Skip to content

“ჩვენ ერთად ავალთ მწვერვალზე!”

ჩვეულებრივზე მეტად დატვირთული დღე იყო საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის. ათი ახალი პაციენტი მოეყვანათ და სუზანი (ექთანი) მთელი დილისა და შუადღის განმავლობაში მათ ემსახურებოდა. ამ დროს, ექთნის მეგობარი და ასისტენტი შერონი, ოთახებს ამზადებდა პაციენტებისთვის და მათ კომფორტზე ზრუნავდა. როდესაც მორჩნენ, სუზანმა შერონი მოძებნა და უთხრა: „მგონი დავიმსახურეთ დასვენება, წავიდეთ ვჭამოთ რამე.“

ისინი ერთ პატარა ხმაურიან კაფეში შევიდნენ და ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ პატარა მაგიდასთან. სუზანმა შეამჩნია, რომ შერონი ჭიქის გარშემო არსებულ სველ ადგილებს დაბნეულად წმენდდა თითებით. მას სახეზე ბევრად უფრო დიდი დაღლა ეტყობოდა, ვიდრე უბრალოდ მძიმე დღის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული.

„რატომ ხარ ჩუმად?“ – მდუმარება დაარღვია სუზანმა. „ხომ არ დაიღალე, ან სხვა რამ ხო არ გჭირს?“

შერონი ყოყმანობდა, თუმცა მეგობრის გულწრფელმა დამოკიდებულებამ, აიძულა სიმართლე ეთქვა: „არ შემიძლია, მთელი ცხოვრება ეს საქმე ვაკეთო, სუზან.. უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური უნდა ვიპოვნო, რომ ოჯახის შენახვა შევძლო. თავი ძლივს გაგვაქვს. ჩემი მშობლები, რომ არ მეხმარებოდნენ შვილების შენახვაში, ამასაც ვერ მოვახერხებდით.“

სუზანმა მეგობრის მაჯებზე სისხლჩაქცევები შეამჩნია.

„და შენი ქმარი რას აკეთებს?“

„არ ღირს მასზე საუბარი. სამსახური არ აქვს და უამრავი პრობლემის გარდა არაფერი გააჩნია.“

„შერონ, შენ კარგად ექცევი პაციენტებს და გიყვარს აქ მუშაობა. რატომ არ გსურს კოლეჯში წახვიდე და ექთნის კურსები გაიარო?“ – დაინტერესდა სუზანი. „ბევრი სტიპენდია არსებობს და დარწმუნებული ვარ, მშობლები სწავლის დროსაც შეგიწყობენ ხელს.“

„უკვე გვიანია ჩემთვის, სუზან. ძალიან ხნიერი ვარ კოლეჯისთვის. ყოველთვის მინდოდა ექთანი გავმხდარიყავი, ამიტომაც ავირჩიე ეს სამსახური – უბრალოდ პაციენტების მოვლის საშუალება მაინც მეძლევა.“

რამდენი წლის ხარ? – იკითხა სუზანმა.

„30–ს გადაცილებული.“

სუზანმა შერონს დალურჯებულ მაჯებზე მიანიშნა და უთხრა: „მეც ვიცი მსგავსი პრობლემების შესახებ, თუმცა ჩემო კარგო, არასოდეს არ არის გვიან გახდე ის, ვინც ყოველთვის გსურდა ყოფილიყავი. ნება მომეცი გითხრა, რატომ ვფიქრობ ასე.“

სუზანმა თავისი ცხოვრების იმ დეტალების თხრობა დაიწყო, რომლებზეც მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევების დროს საუბრობდა, როცა ფიქრობდა რომ ამით სხვას გაუწევდა დახმარებას.

„13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიქორწინე – 8 კლასში ვსწავლობდი.“

შერონი გაშრა.

„ჩემი ქმარი 22 წლის იყო, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოძალადე აღმოჩნდა. 6 წელი ვიყავით ერთად და მისგან 3 შვილი დამრჩა. ერთ ღამეს ჩემმა ქმარმა ისე მცემა, რომ ყველა წინა კბილი ჩამიტეხა. ბავშვებს ხელი მოვკიდე და სახლიდან წამოვედი.

სასამართლომ შვილებზე მეურვეობა მამას დააკისრა, იმ მიზეზით, რომ მე მხოლოდ 19 წლის ვიყავი და არ შემეძლო დამოუკიდებლად მერჩინა ისინი. ამას ისიც დაემატა, რომ ყოფილმა ქმარმა ბავშვები სხვა ქალაქში წაიყვანა და ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა ჩემთან.

სასამართლოს ვარაუდი მართალი აღმოჩნდა, ძალიან გამიჭირდა სამსახურის მოძებნა. დღედაღამ მიმტანად ვმუშაობდი და რძესა და კრეკერებს ვყიდდი. მაინც ყველაზე ძნელი სიცარიელე იყო ჩემს სულში. პატარა ერთ–ოთახიან ბინაში ვცხოვრობდი და მარტოობა მტანჯავდა. ვოცნებობდი ჩემი შვილების თამაში და სიცილი კიდევ ერთხელ მენახა.

სუზანი წამით შეჩერდა. ამდენი ხნის შემდეგაც მისი მოგონებები საშინლად მტკივნეული იყო. შერონს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

მალევე მიხვდი, რომ მიმტანობით შორს წასვლას ვერ შევძლებდი“ – გააგძელა სუზანმა. „შემდეგ ისევ დავქორწინდი და ქალიშვილი შემეძინა, რამაც ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა, ვიდრე ის კოლეჯში დაიწყებდა სწავლას.”

„შემდეგ კი ისევ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში, ვიდრე ერთ დღეს საავადმყოფოში არ აღმოვჩნდი. იმ დღეს დედაჩემს ოპერაცია გაუკეთეს. მე ვუყურებდი ექთნებს, რომლებიც მასზე ზრუნავდნენ და ვფიქრობდი, რომ მეც შემეძლო ამ მშვენიერი საქმის კეთება. პრობლემას იმაში ვხედავდი, რომ მხოლოდ 8 კლასის განათლება მქონდა. სკოლაში დაბრუნება კი უდიდესი მწვერვალის დაპყრობას ჰგავდა. მე მტკიცედ გადავწყვიტე პატარა ნაბიჯები გადამედგა ჩემი მიზნისკენ. საშუალო სკოლის ატესტატის აღება პირველი ნაბიჯი იყო. ჩემმა ქალიშვილმა ბევრი იცინა იმის გამო, რომ ჩვენი როლები მოულოდნელად შეიცვალა, თუმცა ასე იყო საჭირო.“

სუზანმა მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი და შერონს თვალებში ჩახედა: „46 წლის ვიყავი, როცა ატესტატი ავიღე.“

„შემდეგი ნაბიჯი ექთნის კურსების გავლა იყო. 2 გრძელი წლის განმავლობაში მრავალჯერ ვიტირე და დანებება ვცადე, თუმცა ოჯახი ამის საშუალებას არ მაძლევდა. მახსოვს, როგორ ვეუბნებოდი ჩემს ქალიშვილს: მე არ შემიძლია, 46 წლის ვარ მეთქი, მაგრამ შევძელი. ვერ გეტყვი რა ვიგრძენი, როცა პირველად ჩავიცვი ეს ფორმა.“

როდესაც სუზანმა თხრობა დაასრულა ხელი ჩაჰკიდა მეგობარს და უთხრა: „არ არის აუცილებელი გაუძლო ამ ტკივილს. ნუ იქნები მსხვერპლი, წინ წადი – წელში გაიმართე… შენ მშვენიერი ექთანი იქნები და ჩვენ ერთად ავალთ მწვერვალზე.“

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ტკივილი გექნებოდა გადატანილი, იმდენად პოზიტიური და ენერგიული ადამიანი ხარ.“ – თქვა შერონმა.

„როგორც ჩანს, უკვე ვაფასებ ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებს, – უპასუხა სუზანმა. „თუ მათ სხვის დასახმარებლად გამოვიყენებ, ჩანს არაფერიც არ დამიკარგავს. შერონ, დამპირდი, რომ ექთანი გახდები და შენს გამოცდილებას სხვა ადამიანებს გაუზიარებ..“

შერონი დაპირდა მეგობარს და რამოდენიმე წლის შემდეგ მართლაც გახდა ექთანი. ისინი ერთად მუშაობდნენ, ვიდრე სუზანმა დასვენება არ გადაწყვიტა.

ახლა ალბათ შერონი ზის მაგიდასთან, ხელში უჭირავს სხვა ადამიანების “დალურჯებული” სული და სხეული და ეუბნება მათ: „არასოდეს არ არის გვიან, ჩვენ ერთად ავალთ მწვერვალზე!“

ჯეკ კენფილდისა და მარკ ვიქტორ იანსენის წიგნიდან – „წიწილის სუპი სულისთვის – ანუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენი ოცნებებით.“

თარგმანი: 4motivi.com