ჩვენ ყველას გვსურს ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით, გვსურს კარგი სამსახური და წარმატებული ბიზნესი, გვინდა დავქორწინდეთ ჩვენთვის სასურველ ადამიანზე, შევქმნათ უზრუნველი ოჯახი და გვყავდეს “სასახელო” შვილები. გვინდა გვყავდეს მეგობრები რომლებიც გვერდში დაგვიდგებიან , გვინდა პრობლემები სამუდამოდ გაქრნენ ჩვენი ცხოვრებიდან და გვქონდეს ყველაფერი რაც კი გვჭირდება იმისათვის,რომ ბედნიერად ვიგძნოთ თავი.
მოკლედ, ყველას გვსურს “კარგი ცხოვრება”, ეს ჩვენს ბუნებაშია. დაგეთანხმებით და შეიძლება “კარგი ცხოვრების” განმარტება ინდივიდუალური იყოს თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს იგი თქვენთვის, ამ განმარტებას მაინც აქვს ერთი საერთო კრიტერიუმი: არავის გვსურს სტრესული ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, არ გვინდა ვიბრძოდეთ ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე.
სამწუხაროდ არსებობს ბევრი რამ, რაც ამგვარი ცხოვრებით ცხოვრებაში გვიშლის ხელს – ფაქტია, ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე.
ცხოვრება რთულია – შეიძლება ჩვენი უფროსი არც ისე სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდეს. შეიძლება ძალზედ რთული სამუშაოს შესრულება მოგვიწიოს იმისათვის, რომ ლუკმაპური ვიშოვნოთ. შეიძლება ხშირად მოგვივიდეს უსიამოვნებები თანამშრომლებთან. შეიძლება ყოველთვის ვერ მივიღოთ ჩვენი შრომის საკადრისი ანაზღაურება და დაფასება.
ცხოვრება რთულია – შეიძლება ჩვენი შვილები ყოველთვის იმ გზას არ გაჰყვნენ ჩვენ რომ გვსურდა, შეიძლება ჩვენი მეუღლე არ აღმოჩნდეს ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც გვეგონა როდესაც მასზე ვქორწინდებოდით. შეიძლება ჩვენი სახლი არ იყოს ადგილი, რომელზედაც ყოველთვის ვოცნებობდით, შეიძლება არც ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთი კარგი მეუღლე, როგორც ვფიქრობდით ვიქნებოდით.
ცხოვრება რთულია – ბიზნესის მართვა არც ისე იოლია, როგორც ერთ დროს გვეგონა. ფულს არავინ მოგცემს ადვილად, იმ შემთხვევაშიც კი როცა ჩვენი პროდუქტი ხარისხიანია, დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიწევს მის გასაყიდად.
ახლა, შეგიძლიათ თქვენც გააგძელოთ ამგვარი წინადადების ჩამოწერა – ვფიქრობ დიდი სია გამოგივათ.
ეს ნორმალურია. ცხოვრება მართლაც ასეთია. ცხოვრება რთულია და უნდა გაბედულად გავუსწოროთ თვალი რეალობას,თუმცა ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ: აღიარება იმისა, რომ ცხოვრება რთულია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა უბრალოდ მივჰყვეთ დინებას.
როგორც იტყვიან “ყველა მონეტას ორი მხარე აქვს” და თუ ახლა ჩვენი მონეტის ერთ მხარეს აწერია სიტყვები “ცხოვრება რთულია”, მეორე მხარეს შეგვიძლია წავიკითხოთ:
“ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ იგი უკეთესი!”
სწორედ ამიტომაა ცხოვრება საინტერესო: ნეტა ვის სურს იცხოვროს იმდენად მოსაწყენი ცხოვრებით, სადაც ყველაფერი იდეალურად იქნება?! სიცოცხლის მიმზიდველობა, სწორედ მის სირთულეში მდგომარეობს – იმის შესაძლებლობაში, რომ გავხადოთ იგი უკეთესი და ამ მარათონში მხოლოდ ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა ჩვენს მოქმედებებზე და იმაზე, თუ როგორ პასუხს გავსცემთ ცხოვრებისეულ სირთულეებს.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ შეცვალოთ ჩვენი ცხოვრება – გავხდეთ უკეთესი დაქირავებული, ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, ვიშრომოთ უფრო პატიოსნად და უბრალოდ დავიმსახუროთ და მოვიპოვოთ უკეთესი სამსახური.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ შეცვალოთ ჩვენი ცხოვრება– ვისწავლოთ როგორ ავღზარდოთ უკეთესი შვილები, მივსცეთ მათ პიროვნული მაგალითი, გავხდეთ უკეთესი მეუღლე – შევქმნათ ბედნიერი ოჯახური გარემო.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ შეცვალოთ ჩვენი ცხოვრება – ვისწავლოთ როგორ ვმართოთ ბიზნესი, გავზარდოთ ჩვენი კავშირები, განვითარდეთ და შევიძინოთ თვისებები, რომლებიც წარმატებული ბიზნესის მართვისთვის გვჭირდება.
როგორც ხედავთ ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაზე აქვს პასუხისმგებლობა ჩვენ ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია შეცვალოთ სხვა ადამიანები. მოდით ავიღოთ ქორწინების მაგალითი, თუ შეამჩნიეთ მე არ მითქვამს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ჩვენი ცოლი/ქმარი იდეალური მეუღლე, მე ვთქვი, რომ ჩვენ თავად უნდა გავხდეთ ასეთი ადამიანი. და როგორი მაგალითიც არ უნდა მოვიყვანოთ, ყველა იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრება რთულია და სწორედ ეს ფაქტი მოითხოვს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მას.
ჩვენ გვაქვს არჩევანი
არა აქვს მნიშვნელობა როგორ სიტუაციაში ვართ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი ან ვეცადოთ უკეთესობისკენ შევცალოთ ჩვენი ცხოვრება ან უბრალოდ შევეგუოთ ყველაფერს და მივყვეთ მის დინებას. თუმცა მხოლოდ მაშინ როცა ამ ნაბიჯს გადავდგამთ, აღმოვაჩენთ რომ ეს არც ისე რთული ყოფილა, როგორც ჩვენ გვეგონა. ალბათ ხშირად გონება იმაზე ფიქრითაც გვაქვს დაბინდული, რომ არჩევანი არ გაგვაჩნია.
მხოლოდ მას შემდეგ რაც ვაღიარებთ, რომ ცხოვრება რთულია, თვალებში შეხედავთ რეალობას და გავაანალიზებთ, რომ გვაქვს არჩევანი უკეთესობისკენ შეცვალოთ იგი, უკვე ვეღარ შეგვაშინებს მისი სირთულეები.
არ ვუარყობ – ცხოვრება რთულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო სიტყვა ჩვენ გვეკუთვნის!
4motivi.com