Skip to content

ჩემი საუკეთესო წიგნი

წიგნის სამყაროში უამრავი ნაშრომი მოიპოვება, მკითხველის გულში ყველაზე ღრმა წერტილამდე რომ ჩაუხედავს და წარუშლელი კვალი დაუტოვებია ამა თუ იმ ღირსების გამო. თავის დროზე მარკ ტვენის ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“ გახდა მოტივაცია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩემში წიგნის სიყვარულსა და ინტერესს, თუმცა როცა საუბარია ნაწარმოებზე, რომელმაც ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ჩემს მსოფლმხედველობასა და ცხოვრებისეულ პრინციპებზე, პირველი, რაც თავში მომდის, ინგლისერი მწერლის ჯორჯ ორუელის (1903-1950) ფანტასტიკური რომანი ,,1984“ -ია. ეს არის რეალობაზე დამყარებული ფანტაზიის ყველაზე სრულყოფილი წარმოსახვა, სამყაროსეული ნაკლოვანებების მძიმე, მაგრამ უაღრესად ობიექტური აღწერა. მარქსისტული მოძღვრების მიმდევარი მწერლის მოღვაწეობა საპოლიციო კარიერით დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელიწადში მან პროტესტით დატოვა სამსახური და ესეისტურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ,,1984“-მა, რომლის სამუშაო სახელწოდებაც იყო ,,უკანასკნელი ადამიანი ევროპაში“, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. წიგნი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის სიმახინჯეს და მართვის იმ მექანიზმებს, რომლითაც ეს რეჟიმი ახერხებდა მისი ნებისადმი ადამიანთა სრულ დამორჩილებას. წიგნის ორიგინალურობა გამოიხატება იმაში, რომ სახელისუფლებო სისტემა ავტორის მიერ მოგონილი ისეთი ფანტაზიური ელემენტებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა სიყვარულის, დოვლათის, მშვიდობისა და ჭეშმარიტების სამინისტროები, აგრეთვე მაკონტროლებელი ორგანო – აზრის პოლიცია.

ეს არის სამყარო, სადაც ტერორით იმართება ადამიანის შეგნებული თუ გაუცნობიერებლად წარმოქნილი თითოეული აზრი, სადაც არ არსებობს თავისუფალი ნება, სადაც დასჯადია მიმიკაც კი, თუ მასში წინააღმდეგობის თუნდაც მინიმალისტური გამოვლინება მაინც იკვეთება, სადაც ჩახშულია გრძნობები და სქესთა შორის ურთიერთობის ერთადერთ მიზანს შთამომავლობის შექმნა წარმოადგენს, სადაც შვილები ჯაშუშობენ საკუთარი მშობლების წინააღმდეგ და სადაც ,,მტრის“ ჩამოხრჩობა კვირის ყველაზე საინტერესო და ხალხმრავალი მოვლენაა. ეს არის თავისუფლებაწართმეული სუბიექტისა და სრულად დეგრადირებული სულის სრულყოფილი აღწერა. რომანის მთავარი გმირი, უინსტონ სმიტი, ამ სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მისივე მსხვერპლად იქცევა, როგორც კი ინდივიდუალიზმის შეგრძნება უჩნდება და მოვლენათა გაანალიზებას იწყებს. ,,1984“ არის წიგნი, რომელიც ერთის მხრივ, სიამოვნების ნაცვლად, ტოვებს ტკივილისა და იმედგაცრუების შეგრძნებას, მაგრამ მეორეს მხრივ, კონტრასტულად წარმოგვიდგენს სოციალური უთანასწორობისა და ტოტალიტარული მმართველობის კატასტროფულ შედეგებს. ჩემი აზრით, ეს არის თემა, რომელიც აქტუალურია ნებისმიერ ეპოქაში, ადამიანთა ცხოვრების ნებისმიერ სტადიაზე. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ღირებულება – დაპირისპირება კეთილსა და ბოროტს, ,,მაღალსა“ და ,,დაბალს“ შორის, უკონტროლო ძალაუფლების გამანადგურებელი ეფექტი, ძალადობრივ მმართველობას შეწირული ხელოვნება, კულტურა, საზოგადოება.. ჩემთვის ეს წიგნი ფუნქციურად უდიდესი დატვირთვის მატარებელია გონებრივი, ზნეობრივი თუ ფიზიკური თავისუფლების თვალსაზრისით და ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს ნებისმიერი მკითხველის პირად ბიბლიოთეკაში.

ხატია ჩხეტიანი