გიოცნებიათ ოდესმე ღრუბელზე დამჯდარიყავით და იქიდან გეყვირათ, “ღმერთო რა ბედნიერი ვარ” და მერე სხვებიც გენუგეშებინათ, “ნუ გეშინიათ თქვენც იქნებით ბედნიერნი” ? ხშირად გვისაუბრია ცხოვრების სისასტიკეზე, დაუნდობლობაზე, ხშირად დაგვისვამს კითხვა რატომ? ალბათ ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელიც ხშირად გაგვიჩდება და კითხვა რომელზე პასუხის გაცემაც ძალიან რთულია. რთულია გასცე კითხვას პასუხი, რატომ ექცევა ხშირად ცხოვრება ესე დაუნდობლად ადამიანებს? ამა თუ იმ უბედურებას საკუთარ თავს დავაბრალებთ და პასუხს ის თუ რატომ დაგვემართა ესე საკუთარ ცხოვრებაში ვეძებთ. “რასაც დათეს იმას მოიმკიო”, მაგრამ ვაი რომ ხშირად ამა თუ იმ ადამიანებს არაფერი დაუთესავთ, მაგრამ ცხოვრებისგან უკვე საკმაოდ ცუდი მოსავალი მოიმკეს.
როგორც ყოველთვის ახალ წელს ყველა მოუთმენლად ელოდება განსაკუთრებით კი ბავშვები. ყველა ახალი წლისაგან რაღაც ახალს და კარგს მოელის. მომავალი წელი უკეთესი იქნება. იმედი რითაც თითოეული ადამიანი ცოცხლობს. მოლოდინი რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი გათენდება. ნეტა რას უნდა მოელოდეს ქუჩაში ხელ-გაწვდილი ბავშვი, რომელიც მშობლებმა მიატოვეს და ცხოვრებისაგან უკვე მძიმე ჯვარი ერგო, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ზიდოს.
დღევანდელი დღე იცის, რომ ხვალინდელს ემსგავსება. ღამეს ისევ ქუჩაში გაათენებს, სიცივეში, მიუსაფრობაში. თუმცა მას ხომ თბილი კერა არც უნახავს, მშობლების სითბო არ იცის, არც დედის ალერსი და იავნანაც კი არ უმღერია არავის. იცის რომ მარტოა. რატომაა მარტო ამაზე ბევრი იფიქრა… რატომ არ ყავს მშობლები ან რატომ არ აქვს სახლი სადაც თბილათ დაწვებოდა ლოგინში, დედიკო ტკბილ ძილს უსურვებდა, მერე დათუნიას ჩაიხუტებდა და ისე დაიძინებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ცხოვრებამ მოაკლო და რას უმზადებს მომავალში ეს არავინ არ იცის. ხვალ ისევ ამოვა მზე, დედის მაგივრად მანქანების ხმაური გააღვიძებს ,თვალს რომ გაახელს და კარგად გამოფხიზლდება, მერე იმაზე დაიწყებს ფიქრს თუ სად უფრო მომგებიანი იქნება რომ წავიდეს და მოწყალება ითხოვოს.
ვინ დათვლის რამდენი ასეთი ბავშვია საქართველოში. ვინ წაართვა ბავშვებს ბავშვობა და ვის შეუძლია მათ დაუბრუნოს ის უდარდელი ხანა, რომელსაც ბავშვობას ვუწოდებთ და რომელიც ასე ტკბილად გვახსენდება ხოლმე. როგორი იქნება მათი მომავალი, როგორი ადამიანები იქნებიან და როგორი შვილები გაეზრდება საქართველოს? ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. ვინ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა? საზოგადოებამ თუ სახელმწიფომ? თუ ორივემ ერთად?
ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე, ნუ იქნება მხოლოდ საკუთარი მე მნიშვნელოვანი, მოდი ერთმანეთის ბედნიერებაზე ვიფიქროთ. ნუ ვაფიქრებინებთ რომ ისინი მარტო არიან. მოვეფერით და ვაგრძნობინოთ რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და ის რომ დღეს ესეთ დღეში არიან თითოეული ჩვენთაგანის სირცხვილია. ვეცადოთ დაუბრუნოთ ბავშვებს ბავშვობა. გაუნაწილოთ მათ სითბო და სიყვარული.
“პატარა ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს მთელი სამყარო” – ონორე დე ბალზაკი
გამომგზავნი/ავტორი: თეონა გაჩეჩილაძე