Skip to content

   დაკვირვებიხართ სელფერების ფოტოებს? რა აერთიანებს მათ უმრავლესობას? რა და სელფერების ღიმილი. ღიმილი, რომლითაც სამყაროს იწვევენ და ბრძოლას უცხადებენ ცხოვრებას.. საზოგადოებას უზიარებენ, რომ უზომოდ ბედნიერები არიან.. ფოტო კაშკაშებს, ციმციმებს, ყველაფერ დადებითს ასხივებს, ენერგიის ვიზუალიზაციას ახდენს, სამყაროს მუხტავს და უბრუნებს ვალს, რათა ქვეყანაში ატმოსფერო განიწმინდოს და უფალი დურბინდით არ ეძებდეს ქართველებს.. ეს თანამედროვე საქართველოა..

თანამედროვე ციფრული ფოტო-კამერით აღჭურვილი ტელეფონი 90-იანებს რომ მოსწრებოდა, ობიექტივს, როგორც გულს თვითონვე ამოიგლეჯდა და მტკვარში მოისვრიდა. იცით რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება ღიმილის მწვავე დეფიციტს განიცდიდა.
წარმოიდგინეთ, მტვრიან და ნაგვიან ქუჩებში მოსიარულე მოქალაქეთა გასაცოდავებული სახეები, რომლებიც ყოველთვის ქვემოთ – მიწისკენ იყო მიმართული.. ლუკმა-პურის შოვნაზე ფიქრს ადამიანის გონება, სული სხეული დაეცარიალებინა.. მიდიოდა ბრძოლა გადარჩენისათვის.. გაჭირვებული კაცის სახლს პირველყოფილი წინაპრების მღვიმისგან მხოლოდ 90 გრადუსიანი კუთხე და გაუქმებული ლიპტიღა განარჩევდა. ქალაქი თბებოდა შეშით, საჭმელს აკეთებდა შეშაზე და ნათდებოდა ცეცხლით.. ბავშვობაში აღმოვაჩინე, რომ პატარა ჯოხზე გაღვივებული ნაკვერჩხალი თავისებურ სინათლეს გამოსცემდა და მეგონა კაცობრიობას ახალი ენერგიის წყარო აღმოვუჩინე ?

საერთოდ რა ღიმილზე იყო ლაპარაკი? სასოწარკვეთილება გახლდათ წვეულების დედოფალი, რომელსაც ბოროტი დამჭკნარი დედაბრის სახე მიეღო და ცეკვავდა ყველგან, სადაც ნამცეცს ეძებდნენ ბავშვის გადასარჩენად.. ეს დედაბერი ასე ეთამაშებოდა პატარებს:

– პატარავ გინდა პურის ნატეხი?
– კი, ძალინ მინდა ბებია.. მუცელი მტკივა..
– ჯერ მამაშენმა თავი მოიკლას და მის ქელეხში მოგცემ პურსაც, ფლავსაც და მოხარშულ ხორცსაც..

მაგრამ მამა ჯერ თავს არ იკლავდა.. მას საქმე ჰქონდა.. ცოლის სამჯერ გაკემსილი ,,კალგოტკა” გადაეცვა თავზე, ბებუთისთვის მაგრად მოეჭირა ოფლიანი მარჯვენა და ფეხათრევით მიდიოდა სხვისი მაცივრის დასაყაჩაღებლად.. და იმ სხვასთანაც იზრდებოდნენ ბავშვები..

ალბათ თქვენც გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა, თუ სად იყო ცოლი გადაწყვეტილების მიღების მომენტში? რატომ არ გადააფიქრებინა ქმარს ეს გადაწყვეტილება? მას სხვა გზა აღარ ჰქონდა. როგორი მარტივიც არ უნდა მოგეჩვენოთ, მიზეზი გამოუვალი სიტუაციაა. ბავშვი კვდებოდა. მისი საცოდაობით დედა იშრიტებოდა. სწორედ მან დატოვა საწოლზე ,,კალგოტკა”, სწორედ მან ,,დაიბრმავა” თვალები მეუღლის ქამარში ბებუთის დანახვისას. ქმრის წასვლამდე ქალი იატაკს დასჩერებოდა.. კაცმა კარები გაიხურა თუ არა, ქალს ისტერიკული ტირილი წასკდა.. ბალიშს სახეზე იფარებდა, მშიერი ბავშვი რომ არ გაეღვიძებინა..

მე თუ მკითხავთ, საქართველოში უნდა არსებობდეს ,,ქართველი დედის მუზეუმი” და ის ბალიშიც ამ მუზეუმში ინახებოდეს, როგორც ინახება ქრისტეს კვართი, რომელზეც სამუდამოდ აღიბეჭდა ქრისტეს ხატება. მარილიან ბალიშს სპეციალური ხსნარებით თუ დავამუშავებთ დავინახავთ ტილოზე ნათლად აღბეჭდილ, გამოკვეთილ ქართველი დედის სახეს.. სასოწარკვეთილება, ტანჯვა, ცხოვრების უკუღმართობასთან შერკინება პატარას და ოჯახის გულისთვის.. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონთვალია იმ გადატანილ-განცდილისა, რასაც ეს ბალიში დაიტევდა.. დარწმუნებული ვარ ღვთისმშობელსაც იგივე განცდები ექნებოდა შვილის წამებისას, რაც იმ ქართველ დედას ჰქონდა შვილის საწოლთან დამხობილს..

– მივალ, უბრალოდ შევაშინებ, – ფიქრობს მამა.. და ხელის კანკალით აკაკუნებს კარზე. მან არც კი იცის ვის ეკუთვნის ეს სახლი.. ( შემთხვევითი ამორჩევის მეთოდი)
– ვინ არის? -შეშინებული კითხულობს მასპინძელი..
– გთხოვთ დამეხმაროთ, მშია.. ( მათხოვრობა მოდაშია! )

რამდენიმე წუთში ფრთხილად იღება კარი.. სტუმარი ფეხს ურტყავს კარებს, სახლში ვარდება და ბებუთს მუცელზე აბჯენს წაქცეულ მასპინძელს.. ( სიკეთის წილ ბოროტება – ცხოვრებისგან მოტანილი ფენომენი, რომელსაც მილიონი ახსნა შეიძლება გამოუძებნო და მაინც ვერ ჩასწვდე ჭეშმარიტ მიზეზს ).. რატომღაც ბრმად ზალისკენ მიიწევს.. შედის და წამის მეათასედში შეშდება.. სისხლი ძარღვებში ეყინება.. გადაფითრებულ მხეცს ემსგავსება.. ბებუთი ხელიდან უვარდება..  სული უკივის – დემონოოოო!!!

ზალაში მომცრო კუბოა და კუბოში ბავშვია დასვენებული…

მშობლებს წამლის ფული არ ჰქონდათ, რათა ბავშვისთვის გართულებულ ფილტვების ანთებაზე ემკურნალათ… მაგრამ მამამისი სხვის დასაყაჩაღებლად მაინც არ წასულა !!!

აი ცხოვრების უკუღმართობა, რომელმაც მომნუსხველი ტრაგედია შექმნა.. შთამბეჭდავი იყო უბედურება მასში და სიკვდილსაც ძლევამოსილების გვირგვინი დაედგა თავზე…

… ამ ამბებიდან რამდენიმე დღეში ფონიჭალის ტყეში კაცი იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი… იქვე, ლოდზე ქაღალდში გახვეული ,,კალგოტკა” და ბებუთი იდო.. ქაღალდზე ეწერა:

” მშვიდობით, საყვარელო მეუღლევ. მე უსუსური აღმოვჩნდი. გიოს გაურთხილდი და გადაეცი, რომ უზომოდ უყვარს მამამისს. ის იმსახურებს ბედნიერ მომავალს. დაე ბედნიერებისგან მარად იღიმოდეს…”

მე ვარ ის ბიჭი, რომელიც იმ დროებაში გაიზარდა და ეს ბიჭი მოგიწოდებთ, გთხოვთ, მუხლებზე დავარდნილი გემუდარებათ, რომ დააფასოთ ღიმილი და მშვიდობა… ქართველებო გამოიყენეთ დროება, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ასეთ ტრაგედიებს არ გთავაზობთ და მშვიდად ცხოვრების გარანტიას გაძლევთ.. ეცადეთ, იშრომეთ, იღვაწეთ, იმოქმედეთ, რათა ყოველდღე უფრო გაბედნიერდეთ, რათა დახატოთ ბედნიერება, დაწეროთ ბედნიერებაზე, შექმნათ უფრო ბედნიერი მომავალი უფრო ძლიერი საქართველოსთვის..

დაე, ყოველი ჩვენგანი იყოს ის ღიმილიანი სელფერი, რომელიც საქართველოს ისტორიის ალბომში ჩააკრავს ბედნიერების ულამაზეს კადრებს ❗❗❗

გ.ეპიტაშვილი