ალბათ კარგად გეცნობათ შტეფან ცვაიგის რომანი „მარიამ სტიუარტი“. მარიამი დაბადებიდან შოტლანდიის დედოფალი, 1559 – 1560 წწ. საფრანგეთის დედოფალი (როგორც ფრანსუა II-ის მეუღლე) და ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ერთ–ერთი პრეტენდენტი იყო. ის ცნობილი გახდა თავისი ტრაგიკული ისტორიით, რომელიც სხვადასხვა მწერალმა აღწერა საკუთარ ნაწარმოებში. ერთ–ერთი განსაკუთრებული და შთამბეჭდავი რომანი შტეფან ცვაიგს ეკუთვნის. ის შესავალში ასე აღნიშნავს თავისი გმირის შესახებ: „ სამას წელზე მეტია, დიდი გატაცებით მსჯელობენ, ვერ გადაუწყვეტიათ, დამნაშავეა თუ უდანაშაულო… სინამდვილეს იმდენი ტყუილი ურევია, ფაქტებს კი გამონაგონი, კაცს სხვადასხვა შეხედულება ექმნება.“
ამ უამრავი ტყუილ–გამონაგონის ფონზე მწერალი ახერხებს საუკუნეების შემდეგ მკითხველს მხატვრული ოსტატობითა და დამაჯერებლობით წარმოუდგინოს დაუმარცხებელი სულის მქონე უმშვენიერესი დედოფლის ტრაგედია. ფოტერინგის ციხის ეშაფოტით რომ დასრულდა.
გამონათქვამები რომანიდან :
„ბუნებით მეტად პატიოსანს ტყუილის თქმა არ შეეძლო. მაგრამ ისწავლა პირმოთნეობა და ეშმაკობა. ხალხთან მუდამ სამართლიანი და პირდაპირი, მთელ ნიჭს იმაში იყენებდა, რომ მტრების ხრიკები მათივე წინააღმდეგ გამოეყენებინა. ზოგჯერ ადამიანი ერთ დღეში ისწავლის იმას, რაც თვეებისა და წლების განმავლობაში ვერ ისწავლა.“
„სიყვარულს ბევრი რამ შეუძლია, მას შეუძლია ადამიანს არნახული, ზე ადამიანური ენერგია მისცეს. ყველაზე გულგრილს ტიტანური ძალა შემატოს, დაარღვევინოს დაკანონებული ზნეობის ყველა ნორმა და ფორმები, დანაშაული ჩაადენინოს.“
„ცხოვრებაში გარეგანი და შინაგანი დრო პირობითად ემთხვევა ერთმანეთს. სულის საზომს მხოლოდ განცდათა სისრულე წარმოადგენს. იგი თავისებურად ითვლის შინაგან განვლილ საათებს.“
„მხოლოდ სუსტი ბუნების ადამიანები ემორჩილებიან და ივიწყებენ ყველაფერს, ძლიერნი კი ბობოქრობენ და უთანასწორო ბრძოლაში ებმებიან ყოვლისშემძლე ბედთან.“
„იქ, სადაც უნდობლობა არსებობს, ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, უვნებელი ალის ყოვლისშთანთქმელ ხანძრად გადასაქცევად.“
„თავდავიწყებით შეყვარებულ ყმაწვილს გონივრული განსჯა რომ მოსთხოვო, ეს იმას ნშნავს, მზე ეძებო ბნელ ღამეში.“
„ასე ხდება ხოლმე, მსოფლიო ისტორია იწერება უსამართლო და ასოციალური პოზიციებიდან, რადგან თითქმის ყოველთვის გვიჩვენებს მბრძანებელთა ტანჯვას, ზეიმს, ტრაგედიას ძლიერთა ამა ქვეყნისათა. გულგრილად უვლის გვერდს იმათ, ვინც წყვდიადში იყინება, თითქოს სატანჯველი და წამება, ერთნაირად არ ფლეთდეს ყველა ცოცხალ სხეულს.“
„ისტორია მუდამ დუმს ცოცხლებზე და მხოლოდ მათ მიერ ამქვეყნიური გზის გასრულების შემდეგ აწონ– დაწონის შთამომავლობათა წინაშე მათ საქმეებს.“
დღეს მარიამ სტიუარტის დაბადების დღეა.
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა