Skip to content

ძილი – ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა

უძველესი დროიდან მოყოლებული, ძილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ფსიქოლოგიაში. ძილის პროცესში ჩაწვდომა და მისი შესწავლა საკმაოდ რთული, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო საკითხებთანაა დაკავშირებული.

როგორც წესი, ადამიანები ყოველ დღე განვიცდით ცნობიერების ღრმა ცვლილებას – ძილს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცხოვრების მესამედს სწორედ ძილს ვუთმობთ. ამ დროს კუნთები მოდუნებულია, ტვინი კი სხვადასხვა აქტივობებითაა დაკავებული.

ალბათ ფიქრობთ, რომ ძილი მარტივი პროცესია და ამ მდგომარეობაში გადასვლა მაშინვეა შესაძლებელი, როცა დაძინებას გადაწყვეტთ. სინამდვილეში ძილი, იგივე ქცევითი უძრაობა გარკვეულ სტადიებს გადის, რაც ტვინის ელექტრული აქტივობითაა ინსპირირებული.

ფსიქოლოგიაში ძილის ორი ძირითადი ტიპი გამოიყოფა:

1.ძილი თვალების სწრაფი მოძრაობით (Rapid Eye Movement – REM) – იმ ფაზის ქცევითი გამოვლინება, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი სიზმრისმაგვარ გონებრივ აქტივობას ახორციელებს.

2.ძილი თვალების სწრაფი მოძრაობის გარეშე (NonRem – NREM) – ამ შემთხვევაში მძინარე ადამიანთან არ შეიმჩნევა თვალების სწრაფი მოძრაობა. REM ძილთან შედარებით ნაკლებადაა დატვირთული სიზმრისებრი აქტივობით.

როცა ჩაგვეძინება, იწყება ძილის ციკლი. ამ დროს მცირდება როგროც თავის ტვინის ტალღების, ასევე გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე. მთელი სხეული მოდუნებულია და ვიღებთ იმ ენერგიას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება აქტიური ცხოვრებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა მაქსიმალურად შეძლოს დასვენება, საჭიროა 7-8 საათი ძილი. ეს სტანდარტული რაოდენობაა საათებისა, ძილის ხანგრძლივობა შეიძლება გენეტიკურადაც იყოს განპირობებული. ჩვეულებრივ, ადამიანები აკონტროლებენ ძილის ხანგრძლივობას მაღვიძარის დაყენებით, ან ადრე/გვიან დაძინებით და ა.შ. თუმცა, ყველაზე სტაბილური გზა ძილის საჭირო რაოდენობის გასაკონტროლებლად არის ცირკადული რიტმი, სწორედ ამიტომ, დაძინების დრო გავლენას ახდენს ძილის ხანგრძლივობაზე.

არაჩვეულებრივია, როცა დროულად დაძინებასა და ენერგიის მიღებას ვახერხებთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძილთან დაკავშირებული რიგი პრობლემებით იტანჯებიან. ეს კი, ბუნებრივია, ძალიან ცუდად აისახება მათ პირად ცხოვრებასა და კარიერაზე. პირველი ტიპის პრობლება, ესაა ინსომნია. ამ დროს ადამიანები დაძინებისას აწყდებიან პრობლემებს, ვერ ახერხებენ დაძინებას, ზედაპირული ძილის დროსაც ხშირად წყვეტენ ძილს, ადრე იღვიძებენ. ინსომნიის გამომწვევი არაერთი მიზეზი შეიძლება დასახელდეს – ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მდგომარეობა, გარემო პირობები.
მეორე პრობლემა, ესაა ძილის აპნოე – ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა. აპნოე იწვევს ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტას. ამ დროს სისხლში მცირდება ჟანგბადის რაოდენოდა, გამოიყოფა სასიგნალო ჰორმონები, რომლის დახმარებითაც ადამიანი იძულებულია ძილი შეწყვიტოს და სუნთქვა განაახლოს. სასუნთქი გზების ბოლომდე ჩამოუყალიბებლობის გამო ძილის აპნოე ხშირია ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებშიც.

ძილის შემდეგი დარღვევა ნარკოლეფსიის სახელით არის ცნობილი. იგი ხასიათდება დღის განმავლობაში პერიოდული ძილიანობით. ამ დროს უეცრად კუნთები დუნდება, ადამიანი ძირს ეცემა და ძილის მდგომარეობაში გადადის. ძილს თან ახლავს სიზმრების ცალკეული ეპიზოდების ხილვა ან დამთრგუნავი ჰალუცინაციები. ეს ყველაფერი კი თავისთავად სოციალურ უხერხულ მდგომარეობას ქმნის, რამაც შეიძლება ღრმა ფსიქიკური პრობლემებიც გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ახლობლების დახმარება და მორალური გამხნევება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ძილის გასაუმჯობესებლად:

1.ეცადოთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთი და იმავე დროს.

2.დღის განმავლობაში მაქსიმალურად დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, სახლში ყოფნისას გაანათეთ თქვენი ოთახი.

3.გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. ბევრს სჯერა, რომ ძილის წინ ტელევიზორის ყურება დაგამშვიდებთ, რაც შეცდომაა. ტელევიზორის ნაცვლად მოუსმინეთ წყნარ მუსიკას ან წაიკითხეთ წიგნი.

4.დამტკიცებულია, რომ სიბნელეში უკეთ შეძლებთ დაძინებას, ამიტომ, ძილის წინ აუცილებლად ჩააბნელეთ ოთახი.

5.იზრუნეთ, რომ მოსალოდნელი ხმაური თავიდან აიცილოთ. ძილის წინ გაანიავეთ საძინებელი და კომფორტულად მოთავსდით საწოლზე.

და ბოლოს, შეეცადეთ ძილის წინ თავი არ დაიტვირთოთ, იფიქრეთ სასიამოვნო მომენტებზე. გამოიძინეთ და გარწმუნებთ, რომ თქვენი მომავალი დღეც გაცილებით ნაყოფიერი, მზიანი და ღიმილიანი იქნება!