ისტორიული საჭიროება უნდა შეიქმნას. მერეა და, ერს, რომელიც ამა თუ იმ მისიას იკისრებს, საამისო ნიჭი, ენერგია, ბრძოლისა და ძლევამოსილების ჟინი უნდა მოსდგამდეს.

– თავისთავად ცხადია და მაშინ ასე დავიწყოთ: მსოფლიოს ერთ-ერთ გეოგრაფიულ რაიონში – ამიერკავკასიაში – დაისახა გარკვეული ფუნქცია და, მაშასადამე, სახელმწიფოს შექმნის ისტორიული საჭიროებაც. აქ ქართველები ვცხოვრობდით და საჭიროებას ვუპასუხეთ – შევქმენით სახელმწიფო. ქართველთა ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობას სული იმან ჩაუდგა, რომ დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციისთვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში. მეორე მხრივ, სპარსეთისა და ბიზანტიისთვის ის ძალა გავხდით, რომელსაც ჩრდილოეთ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების დაკონტროლება შეეძლო. სახელმწიფოს შექმნამ წესრიგი, სტაბილურობა მოიტანა. მაშინ ქართველთა მიწა-წყალზე გაიდო და გადაჯვარედინდა დიდი სავაჭრო გზები. განვითარდა ეროვნული ეკონომიკა, რომელმაც აზიურ აღებმიცემობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ასეთი მსოფლიო-ისტორიული მისიის აღსრულება ნიშნავდა ათასნაირი მტრის მოგერიებას და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე გვქონდა მომართული. პიროვნებამ, მოქალაქემ, ცხადია, ერის ფუნქცია, სახელმწიფოს მისია გაიმეორა: მტრის მოგერიება, ომი ადამიანის ძირითად საქმიანობად იქცა ცხოვრებად! ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა – ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა.

შეიქმნა ვითარება, როდესაც მოქალაქის ცხოვრების ავ-კარგი სახელმწიფოს ძლევამოსილებაზე ეკიდა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის რაიმეს დაშურება საკუთარი სიცოცხლისთვის დაშურებას უდრიდა. ამიტომ ამოქმედდა და დროთა განმავლობაში დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი: ჯერ ვაძლევ ერსა და სახელმწიფოს რაც კი რამ მაბადია, და შემდეგღა ვიღებ მისგან იმდენს, რამდენსაც დავითრევ, ან რამდენსაც მარგუნებენ და გადმომიგდებენ. მაშინდელი კაცობრიობა ამ დონეზე იდგა, სამართლიანობაზე თავისებური წარმოდგენები ჰქონდა. ასეა თუ ისე, ზემოთ მოყვანილი ზნეობრივი პრინციპი, საბოლოო ჯამში, ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო ფუნქციამ, ისტორიულმა მისიამ ჩამოაყალიბა და ამან კი, ანუ დროთა ვითარებაში დამკვიდრებულმა ზნეობამ – სახელმწიფო შეინახა. ეს – რაც შეეხება იმას, თუ რა თვისება დაკარგა ჩვენმა ერმა. ქალბატონმა ნანომ ჭეშმარიტება ბრძანა: თავისუფლების სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული დაკარგა, ანუ ის ზნეობა, რომელზეც, ჩემო ელიზბარ, მე ასე დიდხანს და ამდენი უცხოური სიტყვებით ვილაპარაკე. თვით სადღეგრძელო კი მოკლე იქნება: გოგიმ აკი თქვა – მომხდურთან ბრძოლის, სამშობლოს დაცვის, სახელმწიფოს შენახვის პირობა სიყვარულიაო, მაშინ, ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს, ცხოვრების ფუძედ, საძირკვლად სიყვარული ჰქონიათ. სიყვარულს უშენებია მტრობით დანგრეული და ამ სიყვარულისას სიამოვნებით დავლევ!

სანდრო კარიძე ჯამს დაეწაფა ნელა, სვენებ-სვენებით დაცალა.

მოულოდნელად საინტერესო სადღეგრძელო გამოვიდა და სუფრა ცოტა ხნით ჩაყუჩდა. მერე ერთად ავლაპარაკდით – კარიძის ნათქვამს ვაანალიზებდით და ვავითარებდით.

– ეგ საინტერესო აზრია, სანდრო, – ცხოვრების ფუძედ სიყვარული ჰქონიათო. მე ფილოლოგიაში ჭიპი არ მომიჭრია, მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ქართული მუსიკის, ლიტერატურისა და ზეპირსიტყვიერების დიდი ნაწილი სწორედ მაგ პერიოდშია შექმნილი და ერთი მაგალითიც არ ვიცი, რომ ნაწარმოებში სიცრუე, ბოროტება და ძალმომრეობა იმარჯვებდეს. სულგრძელობა, თავდადება და სიყვარულია ყველაფრის ჩონჩხი, სისხლი და ხორცი. იმ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, რაც წაკითხული ან მოსმენილი მაქვს, – ვთქვი მე.

– არაკი ვიცი ერთი მე, ჩვენი არ არის ის, – ნანოს მიმართა ლაზმა. – ლომია დაჭრილი იმ არაკში, სისხლი მოსდის მკერდიდან და გარშემო აფთრებს სიხარული აქვთ და ზეიმი, ლომი რომ კვდება და ლეში მათ რომ დარჩებათ, იმიტომ. გაგულისდება ლომი, მოიკრებს უკანასკნელ ძალ-ღონეს, წამოუხტება აფთრებს, სისხლის გუბეს დააყენებს მათსას. იბრძოლებს დიდს, გამოელევა ილაჯი, ჩავარდება მათი სისხლის გუბეში და ბანაობს შიგ. ისეა არაკში, რომ მტრის და მოშურნის სისხლმა უნდა მოუშუშოს და შეუხორცოს ჭრილობა ლომს. ახლა, “არწივი” რომ არის, ქართული ლექსი: მისი დამწერი დიდი კაცია ძალიან ქართველებში ყველაზე დიდი იყოს, იქნება, დღეს. იცით თქვენ ეს. ამ დიდ კაცს რატომ არ მოუვიდა აზრად, ნეტავი, მისი არწივიც რომ წამოფრენოდა ყვავ-ყორანს, ბუმბული გაეფანტა მათი და შვება მიცემოდა ამით? რატომ და, ასე რომ ექნა, გაბოროტების და ჯავრის ამოყრის მაგალითი უნდა მიეცა სხვისთვის. არ ქნა მან ეს. მესამედ გაიმეორებ შენთვის, თუ პირველად წაიკითხავ – არწივის სიბრალული, თანაგრძნობა გეწვევა კაცს ჯერ, მის მხარეზე დაგაყენებს, ღონემიხდილს და განწირულს შეგაყვარებს ლექსი. მაგ კაცს განგებისგან აქვს მადლი დასხმული საამისოდ, ადვილად შეუძლია ეს. შეგაყვარა და, რომ მიაღწია ამას, გენდობა უკვე. იცის, რასაც გააკეთებ, სიყვარულიდან გამოსული იქნება ის. ამიტომ არის, რომ არ გირჩევს და არ გეუბნება, ასე და ასე მოიქეციო, – ლაზი წამით დაფიქრდა და დასძინა: – ნამდვილი რაც არის, ყველაფერში ასე უნდა იყოს, მგონია. უნდა დავაკვირდე, ერთი, ამას.

– თქვენ ილაპარაკეთ იმაზე, თუ რა დავკარგეთ, მაგრამ არაფერი გითქვამთ, როგორ დავკარგეთ – ეს ერთი, და რანი ვართ დღეს – მეორე. უმაგისოდ ჩემს სალაპარაკოს სადღეგრძელოსთან ვერ დავაკავშირებ და დიაცის აბდაუბდაში ჩამომერთმევა ნათქვამი.

– სამწუხაროდ, ყველაფერი წარმავალია მზისა ქვეშე, ჯერ იყო, სლავთა ფეოდალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოური შემოსევების საშიშროება შეუმსუბუქა და ქართველთა სახელმწიფომ ტრამალების ხალხებთან წინამბრძოლის ფუნქცია დაკარგა. შემდეგ, ისედაც მიხრწნილი ბიზანტიის იმპერია ჯვაროსნებმა და თურქებმა მოაშთეს. კათოლიკურ ქრისტიანობას იმდენად სერიოზული ჭია შეუჩნდა, რომ მისი არსებობის შესანარჩუნებლად ინკვიზიციის დაარსება შეიქნა საჭირო. როცა ციტადელი ირყევა, გოდოლის მეციხოვნეთა ბედიც ბეწვზე ჰკიდია. ერთმორწმუნე სამყაროსთან არსებული კომუნიკაციები დაირღვა და საქართველოს იდეოლოგიური ფუნქციაც თანდათან გაუქმდა. კიდევ ცოტა ხანი და, ზღვაოსნობის განვითარებამ აღმოსავლეთთან სავაჭრო გზები წყლებზე გადაიტანა. ამით ეკონომიკური ფუნქციაც გამოგვეცალა. მოკლედ რომ მოვჭრათ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო ფუნქციები გაუქმდა და მსოფლიო-ისტორიული მისია აღარ გაგვაჩნია. კაცობრიობისთვის წესიერი საქმეების მკეთებელი, ძლევამოსილი სახელმწიფო წვრილმანი სამთავროების კინკლაობის ასპარეზად და ყველა მოცლილი თუ მოუცლელი დამპყრობლის სარბიელად იქცა.

რუსეთთან შეერთებამდე საქართველოს ისტორიის ბოლო ხუთ საუკუნეს თამამად შეიძლება, დაერქვას ხუთასწლოვანი ომი ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად და შექმნილი კულტურის გადასარჩენად. საყურადღებოა, რომ ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ აზროვნებას მუდამ და ამომწურავად ესმოდა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ისტორიული მისიიდან წარმომავლობის აუცილებლობა. დიდ მასშტაბებში ეს იდეა პირველად ვახტანგ გორგასალის ხელით განხორციელდა. ტრამალის ხალხებთან წინამბრძოლობის ფუნქცია როცა გაუქმდა, მაშინ დავით აღმაშენებელმა და მისმა პოლიტიკოსებმა წინა აღმოსავლეთის კულტურულ-პოლიტიკური ხელმძღვანელის ფუნქციით აღჭურვეს ქართველთა სახელმწიფო და ამ მიზნის განხორციელების მტკიცე საფუძველი შექმნეს. მსოფლიო ქრისტიანულ ცივილიზაციას და, კერძოდ, ბიზანტიის იმპერიას რომ საძირკველი მოერყა, თამარის სახელმწიფომ მართლმადიდებელი სამყაროს ჰეგემონობაზე, სამაჰმადიანოში წესრიგის დამყარებაზე განაცხადა პრეტენზია. ამ მხრივ, საქმეები რიგიანადაც წარიმართა, მაგრამ მონღოლობამ მოგვისწრო და ჩვენს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კატაკლიზმი გამოიწვია. თვით ერეკლეს პოლიტიკაც ვახტანგ გორგასალის ოპერაციის გეოგრაფიულად შებრუნებული განმეორება გახლდათ – საყრდენით ჩრდილოეთში და მახვილით სამხრეთში, მაგრამ ამ ვითარებამდე იმდენად გაჩანაგებულებმა მივაღწიეთ, რომ რუსეთმა ქართველთა მოკავშირეობას მათი მფარველობა ამჯობინა, სხვათაშორის, თვით ქართველებმაც მფარველობის ქვეშ ყოფნა ამჯობინეს… ყოველივე ეს იმისთვის ვთქვი, რომ წინაპართა სიბრძნე და მოცადეობა აღუნიშნავი არ დარჩენილიყო, მათი შრომა წყალში არ გადაყრილიყო… დიახ, ის საზარელი ხუთასი წელიწადი! ვისაც მიუკერძოებლობა და განათლება ჰყოფნის, იმისთვის ჩვენი ისტორიის ამ პერიოდთან მხოლოდ ამერიკელი ინდიელების ანალოგია არსებობს. სხვა პარალელი არ მაგონდება. ასეა თუ ისე, სიცოცხლისა და კულტურის შენარჩუნებაც ფუნქციაა, მაგრამ ვიწრო-ეროვნული, ძლიერი სახელმწიფოს არსებობისთვის უვარგისი. ქართველთა სახელმწიფო, ფაქტიურად, გაუქმდა. მისი ავ-კარგის მიმართ ერის ძირითად მასას ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა მოუდუნდა, ხოლო მრავალმა დამარცხებამ და აოხრებამ მოქალაქეს ძლევამოსილების რწმენა დაუკარგა. სწორედ ამან მოახდინა ერის ზნეობაში პირველი ძვრა დაკნინებისკენ.

მთავარი სამუშაო ფუნქციის კერძო-ეროვნულმა ხასიათმა, საერთაშორისო უმნიშვნელობამ შეასრულა: ცხოვრება სიცოცხლის შენარჩუნების პროცესად იქცა, ხოლო ამ პროცესმა თავისი მომწესრიგებელი ფაქტორი, ანუ შესაბამისი ზნეობა ჩამოაყალიბა, – თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული, ძლიერი სახელმწიფოს დროინდელთან შედარებით დაბალი და კნინი. მართალია, კერძო-ეროვნული მიზნისთვის, მაგრამ ხალხი მხარდამხარ იდგა, ადამიანს ერთობისა და ერისთვის თავდადების უნარი საკმაოდ გამახვილებული ჰქონდა. ხუთასი წლის გააფთრებული წინააღმდეგობის შემდეგ ერი ხორციელად განადგურდა, სულიერად გადაიღალა. სხვა გზა აღარ იყო და ერთმორწმუნე ერი მოვიყვანეთ. დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტების უძველესმა წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება: ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით! რუსეთთან შეერთებამ ყველა პრობლემა ერთბაშად მოხსნა. გაგვათავისუფლეს ომებისგან, ლეკიანობისგან, ამოწყვეტის საშიშროებისგან, ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიისგან და გადასახადებისგანაც კი. ეს შესვენება ქართველი ერისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ ერთი კანონზომიერი რამ მოხდა: ისტორიულად კაცობრიულ და ეროვნულ ვალდებულებებს დაჩვეული ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა, მას აღარაფერი მოეთხოვებოდა, სრულიად აღარაფერი; ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. ასი წელიწადია ვბალახობთ, ჩვენი ერთადერთი ფუნქციაა – ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. გათავდა. ასეთმა ფუნქციამ ძველი, ტრადიციული ზნეობა გადააგვარა და დღეს თუკი ვისმე თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ღირსებათა შორის. აი, ჩემი აზრით, ეს დავკარგეთ, ქალბატონო ნანო. რანი ვართო, რომ ბრძანეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საშოვარს გადაგებული გათითოკაცებული, ყოფილი ერი. დავამთავრე, ელიზბარ, შეგიძლია, საათს დახედო.

– როგორ გამოდის, – სიჩუმე დაარღვია შალითურმა. – სანამ კავკასიაში შენი ფუნქცია ისევ არ შეიქმნება, იქამდის ქართველებისთვის სახელმწიფო – ფა-ფუ?

– ფა-ფუ! – დაუდასტურა კარიძემ.

ფოტოს წყარო