დეკემბრის ნაცრისფერი დღეები დაიწყო… არ მიყვარს ზამთარი, ნაცრისფერდება ირგვლივ ყველაფერი, მზეც იშვიათად ანათებს, ღრუბლებით იფარება ლურჯი ზეცა… ცხოვრება მდორედ მიედინება…
მე კი ჩემს ოთახს მივეკედლები ხოლმე და ფიქრებს მივეცემი… სევდა მემატება გაძარცული ხეების დანახვისას და წარმავლობის გრძნობა მაწვალებს. ერთ დროს მოშრიალე ჭადრები ახლა როგორ უსუსურად გამოიყურებიან, გაყვითლებული და გამხმარი ფოთლები აქა-იქ მიმოფანტულან გაყინულ ქუჩებში… ქალაქი გაშიშვლდა თითქოს… ახლა ყოველი მხრიდან ადვილად დაინახავ ყოველივეს… ქარიც ისეთივე ხმაურიანი და შრიალა აღარაა, ახლა შენობებს შორის ზუზუნით დაქრის, დაწივის გულისწამღებად, მე კი მოლოდინით აღსავსე ველოდები მზიან დღეეებს… თქვენ ვერც წარმოიდგენთ რა საშინელებაა ლოდინი, მოლოდინი არარსებულის, მოლოდინი უბრალოდ მოლოდინის… ის არ ჩანს, არსაიდან არ ისმის მისი ხმა… სადღაც ცხოვრობს, იქნებ ახლოსაცაა, მაგრამ თურმე არც ისე ახლოს, რომ ჩემს მოლოდინს მისი მოლოდინი დაარქვა… ფიქრებიდან გამორკვეულს ერთბაშად შემძრავს საკუთარი გრძნობები…
„ავდგები და წავალ…“
,,კი წახვალ, წახვალ. წასასვლელის მეტი რა გაქვს, სიხარულითაც მიგიღებენ, მაგრამ რას შეცვლი წასვლით?“
,,არაფერს. უბრალოდ წავალ. ახლა ხომ მოვშორდები ამ ადგილს, ამ უცნაური ფიქრებით გაჟღენთილ ადგილს.“
,,ა, გასაგებია, გაიქცევი. მაგრამ ვის გაურბიხარ? არავის, შენ არავის გაურბიხარ, უბრალოდ
გარბიხარ. უკან კი მთელი შენი არსება, სხეული, მთელი შენი ცხოვრება ისევე გამალებით მოგდევს, როგორც შენ ცდილობ გაექცე მათ. რაც მეტად უმატებ სირბილს მით მეტად მძიმდები და ისინიც ადვილად მოიწევენ შენსკენ. ძალა გეცლება? რა, განა არ იცოდი რომ ვერ შეძლებდი? განა არ იცოდი საკუთარი ძალა?»
« რა რთული ყოფილა… »
« აბა, რა გეგონა?! გეგონა ყველაფერს დატოვებდი, გაიქცეოდი და ამ ყველაფრისგან თავდახსნილი… რა, რას იზამდი მერე? გათავისუფლდებოდი და ცარიელი დაგრჩებოდა შეგრძნებები, გაქრებოდა ოცნებები, ეს უიმედო მოლოდინიც კი… »
« მაშ, რა ვქნა? »
« რა უნდა ქნა? რას ეწინააღმდეგები? საკუთარ თავს? საკუთარ ცხოვრებას? »
« ფიქრები არ მასვენებენ, მთელ სულში იფანტებიან, მიჭერენ, მაგრად მიჭერენ მარწუხებს
და მაწვალებენ… ხან მძიმდებიან და სულის სიღრმისკენ მძიმედ ეშვებიან, სამუდამოდ
იქ დარჩენას ლამობენ… ხან უცნაურად მსუბუქდებიან და იფანტებიან ჰაერშივე… მე კი…
მე კი გამოცარიელებულს მტოვებენ… დროდადრო სიტყვის ფორმას იღებენ და როცა სურვილი მაქვს ვინმეს გავანდო, გავუზიარო სწორედ მაშინ ვხვდები რომ მოლოდინი არ გამართლდა. სიტყვებად ქცეული ფიქრები მძიმდებიან… ოხ, ეს სიტყვები… ისევ სიჩუმე, ისევ მდუმარება, ისევ წყვდიადი, რა ახლოსაა სიკვდილი… რა არის სიკვდილი? სიკვდილი სიჩუმეა, სიკვდილი მძიმეა, ცივია და უგრძნობი… სიკვდილი უძრავია, მიწის სიღრმეში ჩაბუდებული მდუმარებაა… »
« სიცოცხლისგან თავდახსნილი ამ მდუმარებაში ჰპოვებ საოცნებო ნეტარებას? არ იცი ხომ? არა, არ იცი. ცხოვრებისგან გათავისუფლებას ცდილობ, ცდილობ მის მტანჯველ მარწუხებს გაექცე, მაგრამ სად? სად გაურბიხარ? სიკვდილიც ხომ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია? »
« მაშ ოცნებები?… »
« ოცნებებიც არსებობენ ამ ქვეყნად, მაგრამ შენ შეძლებ ოცნებას? »
« ვითომ რატომაც ვერ შევძლებ? ოცნება ხომ მოლოდინით აღსავსეა. იქნებ ახდეს ერთ
ჯადოსნურ ღამეს, მაგრამ იმდენს ვოცნებობ, რომ ვხვდები, ვარქმუნებ საკუთარ თავს, რომ
ოცნება არარეალურია და ის არასოდეს ხდება. ადამიანს კი რისიც გწამს, რისიც გჯერა მხოლოდ ის ხდება. მე კი შიში მაქვს, რომ ოცნებები არასოდეს ამიხდება და ვცდილობ ის ამქვეყნიური არაამქვეყნიურად, ოცნებად არ ვაქციო, არ მინდა რომ არასოდეს ამიხდეს… მაგრამ ოცნებებიც ცვდება, ხუნდება, მიწისფერი ედება, ნელ-ნელა გამჭვირვალე ხდება და ერთხელაც შენიშნავ, რომ სადღაც გაიფანტა, გაქრა… ვიღაცამ სული შეუბერა შენს ნაკოწიწებ ოცნებას… »
« ისევ მარტო დარჩი. ოცნებებისგან თავდახსნილმა მარტოობის ტყვეობაში ამოჰყავი თავი… და,ახლა ხვდები, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი ჭკნობადი და განადგურებადია. ილუზიები იმსხვრევიან და ოცნებები საპნის ბუშტივით სკდებიან… »
« სული გაშიშვლდა თითქოს… გაძარცული დარჩა მარტო… მხოლოდ ახლახანს ვიგრძენი რომ ყველაფერი მტკივა… ტკივილია ეს ცხოვრება, სულის ტკივილი… ცრემლები გულისწამღებად ეხეთქებიან სულში… »
« გინდა ვინმეს უამბო ? »
« არა, არ მსურს ვინმეს ვაფათურებინო ხელი ჩემს სულში… ის ისეთი ფაქიზია… არ მინდა მისი სიწმინდე, სიფაქიზე, მისი თავისთავადობა ვინმეს ბინძურ სიტყვებს დავარღვევინო… სული ღმერთის შექმნილი და მასში მხოლოდ ღმერთი უნდა იყურებოდეს მისი მოწყალე თვალებით… წავალ… წავალ… »
« სად წახვალ? დიდი ხანია იძახი « წავალ », მაგრამ ჯერ ისევ იმავე ადგილას დგახარ, ვერ ინძრევი, ნაბიჯს ვერ დგამ, ვერ მიიწევ წინ… ცხოვრება კი მიედინება, აჩქარებით მიედინება… ხან კალაპოტიდან გადმოსვლას ლამობს, ხან უსაშველოდ პატარავდება, მაგრამ ის მაინც განაგრძობს თავის სვლას… აი, შენ კი მხოლოდ სიტყვებს ამბობ, ამ სიტყვებში გაჩხერილხარ და ვერ დაგიხსნია თავი… ჰე, მიდი წადი. არც ისე ადვილი წასვლა… რთულია… არა, რთული კი არა შეუძლებელია წახვიდე, გაექცე საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ წარსულს… »
« შენ ვერ გამიგე. მე უბრალოდ წავალ იქ…”
“სად იქ? იქ ბევრი წასულა, ბევრი წასულა იმ წყვდიად სამყაროში, მაგრამ მერწმუნე
დაბრუნება ვერავინ შეძლო… თავის დახსნა სიკვდილში რომ იყოს მაშინ…”
“არა, შენ ისევ არ გესმის ჩემი, ოდნავადაც ვერ აგწევ შენ ჩემს ფიქრებამდე, ჩემს
სურვილებამდე, ვერც ჩემს სიტყვებამდე… გზას დავადგები და წავალ… აი, ამ გზას გავყვები…”
“რას გინდა მიაღწიო?ეს გზა სხვა გზას უერთდება, ის სხვა კიდევ სხვას და ასე გძელდება
უსაშველოდ. ალბათ საბოლოოდ ისევ აქ დაგაბრუნებს გზა. გზა… ჰმ… მიდი ექნებ ესეც სინჯო…”
“იცი, მე ამ გზამ რწმენა ჩამისახა. რწმენა კი ისეთივე ძლიერია , როგორც ღმერთი… მრწამს
ეს გზა გამიყვანს ნათელში, ეს გზა მანახებს იდეალს, ეს გზა მასწავლის ოცნებას და
დამარწმუნებს, რომ ოცნებებიც ხდება ამ ქვეყნად. მე კი ეს ძალიან მჭირდება… გესმის ?
მე ვიპოვნი ტაძარს… მე მივაღწევ ნათელს… გესმის ? ახლა რატომ აღარ მესმის შენი ხმა?
ნუთუ ისე წახვალ არაფერს მეტყვი? ახლა ადექი და შენ წახვედი? მაგრამ სად? ნუთუ დიდი ხანია მიხვდი სადაც ვაპირებდი წასვლას და დამასწარი? ნუთუ იქ გნახავ უსათუოდ? მითხარი « ჰო »
ან « არა »…
უსასრულოდ დიდი იყო გზა გასავლელი. ეკლიანი და გაუვალი. ტკივილით აღსავსე, ცრემლნარევი… აქა-იქ შავი ჩრდილები ამოჰყოფდნენ ხოლმე თავს, ჩემს ჩათრევას ცდილობდნენ ბნელეთში…
ხარხარებდნენ, მექაჩებოდნენ, ხახადაღებულ გველეშაპებს მაგონებდნენ. მერე კი როცა
ხელიდან დავუსხლტებოდი მოჰყვებოდნენ უსაშველო კივილს და ისევ წყვდიადში იკარგებოდნენ…
სულ ცოტაც, სულ ცოტაც და მივაღწევ საწადელს. სისხლიან ცრემლებს მთელი სხეული დაენამათ და ვგრძნობდი ტკივილს ხორცისას. და ტაძარს აცისკროვნებდა ნათელი გვირგვინისა… მაცხოვრის ტკივილით აღსავსე სახემ გამინათა გზები… თვალებში კი უდიდესი ნათელი ჩასდგომოდა და თავისკენ მიხმობდა. ცოტაც და… მე კი თავდახსნილი აღმოვჩნდი საკუთარი ტკივილებისგან…
სამყარო ბრწყინვალე სხივებით გასხივოსნებულიყო, და თავდახსნა ადამიანური სისიუსტეებისგან უფალთან მიახლოებაში მდგომარეობს… უფალი ყოველ ჩვენგანშია და დაღუპვის უფლებას არ გვაძლევს. სიყვარულით შეგვქმნა და სიყვარულით გვიშვებს, გვიღებს თავის სამყაროში. მთავარია ადამიანი მიჰყვეს მის ნებას… სიყვარულია ამ ცხოვრებაში ადამიანის უმაღლესი დანიშნულება, სიყვარული ხომ თავად ღმერთია…
გამომგზავნი/ავტორი: ანა ჟორჟოლიანი